Monthly Archives: მარტი 2012

ოკეანოსი

   ოკეანოსი (ბერძნ. Ὠκεανός) ბერძნულ მითოლოგიაში არის ღვთაება, რომელიც მსოფლიო ოკეანეს განასახიერებს. იგი ურანოსის და გეას შვილი და თავისი დის თეტისის ქმარი იყო. ოკეანოსს ყავდა სამი ათასი ვაჟიშვილი და ქალიშვილი. მისი წყლებიდან გაჩნდა ცხენი პეგასიც. ტიტანების ბრძოლაში ზევსის წინააღმდეგ მას მონაწილეობა არ მიუღია და ამიტომაც მოახერხა თავისი ძალაუფლების შენარჩუნება. მან გააჩინა ასევე ზევსის პირველი ცოლი მეტიდა. იგი გამოირჩევა თავისი მშვიდობისმოყვარეობითაც. მან მოახერხა ზევსი პრომეთესთან შეერიგებინა. ოკეანეს უკიდურესი დასავლეთით ითვლებოდა რომ სიკვდილის საუფლო იწყებოდა. იგი იწოდებოდა მთელი ზღვის წყლის მეფედ, თუმცა ახალმა ღმერთმა პოსეიდონმა დაჩრდილა და ხმელთაშუაზღვის მეფე გახდა ხოლო ოკეანოსს უფრო ატლანტის ოკეანესთან მოიხსენიებდნენ.

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

ტიტანები

   ტიტანები (ბერძნ.Τιτᾶνες) იყვნენ ღმერთების მეორე თაობა ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) შვილები. ისინი მეფობდნენ „ოქროს ხანის“ პერიოდში. სულ იყვნენ თორმეტნი ექვსი და და ექვსი ძმა, შემდეგ ისინი შეჯვარდნენ და გააჩინეს ისეთი ღმერთები როგორიცაა ჰელიოსი, პრომეთე, მუზები, ლეტო (ლატონა) და სხვა.

33ტიტანები ნახსენები არიან ისეთ ნაწარმოებებში როგორიცაა ჰესიოდეს თეოგონია და ბრმა თრაკიელი პოეტის თამირისის „ტიტანომაქია“ (ტიტანებისა და ოლიმპიელების ბრძოლა, რომელიც ოცი წლის განმავლობაში გრძელდებოდა).

მამრობითი: ოკეანოსი                        მდედრობითი: თეტისი

………………ჰიპერიონი                                              თეია

………………კოოსი                                                     ფებე

………………კრონოსი                                                 რეა

………………იაფეტი                                                   თემიდა

………………კრიოსი                                                    მნემოზინა

Categories: ტიტანები | დატოვე კომენტარი

სალმონეუსი

   სალმონეუსი (ლათ.Salmoneus ,ბერძნ. Σαλμωνεύς) ბერძნულ მითოლოგიაში იყო ეოლესა და ენარეტის შვილი, ალკიდიკას ცოლი (სიდერო მეორე ცოლი) და ტიროს შვილი. ატამასის, სიზიფეს, კრეფეუსის, პერიერის, დაიონეუსის, კანაკას, ალკიონასა და პერიმედეს ძმა.სალმონეუსი და სიზიფე ვერ იტანდნენ ერთმანეთს და ერთხელაც სიზიფე ორაკულს მისი ძმის მოსაშორებლად რჩევისთვის დაეკითხა. ორაკულმა იწინასწარმეტყველა, რომ თუ სიზიფე სალმონეუსის შვილს თიროს მოიყვანდა, მათი შვილები სალმონეუსს მოკლავდნენ. თირო დათანხმდა ცოლობაზე, თუმცა როდესაც წინასწარმეტყველების შესახებ შეიტყო თავისი ვაჟიშვილი მოკლა. შემდგომ თიროს პოსეიდონთანაც ეყოლა შვილები პელიასი და ნელეუსი.

333სალმონეუსი თავიდან ცხოვრობდა ფესალიაში, შემდეგ გადავიდა ელიდაში და ალფეას მდინარის მახლობლად დააარსა ქალაქი სალმონია. მან ღმერთთა მეფე ზევსი შეურაცხყო და დასცინა. იგი ზევსის იმიტირებით გამოსცემდა გრუხუნის ხმას და ჩირაღდნებით ანათებდა როგორც ელვა. ასევე, იასონის მამას ესონს თავი ზევსად მოაჩვენა და აჩუქა თასი. ამ ყველაფრისთვის ზევსმა იგი დასაჯა და ტარტაროსში გაგზავნა, ხოლო მისი ქალაქი მაცხოვრებლებთან ერთად გაანადგურა. ცოცხალი დატოვა მხოლოდ სალმონეუსის ქალიშვილი თირო.

Categories: ტარტაროსის ცოდვილები | დატოვე კომენტარი

ტიტიუსი

   ტიტიუსი (ლათ.Tityos, ბერძნ. Τιτυός) ზევსისა და ელარეს შვილი ხთონური ქმნილებაა. ზევსმა ჰერას რისხვისაგან დასაცავად თავისი საყვარელი ბავშვთან ერთად გადამალა გეას სიღრმეებში.ტიტიუსი იმხელა გაიზარდა რომ ელარეს საშვილოსნო გაუხეთქა და გეას მოუწია მისი გამოზრდა. კუნძულ ევბეაზე ახალშობილ ტიტიუსს ნახულობდა პოსეიდონის საყვარლის ევროპას მამა რადამანტი. მოგვიანებით შურისმაძიებელმა ჰერამ ტიტიუსს ჩაუსახა ვნება ზევსის საყვარლის ლატონას / ლეტოს მიმართ. გოლიათი შეეცადა მას ტროას ცხენის გამკეთებლის ეპეუსის მამის პანოპეის თასში დაუფლებოდა, მაგრამ ლატონამ თავის შვილებს აპოლონსა და არტემიდას დაუძახა და აპოლონმა ტიტიუსი ისრით განგმირა. ჰომეროსის თანახმად ეს ამბავი მოხდა პანოპეის მდელოზე და ტიტიუსი ტარტაროსში აღმოჩნდა დასასჯელად. სადაც მას ძერები ღვიძლს და გულს უგლეჯდნენ, ხოლო მთვარის ზრდასთან ერთად ისინი ხელახლა უმთელდებოდა. ლატონას, არტემიდასა და აპოლონის ტიტიუსის განმგმირავი სკულპტურები მდებარეობდა დელფოსში. მისი გამოსახულება იყო ლაკონიის ტახტზეც. ეფორების გადმოცემით ტიტიუსი მოძალადე და კანონდამრღვევ პიროვნებად გვევლინება. კუნძულ ევბეაზე შემორჩენილია ტიტიუსის ტაძარი და ელარეს გამოქვაბული.

Categories: ტარტაროსის ცოდვილები | დატოვე კომენტარი

დანაე და დანაიდები

333ეპაფეს შთამომავალს – ბელეს ორი ვაჟიშვილი ჰყავდა – ეგვიპტოსი და დანაე. მთელ იმ მხარეს, რომელსაც მდინარე ნილოსი რწყავს, ეგვიპტოსი ფლობდა; მისგან მიიღო ამ მხარემ სახელწოდება – ეგვიპტე. დანაე ფლობდა ლიბიას.

333ეგვიპტოსს ჰყავდა ორმოცდაათი ვაჟიშვილი, ხოლო დანაეს ამდენივე ქალიშვილი. ასე მრავალრიცხოვანი იყო მშვენიერი იოს შთამომავლობა. მაგრამ ქალღმერთ ჰერას ჯერ კიდევ ახსოვდა ის შეურაცხყოფა, რომელიც იომ მიაყენა მას ყოვლისშემძლე ზევსთან კავშირის დაჭერით. ამიტომ ჰერა იოს შთამომავლობასაც სასტიკად სდევნიდა და ყოველგვარ უსიამოვნებას აყენებდა. ჰერას შთაგონებით მეფე ეგვიპტოსმა ომი გამოუცხადა თავის ძმას დანაეს, სძლია იგი და სამეფო ტახტი წაართვა. ეგვიპტოსის ვაჟიშვილებმა გადაწყვიტეს დანაეს ქალიშვილების ცოლად შერთვა. მაგრამ დანაიდები გადაჭრით უარზე იდგნენ. მათ ყოვლად შეუძლებლად, დაუშვებლად მიაჩნდათ ასე ახლო ნათესავებთან დაეჭირათ ცოლ–ქმრული კავშირი. ეგვიპტიდებმა, როცა დანაიდებისაგან გადაჭრილი უარი მიიღეს, გადაწყვიტეს ძალმომრეობისათვის მიემართათ. ყოველგვარ უსიამოვნების თავიდან ასაშორებლად დანაემ და მისმა ქალიშვილებმა გადაწყვიტეს სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინათ.

333საბრალო მამამ სასწრაფოდ გამოაწყო ორმოცდაათ ხოფიანი ხომალდი და თავის ქალიშვილებთან ერთად შორეულ ქვეყნისაკენ ააფრიალა იალქნები. ხომალდი ელვის სისწრაფით სერავდა ზღვის აბობოქრებულ ზვირთებს და ლტოლვილებს შორეული ქვეყნისაკენ მიაცურებდა. მცირედი მოგზაურობის შემდეგ დანაე და დანაიდები მიადგნენ კუნძულ როდოსის ამწვანებულ ნაპირებს. კუნძულ როდოსზე ღმერთების მოშიშარმა ლტოლვილებმა ქალღმერთ ათენას სახელობაზე ააგეს მშვენიერი ტაძარი და ამ კუნძულზე სამუდამოდ დაამყარეს ამ ქალღმერთის კულტი. კუნძულ როდოსიდან დანაემ შეაცურა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში და ელვის სისწრაფით გაემართა თავისი წინაპრის, უმშვენიერესი იოს, სამშობლო არგოსისაკენ. დანაემ და დანაიდებმა უვნებლად შეაცურეს ხომალდი არგოსის ნავსადგურში და დაუყოვნებლივ გამოვიდნენ ზღვის თვალწარმტაც ნაპირებზე. დაშინებული ლტოლვილები, დაფნის ხის ფოთლებით თავზე ჩამოფარებულნი, ერთ–ერთი ტაძრის საკურთხევლის კვარცხბეკზე ჩამოსხდნენ და ამრიგად სურდათ მოეპოვათ ამ უცხო ქვეყანაში დაცვისა და ხელშეუხებლობის უფლება.

333არგოსის ძლევამოსილი მეფე პელაზგემ, როგორც კი გაიგო უცხო სტუმრების მოსვლა, დაუყოვნებლივ გაემართა ტაძრისაკენ ჯარისკაცებისა და თავისი ამალის თანხლებით. მეფემ გამოკითხა ტაძარში თავშეფარებულებს არგოსში მოსვლის მიზეზი. დანაემ დაწვრილებით მოახსენა მეფეს, რომ თავისმა ღვიძლმა ძმამ უსამართლოდ ჩამოართვა სამეფო ტახტი, მოძალადე მეფის ვაჟიშვილებმა ამავე დროს განიზრახეს ძალდატანებით ჩემი ქალიშვილების ცოლად შერთვა, რის გამოც იძულებული შევიქენით სამშობლო მხარე დაგვეტოვებინაო. უეჭველია, დასძინა დანაემ, მოძალადე ბიძაშვილები სადაცაა მოვლენ თავისი ჯარებით არგოსშიც და შეეცდებიან ძალდატანებით წაიყვანონ ჩემი ქალიშვილებიო. თვალცრემლიანმა დანაიდებმა მიმართეს ძლევამოსილ არგოსის მეფეს: „ დიდებულო მეფეო, გთხოვთ დახმარება აღმოგვიჩინოთ და მოსალოდნელ განსაცდელს გადაგვარჩინოთ! დიდებულო მეფეო, თუ თქვენ ჩვენს გულწრფელ თხოვნას არ შეიწყნარებთ, ყველანი აქვე, ამავე ტაძრის კვარცხლბეკზე ყელებს გამოვიჭრით და უსინდისო მოძალადეებს ცოცხალი ხელში არ ჩავუვარდებით!“ მეფე პელაზგეს ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ერთის მხრივ მეფეს ეგვიპტიდების ძლევამოსილი მხედრობის ეშინოდა, მეორეს მხრივ კი ყოვლისშემძლე ღმერთების რიდი და პატივისცემა მოითხოვდა ლტოლვილებისათვის საჭირო შველა და დახმარება აღმოეჩინა. დიდი ფიქრისა და ბჭობის შემდეგ მეფემ საბოლოოდ გადაწყვიტა ტაძარში შეხიზნული ლტოლვილებისათვის, რადაც უნდა დაჯდომოდა, დახმარება აღმოეჩინა და თავის სახელმწიფოში უშიშრად შეეკედლებინა. ეგვიპტიდების უამრავი ჯარი, რომელსაც მოუძღოდნენ დანაეს ძმისწულები, სამკვდრო–სასიცოცხლოდ ეკვეთა მეფე პელაზგეს მხედრობას.

333ატყდა საშინელი ბრძოლა. მეომრები სისხლის ღვარს აყენებდნენ ბრძოლის ველზე. მთელი დღის განმავლობაში ეს საშინელი და საბედისწერო ბრძოლა ოდნავადაც არ შენელებულა. დახოცილთა გვამები უთავბოლოდ ცურავდნენ ბრძოლის ველზე დაყენებულ სისხლის მორევში. დაჭრილთა და დასახიჩრებულთა კვნესა, გმინვა მთელს არემარეს აყრუებდა და ბრძოლის ველზე ჯოჯოხეთურ საშინელებას ატრიალებდა. საღამო ჟამს ეგვიპტიდების ძლევამოსილმა მხედრობამ სძლია პელაზგეს მიერ ბრძოლის ველზე გამოყვანილ თავგანწირულ მეომრებს. ამრიგად ამ საშინელსა და სამკვდრო–სასიცოცხლო ომში გამარჯვება ეგვიპტიდების მხედრობის მოძალადე სარდლობას ხვდა წილად. პელაზგე საბოლოოდ დამარცხდა. მხედრობამ იარაღი დაჰყარა და მტერს დამორჩილდა.არგოსელების მხედრობამ მეფედ დანაე აირჩია, როგორც მშვენიერი იოს ძლევამოსილი შთამომავალი .პელაზგე გადასხლდა სახელმწიფოს ჩრდილოეთ ნაწილში და იქ გაიჩინა ახალი სამფლობელო. დანაე, თავისი სამეფო ტახტი რომ განემტკიცებინა, იძულებული შეიქნა მოძალადე ძმისწულების მიერ წამოყენებული პირობები მიეღო. მოძალადეები ზავის შეკვრას თანხმდებოდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დანაე თავის ქალიშვილებს მათ მიათხოვებდა. დანაე ძალას დაემორჩილა და ასეთ შეუწყნარებელ პირობაზე თანხმობა განაცხადა. მოძალადეებმა შეირთეს დანაეს ქალიშვილები და ქორწილიც გადაიხადეს. მაგრამ შეურაცხყოფილი მამა თავის მოძალადე სიძეებს დიდ განსაცდელს უმზადებდა.

333ქორწინების დღეს – რომის დაარსებამდე 775 წლით ადრე დანაემ საიდუმლოდ დაურიგა თავის ქალიშვილებს ბასრი ხანჯლები და უბრძანა მეუღლეებისათვის ღამით გულ–მკერდი სასიკვდილოდ გაეგმირათ. დანაიდებმა დიდის სიამოვნებით მიიღეს საყვარელი მამის წინადადება და, როგორც კი ქმრებს ჩაეძინათ, ბასრი ხანჯლებით განგმირეს ისინი და სამუდამოდ სიცოცხლეს გამოასალმეს. მხოლოდ ერთმა ქალიშვილმა, ჰიპერმნესტრამ შეიბრალა თავისი მეუღლე ლინკევსი და საყვარელი მამის ბრძანება სისრულეში არ მოიყვანა. ჰიპერმნესტრას ასეთმა საქციელმა დები მოთმინებიდან გამოიყვანა. შეურაცხყოფილი დანაიდები დაჟინებით მოითხოვდნენ მოღალატე დის სასტიკად დასჯას. დანაემ თავისი უღირსი ქალიშვილი დააპატიმრა და ისიც მოითხოვდა მის სასტიკად დასჯას.

333გასამართლების დღეს სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე გამოცხადდა სამსჯავროში და მთელი თავისი ღვთაებრივი მჭევრმეტყველებით მოითხოვდა მოსიყვარულე მეუღლე ქალი სრულიად უდანაშაულოდ ეცნოთ და საპყრობილედან დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ. ხალხმა დიდი ბჭობისა და თათბირის შემდეგ ჰიპერმნესტრა სრულიად უდანაშაულოდ სცნო და დაუყოვნებლივ საპყრობილედან გაათავისუფლა. ჰიპერმნესტრა და მისი უსაზღვროდ მოსიყვარულე მეუღლე ლინკევსი დიდხანს, ბედნიერად და სიამტკბილობით ცხოვრობდნენ. დანაემ, თავისი ქალიშვილები ხელმეორედ რომ  გაეთხოვებია, საჯარო თამაშობები მოაწყო სახელმწიფოში. ამ თამაშობებში გამარჯვებულებს დანაემ საჩუქრის სახით მიათხოვა თავისი ქალიშვილები. იმ დიდი დანაშაულისათვის კი, რომელიც დანაიდებმა თავისი პირველი ქმრების და ნათესავების მკვლელობით ჩაიდინეს, საიქიოში სასტიკ სასჯელს იხდიან და განუწყვეტლივ იტანჯებიან. ყოვლისშემძლე ზევსის ბრძანებით დანაიდები ყოველდღე უძირო კასრში წყალს ასხამენ და ამ კასრის ამოვსებას ბოლო არ ეღება. აი ეს–ესაა უნდა გაივსოს ჭურჭელი, მაგრამ უეცრად გაეცლება წყალი და კასრი კვლავ ცარიელია. ისევ მოაქვთ დანაიდებს წყალი, ასხამენ უძირო ჭურჭელში, და ასე დაუსრულებლად გრძელდება მათი უნაყოფო მუშაობა.

დანაეს შვილები

ელეფანტიდასთან:

1  ჰიპერმნესტრა     – ლინკესის ცოლი.

2  გორგოფონა         – პროტეუსის ცოლი.

ევროპასთან:

3  ავტომატა            – ბუსირისის ცოლი.

4  სკეა                     – დაიფრონის ცოლი.

5  აჰავა                    – ლიკას ცოლი.

6  ამიმონა               – ენკელადის ცოლი.

ატლანტიასთან:

7  ჰიპოდამია           – ისტრის ცოლი.

8  როდია                – ქალკოდონტის ცოლი.

9  კლეოპატრა         – აგენორის ცოლი.

10 ასტერია             – ხეთის ცოლი.

თებესთან:

11 ჰიპოდამია          – დიოკრისტეს ცოლი.

12 გლავკა                – ალკიდის ცოლი.

13 ჰიპომედუზა       – ალკმენორის ცოლი.

14 გორგა                 – გიპოფოეს ცოლი.

15 იფიმედუზა        – ევქენორის ცოლი.

16 როდა                 – იპოლიტეს ცოლი.

ეთიოპიასთან:

17 პირენა               – აჰაპტოლემის ცოლი.

18 დორიონი           – ქერქესტის ცოლი.

19 ფარტა                – ევრიდამანტის ცოლი.

20 მნესტრა             – ეგიის ცოლი.

21 ევიპე                  – არგიუსის ცოლი.

22 ანაქსიბია            – არქელაეს ცოლი.

23 ნელო                  – მენემაქის ცოლი.

მემფიდასთან:

24 კლიტა                 – კლიტეს ცოლი.

25 სფენელე             – სფენელუსის ცოლი.

26 ქრისიპა               – ქრისიპეს ცოლი.

პოლიქსოსთან:

27 ავტონოა             – ევრილოხეს ცოლი.

28 ფეანო                 – ფანტას ცოლი.

29 ელექტრა            – ჰიპერანტის ცოლი.

30 კლეოპატრა        – პერისტენის ცოლი.

31 ევრიდიკა           – ჰერმის ცოლი.

32 გლავკიპა           – დრიასის ცოლი.

33 ანთელია           – პოტამონის ცოლი.

34 კლეოდორა        – კისეუსის ცოლი.

35 ევიპე                 – ლიქსეს ცოლი.

36 ერატო               – იმბრის ცოლი.

37 სტიგნა              – ბრომიუსის ცოლი.

38 ბრიკა                 – პოლიქტორის ცოლი.

პიერიასთან:

39 აქტეა                – პერიფანტის ცოლი.

40 პოდარკე            – ოინეუსის ცოლი.

41 დიოქსიპე          – ეგვიპტეს ცოლი

42 ადიტე              – მენალკეს ცოლი.

43 ოქიპეტე            – ლამპუსის ცოლი.

44 პილარგა            – იდმონის ცოლი.

45 ჰიპოდიკა            – იდესის ცოლი.

46 ადიანტა            – დაიფრონის ცოლი.

კრინოსთან:

47 კალიდიკა          – პანდიონის ცოლი.

48 ოემა                  – არბელუსის ცოლი.

49 ქელენო             – ჰიპერბიუსის ცოლი.

50 ჰიპერიპა           – ჰიპოკორისტეს ცოლი.

Categories: ტარტაროსის ცოდვილები | დატოვე კომენტარი

იქსიონი

333იქსიონი (ლათ. Ixion, ბერძნ.Ἰξίων) ბერძნული მითოლოგიის თანახმად არის თესალიის ტომის ლაპითების ან ფლეგიების მეფე და გმირი. იგი არესის შთამომავალი და პეირითოეს მამა იყო. დრომოკრიტეს მიხედვით იქსიონს პირველს უნდოდა დიდებული მეფე გამხდარიყო ასი მხედრის – კენტავრების დახმარებით.

333იქსიონმა ცოლად მოიყვანა ეიონეას შვილი მთვარის ქალღმერთი ქვიმისმომტანი დიე, რომელთანაც გაუჩნდა პეირითოე.  იქსიონმა ეიონეას შვილის თხოვნისთვის განკუთვნილი ტრადიციული საჩუქარი არ გაუკეთა და ეიონეამ სამაგიეროდ ცხენები წაიყვანა. ამის გამო იქსიონმა მისი სიძე ეიონეა ქალაქ ლარისაში დღესასწაულზე დაპატიჟა, ცეცხლმოკიდებულ ორმოში ჩააგდო და მოკლა. ეს მოვლენა დედამიწაზე მითოლოგიის მიხედვით პირველია, როდესაც ნათესავი ნათესავს კლავს. ამის შემდეგ იქსიონი ჭკუიდან გადავიდა. ღალატისა და თეოქსენიის (სტუმარ-მასპინძლობის) ტრადიციის დარღვევის  გამო მეზობელი პრინცები ისე შეწუხდნენ რომ მისი სულის განმწმენდი რიტუალიც კი ჩაატარეს. იქსიონი ამის შემდეგ საზოგადოებისგან გარიყული ცხოვრობდა.

333ზევს შეეცოდა იქსიონი და ერთხელაც ღმერთების ტრაპეზობაზე მიიპატიჯა, სადაც მან მადლობის მაგივრად ზევსის ცოლ ქალღმერთ ჰერას თვალი დააგა და შეუყვარდა. ზევსმა მოატყუა იქსიონი და ჰერას მაგივრად ღრუბელი – ქალღმერთი ნებულა გაუგზავნა. იქსიონმა ნებულასგან ცხენკაცების ანუ კენტავრების თაობა შვა. ზევსმა იქსიონი დასაჯა ბორბალსმობმული ცაში გასტყორცნა, რის შემდეგაც ტარტაროსში გაგზავნა, სადაც იგი ცეცხლოვან ბორბალს შემოაბეს გველები შემოახვიეს და ტრიალი დაუწყეს.

Categories: ტარტაროსის ცოდვილები | დატოვე კომენტარი

ტანტალოსი

333ღმერთების მამამთავრის ზევსის და ნიმფა პლუტოს შვილი და პელოპის ნიობასა და ბროტეუსის მამა, ლიდიის მეფე ტანტალოსი თავისი ძლევამოსილებით მთელ სახელმწიფოში დიდად სახელგანთქმული იყო.

333ოლიმპოს მბრძანებელი ღმერთები დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ მეფე ტანტალოსს. ახალგაზრდა ტანტალოსი, თავისი ღვთაებრივი მამის დახმარებით, ხალხმა ლიდიის მეფედ აირჩია. მეფის საუცხოო სასახლეს, მის უთვალავ სიმდიდრეს და ძვირფას განძეულს მთელი ლიდია და მახლობელი სახელმწიფოები განცვიფრებაში მოჰყავდა. ლიდიის მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი დიდად აფასებდნენ მეფის მამობრივ განწყობილებას და გულკეთილობას, ყველანი გულწრფელი სიყვარულით იხსენიებდნენ თავის გულუხვ და მოწყალე მეფეს. ოლიმპოს ღმერთები ისეთი პატივისცემითა და ნდობით ეპყრობოდნენ ლიდიის ამ სახელოვან მეფეს, რომ ხშირად ღმერთების თათბირზედაც კი იწვევდნენ და საქვეყნო საქმეების გარჩევის დროს ტანტალოსის აზრსა და რჩევას დიდ ანგარიშს უწევდნენ. ტანტალოსი ფართოდ სარგებლობდა ღმერთების ამ კეთილმეგობრული განწყობილებით და ამიტომ ხშირად ღმერთებთან ერთად ატარებდა დროს, მათთან ერთად სადილობდა და ისმენდა და გებულობდა ოლიმპოს მბრძანებელთა საიდუმლოებას.

333ტანტალოსი მთელ დედამიწის ზურგზე მოკვდავთა შორის უბედნიერესი მეფე იქნებოდა, რომ ამ ზეციერი და მიწიერი ბედნიერებით დაკმაყოფილებულიყო. სამწუხაროდ, ტანტალოსმა ღირსეულად ვერ დააფასა ხალხისა და ღმერთების სიყვერული და პატივისცემა და სულ მოკლე ხანში თავისი უმსგავსი მოქმედებით, თავისი გადამეტებული პატივმოყვარეობით, რაც მას უკანასკნელ ხანებში დასჩემდა, სრულიად დაკარგა თავისი წარჩინებული და ბედნიერი ცხოვრება როგორც ოლომპოს მბრძანებელ ღმერთებს შორის, ისე ლიდიის მკვიდრთა შორისაც. პატივმოყვარეობით გატაცებული ტანტალოსი ისე გაკადნიერდა, რომ ღმერთებს სუფრიდან ღვთაებრივ ნექტარსა და ამბროსიას ჰპარავდა და თავისი მოკვდავი მეგობრებისათვის მიჰქონდა, ხშირად ღმერთების საიდუმლოებას ხალხს უმჟღავნებდა და ამრიგად ყოვლის შემძლე ღმერთების მხრიდან წინანდელ პატივისცემას და სიყვერულს თანდათანობით კარგავდა.

333კუნძულ კრეტაზე ზევსის ტაძრიდან მილეტელმა პინდარეოსმა ბაჯაღლო ოქროსაგან გაჭედილი ძაღლი მოიპარა და შესანახად თავის მეგობარ ტანტალოსს მიაბარა. ტაძრის ქურუმმა, როცა ეს ამბავი შეიტყო, დაუყოვნებლივ მოსთხოვა ტანტალოსს ოქროს ძაღლის დაბრუნება, მაგრამ კადნიერმა მეფემ ქურუმის ასეთი მოთხოვნა იუკადრისა და ყოვლის შემძლე ზევსის ტაძრის მსახურს გადაჭრით, უსირცხვილოდ უარი განუცხადა, პინდარეოსს შესანახავად ჩემთვის არაფერი არ მოუბარებიაო.

333ერთხელ მეფე ტანტალოსმა ბრწყინვალე ნადიმი გამართა რომელზედაც ოლიმპოს მბრძანებელი ღმერთებიც მოიწვია. ტანტალოსმა მოისურვა ამ ნადიმზე ყველაფრის მცოდნე ღმერთები გამოეცადა, ამიტომ მზარეულებს დააკვლევინა თავისი შვილი პელოპი და ღმერთებს ერთერთ კერძად მისთავაზა, აბა თუ გამოიცნობენო. ყოვლის მცოდნე ღმერთებმა მაშინვე შენიშნეს ტანტალოსის ბოროტი განზრახვა და კერძს ხელი არ ახლეს. მხოლოდ ქალღმერთმა დემეტრამ, რომელიც თავისი საყვარელი ქალიშვილის პერსეფონეს მოტაცების გამო ღრმა ფიქრებში იყო გართული, ბეჭის თავს უნებლიედ ჩამოსჭრა პატარა ნაჭერი და შეჭამა. პელოპის სხეულის ნაწილები ღმერთებმა ერთად მოაგროვეს, ქვაბში ჩაყყარეს და თავისი ღვთაებრივი უკვდავი სული ჩაბერეს. პელოპი ქვაბიდან ამოვიდა სრულიად გამოცვლილი და მომხიბვლელი სილამაზით გაბრწყინებული. მხოლოდ ის ადგილი, სადაც ქალღმერთმა დემეტრამ ხორცი ჩამოჭრა, სპილოს საუცხოო ძვლით ჰქონდა შეცვლილი.

333განრისხებულმა ღმერთებმა საშინელი ბოროტების მოქმედი ტანტალოსი ჯოჯოხეთში გაგზავნეს იმ დანაშაულის მოსახდელად, რომელიც მან ასე უსირცხვილოდ ჩაიდინა. ჰომეროსის თანახმად,ტანტალოსი დღედაღამ მდინარეში იდგა და წყალი ნიკაპამდის სწვდებოდა. მაგრამ როგორც კი მეფე წყურვილის მოსაკლავად მდინარეს დაეწაფებოდა, წყალი მყისვე ქვემოთ ეშვებოდა, და მრავალტანჯული მეფე წყლის დალევას ვერ ახერხებდა. გაბოროტებული ტანტალოსი მუდამჟამს წყალში იდგა, წყურვილი სულსა და გულს უხუთავდა, მაგრამ წყალს ვერ სწვდებოდა და განუწტვეტლივ ასე იტანჯებოდა. ბოროტ მეფეს საშინელი შიმშილი მუდამდღე გულს უღრღნიდა. მდინარის ნაპირას გაშენებულ ხილის ხეებს სხვადასხვა ნუგბარი ხილით დატვირთული ტოტები მოეღერებინათ და ტანჯული მეფის თავის მახლობლად მოხდენილად ჩამოეშვათ. საბრალო მეფე ხარბად შეჰყურებდა მის თავზე ჩამოშვებულ ხეხილის გრძელ ტოტებს, რომელზედაც ათასფრად ლაპლაპებდნენ გემრიელი ვაშლები, მსხლები, ატმები და სხვა უკვე დამწიფებული ხილეულობა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც კი მეფე ხელს გაიწვდიდა ხილის მოსაწყვეტად, ხის ტოტები მყისვე ზემოთ იწეოდა, და ტანტალოსი ხის ნაყოფის მოწყვეტას ვერ ახერხებდა. მდინარის ნაპირას ცამდის აზიდულ მთის მწვერვალს ჩამოჰკიდებოდა ვეებერთელა კლდე, რომელიც ყოველ წუთს გასრესას ემუქრებოდა საბრალოს. მეფე შიშისაგან კრთოდა, ცახცახებდა და მუდამჟამ სიკვდილს მოელოდა. ასე შეუბრალებლად იტანჯებოდა მთელი საუკუნეების განმავლობაში მეფე ტანტალოსი, რომელმაც თავისი ძლევამოსილების დროს ბოროტად გამოიყენა ყოვლად შემძლებელი ღმერთების ნდობა და სამუდამოდ დაკარგა ოდესღაც შარავანდით მოსილი სახელი და დიდება. ლიდიის მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი იწონებდნენ ღმერთების სამართლიან განაჩენს, თავის ყოფილ მეფეს, მიუხედავად მისი მრავალი სიკეთისა, მაინც სამართლიანად დასჯილად აღიარებდნენ და ერთხელაც არ იგონებდნენ გულისტკივილით.

ტანტალოსისსახელს უკავშირდება თურქეთის ერთ-ერთი ტბა „ტანტალოსი“.

Categories: ტარტაროსის ცოდვილები | დატოვე კომენტარი

სიზიფე

333დევკალიონის შვილისშვილი, ეოლოსისა და ენარეტას ვაჟი სიზიფე, რომელსაც ქალაქ კორინთის დამაარსებლად თვლიან, მოკვდავთა შორის სახელგანთქმული იყო თავისი ცბიერებით.

333ერთხელ სიზიფემ საიდუმლოდ შეატყობინა მდინარის ღმერთ ასონს, თუ სად ცხოვრობდა ღმერთების მამამთავარი ზევსი. ამ საიდუმლოს გამჟღავნებისათვის მდინარის ღმერთმა სიზიფეს აღუთქვა კორინთის მთების კალთებზე მდინარის გამოყვანა. მართლაც, ასონმა შეასრულა თავისი დაპირება, და კორინთის ხრიოკ მთაგრეხილებზე ამოჩუხჩუხდა პირენის შესანიშნავი წყარო, რომლის ანკარა ნაკადები კორინთის ადგილებს საამურად რწყავდა.ოლიმპოს მბრძანებელს, ყოვლის შემძლე ზევსს, არ მოსწონდა სიზიფეს ცბიერება და ამიტომ გადაწყვიტა მისი სასტიკად დასჯა. ზევსმა თავისი გადაწყვეტილების შესრულება არ დააყოვნა და კორინთის ცბიერ მეფე სიზიფეს მოუვლინა სიცოცხლის მომსპობი ღმერთი თანატოსი. მაგრამ ცბიერმა მეფემ ვერაგულად დაიჭირა ზევსის მიერ მოვლენილი თანატოსი, მძიმე ხუნდებით შებორკა. ოლიმპოს მბრძანებლის მრისხანებას საზღვარი არა ჰქონდა. ყოვლის შემძლე ღმერთების მამამთავრის ბრძანებით, დედამიწაზე ჩამოეშვა ომიანობის ღმერთი არესი, რომელმაც თანატოსი გაათავისუფლა, ხოლო ცბიერი მეფე სიზიფე საიქიოს სამეფოში გაგზავნა სასჯელის მოსახდელად. მაგრამ ცბიერმა მეფემ საიქიოს სამეფოშიაც მოახერხა ღმერთების შეცდომაში შეყვანა.

333სიზიფემ, სანამ საიქიოს სამეფოში გაგზავნიდნენ, ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე დაავალა თავის მეუღლეს მეროპეს მსხვერპლი არ შეეწირა და მიცვალებულთა შესახებ დაწესებული წესები არ შეესრულებინა. როცა საიქიოში შეიტყეს, რომ სიზიფეს გარდაცვალების შემდეგ მის მეუღლეს მერაპას მიცვალებულთა შესახებ დაწესებული წესები არ შეუსრულებია, მთელი საიქიოს სამფლობელო ამოძრავდა და განუსაზღვრულ აღშფოთებას გამოთქვამდა. საიქიოს სამეფოს დედოფალმა მშვენიერმა პერსეფონემ ნება დართო სიზიფეს სააქაოს დაბრუნებულიყო და თავისი მეუღლე მეროპე გაეფრთხილებინა ღმერთების მიერ დაწესებული წესების შეუსრულებლობისათვის. მართლაც, პერსეფონეს ბრძანებით, სიზიფე თავის სამეფოში დაბრუნდა, მაგრამ პერსეფონეს დავალება აინუნშიაც არ მოსდიოდა და მისი შესრულების შესახებ სრულიადაც არა ფიქრობდა. ცბიერი მეფე ძველებური უდარდელი ცხოვრების ფერხულში ჩაება და ფუფუნებით ცხოვრობდა. ერთხელ სიზიფე სასახლეში მდიდრულად გაშლილ სუფრას უჯდა და ნუგბარ სასმელ–საჭმელს შეექცეოდა. სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, მეფეს გამოეცხადა სიკვდილის ღმერთი თანატოსი, რომელმაც ცბიერი სიზიფე მყისვე სიცოცხლეს გამოასალმა და მისი სული საიქიოს სამეფოში გადაგზავნა სასჯელის მოსახდელად. ყოვლის შემძლე ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა მუდამ დაუცხრომელი, მუდამ ცბიერი სიზიფე სასტიკად დასაჯა. ღმერთების ბრძანებით, კორინთის მეფეს, ცბიერ სიზიფეს, უზარმაზარი ლოდი უნდა აეტანა მაღალი მთის ბწვერვალზე და იქვე კლდეზე მიემაგრებინა, თუმცა ყოველი მისი მცდელობა მარცხით მთავრდებოდა და მისი ტანჯვა სამარადიოდ გრძელდებოდა.

Categories: ტარტაროსის ცოდვილები | დატოვე კომენტარი

ტარტაროსი

   ტარტაროსი (ბერძნ. Τάρταρος) არის ჰესიოდეს მიხედვით მიწის უღრმესი ნაწილი.იგი ჰადესის (საიქიოს) უღრმესი ნაწილია და დედამიწის პირიდან ისევე დაშორებული, როგორც ცა. მას გარს აკრავს სამმაგი სიბნელე და რკინის კედელი (ზოგი ვარიანტით სამმაგი სპილენძის კედელი). ტარტაროსს აქვს პოსეიდონის დამზადებული სპილენძის კარები. მის ირგვლივ გამუდმებით ბობოქრობს ქარი. ტარტაროსში თავდაპირველად ჩაყარეს კრონოსი და დამარცხებული ტიტანები მათ ასხელიანი გოლიათები— ჰეკატონხეირები დარაჯობენ. ტარტაროსი ზოგჯერ ჰადესთანაცაა გაიგივებული. ქრისტიანულ რელიგიურ წარმოდგენაში ტარტაროსს ცვლის ჯოჯოხეთი, ჰადესს კი საიქიო.საიქიოში ყველა მიდის, ჯოჯოხეთში კი დიდი დამნაშავეები ხვდებიან. ტარტაროსი ხშირად ბოროტ არსებადაა მიჩნეული, იგი ეშმაკების  მეთაური და წინამძღოლია.

პლატონი ქრ.შ-მდე 400 წ. „გორგიაში“ (დიალოგი) წერს, რომ სულები სიკვდილის შემდეგ განიკითხებიან და ვინც სასჯელს მიიღებს ტარტაროსსში გაიგზავნება. ჰესიოდე თანახმად ტარტაროსი ისეთი ღრმა იყო, უზარმაზარი ლოდი რომ ჩაგეგდო ფსკერის მიღწევას ცხრა დღე მოანდომებდა. ილიადაში ზევსი ამბობს „როგორც ცაა მაღალი, ისე ტარტაროსია ღრმა“. როდესაც კრონოსი გამეფდა, მან ტარტაროსის მცველად დააყენა მორიელის კუდიანი დემონი კამპე. ზევსა კამპე მოკლა როდესაც ციკლოპებს და ასხელიანებს ათავისუფლებდა ტიტანებთან საბრძოლველად. მან ტიტანების დამარცხება შეძლო და ყველა მათგანი ეპიმეტის, მეტისისა და პრომეთეს გარდა ტარტაროსში გამოამწყვრდია. ტარტაროსში გამოამწყვდია ასევე კრონოსი და ტიფონიც.

Categories: პირველი ღმერთები, სხვა | დატოვე კომენტარი

ერებოსი

   ერებოსი (ლათ. Erebus, ბერძნ. Ἔρεβος )  წარმოიშვა ქაოსისგან და ბერძნულ მითოლოგიაში იყო ერთ-ერთი პირვანდელი ღმერთი, რომელიც განასახიერებდა წყვდიადს. ის იყო ნიქტას (ღამე) ძმა და ეთერის (სინათლის) მამა. მან ნიქტასთან შვა ეთერთან ერთად ჰემერა (დღე). მითის თანახმად ერებოსი იყო ჰადესის ნაწილი, რომელშიც ადამიანი სიკვდილისთანავე ხვდებოდა. როდესაც ქარონს მიცვალებულთა სულები აქერონის (სტიქსი) გავლით ქვესკნელში მიჰყავდა, ისინი შედიოდნენ ტარტაროსსში, საიქიოში. ერებოსი ხშირად გამოიყენებოდა ჰადესის, ქვესკნელის ღმერთის სინონიმად და ერქვა საიქიოს ყველა იმ ბნელ ნაწილს, სადაც  ადამიანის სულს გავლა უხდებოდა.

Categories: პირველი ღმერთები, სხვა | დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.