333დევკალიონის შვილისშვილი, ეოლოსისა და ენარეტას ვაჟი სიზიფე, რომელსაც ქალაქ კორინთის დამაარსებლად თვლიან, მოკვდავთა შორის სახელგანთქმული იყო თავისი ცბიერებით.
333ერთხელ სიზიფემ საიდუმლოდ შეატყობინა მდინარის ღმერთ ასონს, თუ სად ცხოვრობდა ღმერთების მამამთავარი ზევსი. ამ საიდუმლოს გამჟღავნებისათვის მდინარის ღმერთმა სიზიფეს აღუთქვა კორინთის მთების კალთებზე მდინარის გამოყვანა. მართლაც, ასონმა შეასრულა თავისი დაპირება, და კორინთის ხრიოკ მთაგრეხილებზე ამოჩუხჩუხდა პირენის შესანიშნავი წყარო, რომლის ანკარა ნაკადები კორინთის ადგილებს საამურად რწყავდა.ოლიმპოს მბრძანებელს, ყოვლის შემძლე ზევსს, არ მოსწონდა სიზიფეს ცბიერება და ამიტომ გადაწყვიტა მისი სასტიკად დასჯა. ზევსმა თავისი გადაწყვეტილების შესრულება არ დააყოვნა და კორინთის ცბიერ მეფე სიზიფეს მოუვლინა სიცოცხლის მომსპობი ღმერთი თანატოსი. მაგრამ ცბიერმა მეფემ ვერაგულად დაიჭირა ზევსის მიერ მოვლენილი თანატოსი, მძიმე ხუნდებით შებორკა. ოლიმპოს მბრძანებლის მრისხანებას საზღვარი არა ჰქონდა. ყოვლის შემძლე ღმერთების მამამთავრის ბრძანებით, დედამიწაზე ჩამოეშვა ომიანობის ღმერთი არესი, რომელმაც თანატოსი გაათავისუფლა, ხოლო ცბიერი მეფე სიზიფე საიქიოს სამეფოში გაგზავნა სასჯელის მოსახდელად. მაგრამ ცბიერმა მეფემ საიქიოს სამეფოშიაც მოახერხა ღმერთების შეცდომაში შეყვანა.
333სიზიფემ, სანამ საიქიოს სამეფოში გაგზავნიდნენ, ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე დაავალა თავის მეუღლეს მეროპეს მსხვერპლი არ შეეწირა და მიცვალებულთა შესახებ დაწესებული წესები არ შეესრულებინა. როცა საიქიოში შეიტყეს, რომ სიზიფეს გარდაცვალების შემდეგ მის მეუღლეს მერაპას მიცვალებულთა შესახებ დაწესებული წესები არ შეუსრულებია, მთელი საიქიოს სამფლობელო ამოძრავდა და განუსაზღვრულ აღშფოთებას გამოთქვამდა. საიქიოს სამეფოს დედოფალმა მშვენიერმა პერსეფონემ ნება დართო სიზიფეს სააქაოს დაბრუნებულიყო და თავისი მეუღლე მეროპე გაეფრთხილებინა ღმერთების მიერ დაწესებული წესების შეუსრულებლობისათვის. მართლაც, პერსეფონეს ბრძანებით, სიზიფე თავის სამეფოში დაბრუნდა, მაგრამ პერსეფონეს დავალება აინუნშიაც არ მოსდიოდა და მისი შესრულების შესახებ სრულიადაც არა ფიქრობდა. ცბიერი მეფე ძველებური უდარდელი ცხოვრების ფერხულში ჩაება და ფუფუნებით ცხოვრობდა. ერთხელ სიზიფე სასახლეში მდიდრულად გაშლილ სუფრას უჯდა და ნუგბარ სასმელ–საჭმელს შეექცეოდა. სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, მეფეს გამოეცხადა სიკვდილის ღმერთი თანატოსი, რომელმაც ცბიერი სიზიფე მყისვე სიცოცხლეს გამოასალმა და მისი სული საიქიოს სამეფოში გადაგზავნა სასჯელის მოსახდელად. ყოვლის შემძლე ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა მუდამ დაუცხრომელი, მუდამ ცბიერი სიზიფე სასტიკად დასაჯა. ღმერთების ბრძანებით, კორინთის მეფეს, ცბიერ სიზიფეს, უზარმაზარი ლოდი უნდა აეტანა მაღალი მთის ბწვერვალზე და იქვე კლდეზე მიემაგრებინა, თუმცა ყოველი მისი მცდელობა მარცხით მთავრდებოდა და მისი ტანჯვა სამარადიოდ გრძელდებოდა.