ტანტალოსი

333ღმერთების მამამთავრის ზევსის და ნიმფა პლუტოს შვილი და პელოპის ნიობასა და ბროტეუსის მამა, ლიდიის მეფე ტანტალოსი თავისი ძლევამოსილებით მთელ სახელმწიფოში დიდად სახელგანთქმული იყო.

333ოლიმპოს მბრძანებელი ღმერთები დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ მეფე ტანტალოსს. ახალგაზრდა ტანტალოსი, თავისი ღვთაებრივი მამის დახმარებით, ხალხმა ლიდიის მეფედ აირჩია. მეფის საუცხოო სასახლეს, მის უთვალავ სიმდიდრეს და ძვირფას განძეულს მთელი ლიდია და მახლობელი სახელმწიფოები განცვიფრებაში მოჰყავდა. ლიდიის მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი დიდად აფასებდნენ მეფის მამობრივ განწყობილებას და გულკეთილობას, ყველანი გულწრფელი სიყვარულით იხსენიებდნენ თავის გულუხვ და მოწყალე მეფეს. ოლიმპოს ღმერთები ისეთი პატივისცემითა და ნდობით ეპყრობოდნენ ლიდიის ამ სახელოვან მეფეს, რომ ხშირად ღმერთების თათბირზედაც კი იწვევდნენ და საქვეყნო საქმეების გარჩევის დროს ტანტალოსის აზრსა და რჩევას დიდ ანგარიშს უწევდნენ. ტანტალოსი ფართოდ სარგებლობდა ღმერთების ამ კეთილმეგობრული განწყობილებით და ამიტომ ხშირად ღმერთებთან ერთად ატარებდა დროს, მათთან ერთად სადილობდა და ისმენდა და გებულობდა ოლიმპოს მბრძანებელთა საიდუმლოებას.

333ტანტალოსი მთელ დედამიწის ზურგზე მოკვდავთა შორის უბედნიერესი მეფე იქნებოდა, რომ ამ ზეციერი და მიწიერი ბედნიერებით დაკმაყოფილებულიყო. სამწუხაროდ, ტანტალოსმა ღირსეულად ვერ დააფასა ხალხისა და ღმერთების სიყვერული და პატივისცემა და სულ მოკლე ხანში თავისი უმსგავსი მოქმედებით, თავისი გადამეტებული პატივმოყვარეობით, რაც მას უკანასკნელ ხანებში დასჩემდა, სრულიად დაკარგა თავისი წარჩინებული და ბედნიერი ცხოვრება როგორც ოლომპოს მბრძანებელ ღმერთებს შორის, ისე ლიდიის მკვიდრთა შორისაც. პატივმოყვარეობით გატაცებული ტანტალოსი ისე გაკადნიერდა, რომ ღმერთებს სუფრიდან ღვთაებრივ ნექტარსა და ამბროსიას ჰპარავდა და თავისი მოკვდავი მეგობრებისათვის მიჰქონდა, ხშირად ღმერთების საიდუმლოებას ხალხს უმჟღავნებდა და ამრიგად ყოვლის შემძლე ღმერთების მხრიდან წინანდელ პატივისცემას და სიყვერულს თანდათანობით კარგავდა.

333კუნძულ კრეტაზე ზევსის ტაძრიდან მილეტელმა პინდარეოსმა ბაჯაღლო ოქროსაგან გაჭედილი ძაღლი მოიპარა და შესანახად თავის მეგობარ ტანტალოსს მიაბარა. ტაძრის ქურუმმა, როცა ეს ამბავი შეიტყო, დაუყოვნებლივ მოსთხოვა ტანტალოსს ოქროს ძაღლის დაბრუნება, მაგრამ კადნიერმა მეფემ ქურუმის ასეთი მოთხოვნა იუკადრისა და ყოვლის შემძლე ზევსის ტაძრის მსახურს გადაჭრით, უსირცხვილოდ უარი განუცხადა, პინდარეოსს შესანახავად ჩემთვის არაფერი არ მოუბარებიაო.

333ერთხელ მეფე ტანტალოსმა ბრწყინვალე ნადიმი გამართა რომელზედაც ოლიმპოს მბრძანებელი ღმერთებიც მოიწვია. ტანტალოსმა მოისურვა ამ ნადიმზე ყველაფრის მცოდნე ღმერთები გამოეცადა, ამიტომ მზარეულებს დააკვლევინა თავისი შვილი პელოპი და ღმერთებს ერთერთ კერძად მისთავაზა, აბა თუ გამოიცნობენო. ყოვლის მცოდნე ღმერთებმა მაშინვე შენიშნეს ტანტალოსის ბოროტი განზრახვა და კერძს ხელი არ ახლეს. მხოლოდ ქალღმერთმა დემეტრამ, რომელიც თავისი საყვარელი ქალიშვილის პერსეფონეს მოტაცების გამო ღრმა ფიქრებში იყო გართული, ბეჭის თავს უნებლიედ ჩამოსჭრა პატარა ნაჭერი და შეჭამა. პელოპის სხეულის ნაწილები ღმერთებმა ერთად მოაგროვეს, ქვაბში ჩაყყარეს და თავისი ღვთაებრივი უკვდავი სული ჩაბერეს. პელოპი ქვაბიდან ამოვიდა სრულიად გამოცვლილი და მომხიბვლელი სილამაზით გაბრწყინებული. მხოლოდ ის ადგილი, სადაც ქალღმერთმა დემეტრამ ხორცი ჩამოჭრა, სპილოს საუცხოო ძვლით ჰქონდა შეცვლილი.

333განრისხებულმა ღმერთებმა საშინელი ბოროტების მოქმედი ტანტალოსი ჯოჯოხეთში გაგზავნეს იმ დანაშაულის მოსახდელად, რომელიც მან ასე უსირცხვილოდ ჩაიდინა. ჰომეროსის თანახმად,ტანტალოსი დღედაღამ მდინარეში იდგა და წყალი ნიკაპამდის სწვდებოდა. მაგრამ როგორც კი მეფე წყურვილის მოსაკლავად მდინარეს დაეწაფებოდა, წყალი მყისვე ქვემოთ ეშვებოდა, და მრავალტანჯული მეფე წყლის დალევას ვერ ახერხებდა. გაბოროტებული ტანტალოსი მუდამჟამს წყალში იდგა, წყურვილი სულსა და გულს უხუთავდა, მაგრამ წყალს ვერ სწვდებოდა და განუწტვეტლივ ასე იტანჯებოდა. ბოროტ მეფეს საშინელი შიმშილი მუდამდღე გულს უღრღნიდა. მდინარის ნაპირას გაშენებულ ხილის ხეებს სხვადასხვა ნუგბარი ხილით დატვირთული ტოტები მოეღერებინათ და ტანჯული მეფის თავის მახლობლად მოხდენილად ჩამოეშვათ. საბრალო მეფე ხარბად შეჰყურებდა მის თავზე ჩამოშვებულ ხეხილის გრძელ ტოტებს, რომელზედაც ათასფრად ლაპლაპებდნენ გემრიელი ვაშლები, მსხლები, ატმები და სხვა უკვე დამწიფებული ხილეულობა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც კი მეფე ხელს გაიწვდიდა ხილის მოსაწყვეტად, ხის ტოტები მყისვე ზემოთ იწეოდა, და ტანტალოსი ხის ნაყოფის მოწყვეტას ვერ ახერხებდა. მდინარის ნაპირას ცამდის აზიდულ მთის მწვერვალს ჩამოჰკიდებოდა ვეებერთელა კლდე, რომელიც ყოველ წუთს გასრესას ემუქრებოდა საბრალოს. მეფე შიშისაგან კრთოდა, ცახცახებდა და მუდამჟამ სიკვდილს მოელოდა. ასე შეუბრალებლად იტანჯებოდა მთელი საუკუნეების განმავლობაში მეფე ტანტალოსი, რომელმაც თავისი ძლევამოსილების დროს ბოროტად გამოიყენა ყოვლად შემძლებელი ღმერთების ნდობა და სამუდამოდ დაკარგა ოდესღაც შარავანდით მოსილი სახელი და დიდება. ლიდიის მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი იწონებდნენ ღმერთების სამართლიან განაჩენს, თავის ყოფილ მეფეს, მიუხედავად მისი მრავალი სიკეთისა, მაინც სამართლიანად დასჯილად აღიარებდნენ და ერთხელაც არ იგონებდნენ გულისტკივილით.

ტანტალოსისსახელს უკავშირდება თურქეთის ერთ-ერთი ტბა „ტანტალოსი“.

Categories: ტარტაროსის ცოდვილები | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: