დანაე და დანაიდები

333ეპაფეს შთამომავალს – ბელეს ორი ვაჟიშვილი ჰყავდა – ეგვიპტოსი და დანაე. მთელ იმ მხარეს, რომელსაც მდინარე ნილოსი რწყავს, ეგვიპტოსი ფლობდა; მისგან მიიღო ამ მხარემ სახელწოდება – ეგვიპტე. დანაე ფლობდა ლიბიას.

333ეგვიპტოსს ჰყავდა ორმოცდაათი ვაჟიშვილი, ხოლო დანაეს ამდენივე ქალიშვილი. ასე მრავალრიცხოვანი იყო მშვენიერი იოს შთამომავლობა. მაგრამ ქალღმერთ ჰერას ჯერ კიდევ ახსოვდა ის შეურაცხყოფა, რომელიც იომ მიაყენა მას ყოვლისშემძლე ზევსთან კავშირის დაჭერით. ამიტომ ჰერა იოს შთამომავლობასაც სასტიკად სდევნიდა და ყოველგვარ უსიამოვნებას აყენებდა. ჰერას შთაგონებით მეფე ეგვიპტოსმა ომი გამოუცხადა თავის ძმას დანაეს, სძლია იგი და სამეფო ტახტი წაართვა. ეგვიპტოსის ვაჟიშვილებმა გადაწყვიტეს დანაეს ქალიშვილების ცოლად შერთვა. მაგრამ დანაიდები გადაჭრით უარზე იდგნენ. მათ ყოვლად შეუძლებლად, დაუშვებლად მიაჩნდათ ასე ახლო ნათესავებთან დაეჭირათ ცოლ–ქმრული კავშირი. ეგვიპტიდებმა, როცა დანაიდებისაგან გადაჭრილი უარი მიიღეს, გადაწყვიტეს ძალმომრეობისათვის მიემართათ. ყოველგვარ უსიამოვნების თავიდან ასაშორებლად დანაემ და მისმა ქალიშვილებმა გადაწყვიტეს სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინათ.

333საბრალო მამამ სასწრაფოდ გამოაწყო ორმოცდაათ ხოფიანი ხომალდი და თავის ქალიშვილებთან ერთად შორეულ ქვეყნისაკენ ააფრიალა იალქნები. ხომალდი ელვის სისწრაფით სერავდა ზღვის აბობოქრებულ ზვირთებს და ლტოლვილებს შორეული ქვეყნისაკენ მიაცურებდა. მცირედი მოგზაურობის შემდეგ დანაე და დანაიდები მიადგნენ კუნძულ როდოსის ამწვანებულ ნაპირებს. კუნძულ როდოსზე ღმერთების მოშიშარმა ლტოლვილებმა ქალღმერთ ათენას სახელობაზე ააგეს მშვენიერი ტაძარი და ამ კუნძულზე სამუდამოდ დაამყარეს ამ ქალღმერთის კულტი. კუნძულ როდოსიდან დანაემ შეაცურა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში და ელვის სისწრაფით გაემართა თავისი წინაპრის, უმშვენიერესი იოს, სამშობლო არგოსისაკენ. დანაემ და დანაიდებმა უვნებლად შეაცურეს ხომალდი არგოსის ნავსადგურში და დაუყოვნებლივ გამოვიდნენ ზღვის თვალწარმტაც ნაპირებზე. დაშინებული ლტოლვილები, დაფნის ხის ფოთლებით თავზე ჩამოფარებულნი, ერთ–ერთი ტაძრის საკურთხევლის კვარცხბეკზე ჩამოსხდნენ და ამრიგად სურდათ მოეპოვათ ამ უცხო ქვეყანაში დაცვისა და ხელშეუხებლობის უფლება.

333არგოსის ძლევამოსილი მეფე პელაზგემ, როგორც კი გაიგო უცხო სტუმრების მოსვლა, დაუყოვნებლივ გაემართა ტაძრისაკენ ჯარისკაცებისა და თავისი ამალის თანხლებით. მეფემ გამოკითხა ტაძარში თავშეფარებულებს არგოსში მოსვლის მიზეზი. დანაემ დაწვრილებით მოახსენა მეფეს, რომ თავისმა ღვიძლმა ძმამ უსამართლოდ ჩამოართვა სამეფო ტახტი, მოძალადე მეფის ვაჟიშვილებმა ამავე დროს განიზრახეს ძალდატანებით ჩემი ქალიშვილების ცოლად შერთვა, რის გამოც იძულებული შევიქენით სამშობლო მხარე დაგვეტოვებინაო. უეჭველია, დასძინა დანაემ, მოძალადე ბიძაშვილები სადაცაა მოვლენ თავისი ჯარებით არგოსშიც და შეეცდებიან ძალდატანებით წაიყვანონ ჩემი ქალიშვილებიო. თვალცრემლიანმა დანაიდებმა მიმართეს ძლევამოსილ არგოსის მეფეს: „ დიდებულო მეფეო, გთხოვთ დახმარება აღმოგვიჩინოთ და მოსალოდნელ განსაცდელს გადაგვარჩინოთ! დიდებულო მეფეო, თუ თქვენ ჩვენს გულწრფელ თხოვნას არ შეიწყნარებთ, ყველანი აქვე, ამავე ტაძრის კვარცხლბეკზე ყელებს გამოვიჭრით და უსინდისო მოძალადეებს ცოცხალი ხელში არ ჩავუვარდებით!“ მეფე პელაზგეს ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ერთის მხრივ მეფეს ეგვიპტიდების ძლევამოსილი მხედრობის ეშინოდა, მეორეს მხრივ კი ყოვლისშემძლე ღმერთების რიდი და პატივისცემა მოითხოვდა ლტოლვილებისათვის საჭირო შველა და დახმარება აღმოეჩინა. დიდი ფიქრისა და ბჭობის შემდეგ მეფემ საბოლოოდ გადაწყვიტა ტაძარში შეხიზნული ლტოლვილებისათვის, რადაც უნდა დაჯდომოდა, დახმარება აღმოეჩინა და თავის სახელმწიფოში უშიშრად შეეკედლებინა. ეგვიპტიდების უამრავი ჯარი, რომელსაც მოუძღოდნენ დანაეს ძმისწულები, სამკვდრო–სასიცოცხლოდ ეკვეთა მეფე პელაზგეს მხედრობას.

333ატყდა საშინელი ბრძოლა. მეომრები სისხლის ღვარს აყენებდნენ ბრძოლის ველზე. მთელი დღის განმავლობაში ეს საშინელი და საბედისწერო ბრძოლა ოდნავადაც არ შენელებულა. დახოცილთა გვამები უთავბოლოდ ცურავდნენ ბრძოლის ველზე დაყენებულ სისხლის მორევში. დაჭრილთა და დასახიჩრებულთა კვნესა, გმინვა მთელს არემარეს აყრუებდა და ბრძოლის ველზე ჯოჯოხეთურ საშინელებას ატრიალებდა. საღამო ჟამს ეგვიპტიდების ძლევამოსილმა მხედრობამ სძლია პელაზგეს მიერ ბრძოლის ველზე გამოყვანილ თავგანწირულ მეომრებს. ამრიგად ამ საშინელსა და სამკვდრო–სასიცოცხლო ომში გამარჯვება ეგვიპტიდების მხედრობის მოძალადე სარდლობას ხვდა წილად. პელაზგე საბოლოოდ დამარცხდა. მხედრობამ იარაღი დაჰყარა და მტერს დამორჩილდა.არგოსელების მხედრობამ მეფედ დანაე აირჩია, როგორც მშვენიერი იოს ძლევამოსილი შთამომავალი .პელაზგე გადასხლდა სახელმწიფოს ჩრდილოეთ ნაწილში და იქ გაიჩინა ახალი სამფლობელო. დანაე, თავისი სამეფო ტახტი რომ განემტკიცებინა, იძულებული შეიქნა მოძალადე ძმისწულების მიერ წამოყენებული პირობები მიეღო. მოძალადეები ზავის შეკვრას თანხმდებოდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დანაე თავის ქალიშვილებს მათ მიათხოვებდა. დანაე ძალას დაემორჩილა და ასეთ შეუწყნარებელ პირობაზე თანხმობა განაცხადა. მოძალადეებმა შეირთეს დანაეს ქალიშვილები და ქორწილიც გადაიხადეს. მაგრამ შეურაცხყოფილი მამა თავის მოძალადე სიძეებს დიდ განსაცდელს უმზადებდა.

333ქორწინების დღეს – რომის დაარსებამდე 775 წლით ადრე დანაემ საიდუმლოდ დაურიგა თავის ქალიშვილებს ბასრი ხანჯლები და უბრძანა მეუღლეებისათვის ღამით გულ–მკერდი სასიკვდილოდ გაეგმირათ. დანაიდებმა დიდის სიამოვნებით მიიღეს საყვარელი მამის წინადადება და, როგორც კი ქმრებს ჩაეძინათ, ბასრი ხანჯლებით განგმირეს ისინი და სამუდამოდ სიცოცხლეს გამოასალმეს. მხოლოდ ერთმა ქალიშვილმა, ჰიპერმნესტრამ შეიბრალა თავისი მეუღლე ლინკევსი და საყვარელი მამის ბრძანება სისრულეში არ მოიყვანა. ჰიპერმნესტრას ასეთმა საქციელმა დები მოთმინებიდან გამოიყვანა. შეურაცხყოფილი დანაიდები დაჟინებით მოითხოვდნენ მოღალატე დის სასტიკად დასჯას. დანაემ თავისი უღირსი ქალიშვილი დააპატიმრა და ისიც მოითხოვდა მის სასტიკად დასჯას.

333გასამართლების დღეს სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე გამოცხადდა სამსჯავროში და მთელი თავისი ღვთაებრივი მჭევრმეტყველებით მოითხოვდა მოსიყვარულე მეუღლე ქალი სრულიად უდანაშაულოდ ეცნოთ და საპყრობილედან დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ. ხალხმა დიდი ბჭობისა და თათბირის შემდეგ ჰიპერმნესტრა სრულიად უდანაშაულოდ სცნო და დაუყოვნებლივ საპყრობილედან გაათავისუფლა. ჰიპერმნესტრა და მისი უსაზღვროდ მოსიყვარულე მეუღლე ლინკევსი დიდხანს, ბედნიერად და სიამტკბილობით ცხოვრობდნენ. დანაემ, თავისი ქალიშვილები ხელმეორედ რომ  გაეთხოვებია, საჯარო თამაშობები მოაწყო სახელმწიფოში. ამ თამაშობებში გამარჯვებულებს დანაემ საჩუქრის სახით მიათხოვა თავისი ქალიშვილები. იმ დიდი დანაშაულისათვის კი, რომელიც დანაიდებმა თავისი პირველი ქმრების და ნათესავების მკვლელობით ჩაიდინეს, საიქიოში სასტიკ სასჯელს იხდიან და განუწყვეტლივ იტანჯებიან. ყოვლისშემძლე ზევსის ბრძანებით დანაიდები ყოველდღე უძირო კასრში წყალს ასხამენ და ამ კასრის ამოვსებას ბოლო არ ეღება. აი ეს–ესაა უნდა გაივსოს ჭურჭელი, მაგრამ უეცრად გაეცლება წყალი და კასრი კვლავ ცარიელია. ისევ მოაქვთ დანაიდებს წყალი, ასხამენ უძირო ჭურჭელში, და ასე დაუსრულებლად გრძელდება მათი უნაყოფო მუშაობა.

დანაეს შვილები

ელეფანტიდასთან:

1  ჰიპერმნესტრა     – ლინკესის ცოლი.

2  გორგოფონა         – პროტეუსის ცოლი.

ევროპასთან:

3  ავტომატა            – ბუსირისის ცოლი.

4  სკეა                     – დაიფრონის ცოლი.

5  აჰავა                    – ლიკას ცოლი.

6  ამიმონა               – ენკელადის ცოლი.

ატლანტიასთან:

7  ჰიპოდამია           – ისტრის ცოლი.

8  როდია                – ქალკოდონტის ცოლი.

9  კლეოპატრა         – აგენორის ცოლი.

10 ასტერია             – ხეთის ცოლი.

თებესთან:

11 ჰიპოდამია          – დიოკრისტეს ცოლი.

12 გლავკა                – ალკიდის ცოლი.

13 ჰიპომედუზა       – ალკმენორის ცოლი.

14 გორგა                 – გიპოფოეს ცოლი.

15 იფიმედუზა        – ევქენორის ცოლი.

16 როდა                 – იპოლიტეს ცოლი.

ეთიოპიასთან:

17 პირენა               – აჰაპტოლემის ცოლი.

18 დორიონი           – ქერქესტის ცოლი.

19 ფარტა                – ევრიდამანტის ცოლი.

20 მნესტრა             – ეგიის ცოლი.

21 ევიპე                  – არგიუსის ცოლი.

22 ანაქსიბია            – არქელაეს ცოლი.

23 ნელო                  – მენემაქის ცოლი.

მემფიდასთან:

24 კლიტა                 – კლიტეს ცოლი.

25 სფენელე             – სფენელუსის ცოლი.

26 ქრისიპა               – ქრისიპეს ცოლი.

პოლიქსოსთან:

27 ავტონოა             – ევრილოხეს ცოლი.

28 ფეანო                 – ფანტას ცოლი.

29 ელექტრა            – ჰიპერანტის ცოლი.

30 კლეოპატრა        – პერისტენის ცოლი.

31 ევრიდიკა           – ჰერმის ცოლი.

32 გლავკიპა           – დრიასის ცოლი.

33 ანთელია           – პოტამონის ცოლი.

34 კლეოდორა        – კისეუსის ცოლი.

35 ევიპე                 – ლიქსეს ცოლი.

36 ერატო               – იმბრის ცოლი.

37 სტიგნა              – ბრომიუსის ცოლი.

38 ბრიკა                 – პოლიქტორის ცოლი.

პიერიასთან:

39 აქტეა                – პერიფანტის ცოლი.

40 პოდარკე            – ოინეუსის ცოლი.

41 დიოქსიპე          – ეგვიპტეს ცოლი

42 ადიტე              – მენალკეს ცოლი.

43 ოქიპეტე            – ლამპუსის ცოლი.

44 პილარგა            – იდმონის ცოლი.

45 ჰიპოდიკა            – იდესის ცოლი.

46 ადიანტა            – დაიფრონის ცოლი.

კრინოსთან:

47 კალიდიკა          – პანდიონის ცოლი.

48 ოემა                  – არბელუსის ცოლი.

49 ქელენო             – ჰიპერბიუსის ცოლი.

50 ჰიპერიპა           – ჰიპოკორისტეს ცოლი.

Categories: ტარტაროსის ცოდვილები | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: