ქება პირველი. ჟამიანობა. რისხვა
რისხვას, ღმერთქალო, უგალობე აქილევსისა,
აქაველთ თავს რომ დაატეხა ვნება ულევი!
გმირთა სულები გადახვეწა ქვეშეთის მხარეს,
გვამნი დაყარა ყვავ-ყორანთა დასაყივარად
5 და ძაღლთა წილად . . . ზევსის ნება მაშინ აღსრულდა,
მტრად მოეკიდნენ ოდეს ერთურთს მამაცთა მეფე
აგამენონ და აქილევსი, ღმერთის სადარი.
რომელმა ღმერთმა გააღვივა ნეტავი შუღლი?
– ლეტოს და ზევსის ძემ, მეფეზე განრისხებულმა.
10 სასტიკი ჭირი ჯარს შეჰყარა, მუსრი გაავლო:
რად მოეპყრაო უპატიოდ ქურუმს ატრიდი!
მოსულა ქრისე აქაველთა მალემსრბოლ გემთან,
სურდა ასული გამოეხსნა ურიცხვი ძღვენით.
ხელთ ჰქონდა ოქროს კვერთხი უფალ აპოლონისა,
15 თავსაკრიანი, აქაველებს ევედრებოდა,
ყველაზე მეტად – ორსავ ატრიდს, სპათა მესვეურთ:
”სპანო საბარკულმშვენიერნო! ატრევსის ძენო!
ოლიმპოს ღმერთნი შეგეწიონ, რომ პრიამოსის
ციხე დალეწოთ და მშვიდობით ეწვიოთ მამულს!
20 ოღონდ ასული დამიბრუნეთ, ძვენი ინებეთ,
პატივი დასდეთ შორსმოისარ უფალ აპოლონს!”
ერთხმად გაისმა აქაველთა მძლავრი ყიჟინა –
მოგვს პატივი ვცეთ, მივიღოთო ძვენიც მდიდარი.
მხოლოდ ატრიდმა გულთან ახლოს არ გაიკარა
25 მამის ვედრება, მოიშორა მრისხანე სიტყვით:
”გასწი, ბებერო! ხომალდებთან აღარ გიხილო!
ფეხს ნუ აითრევ და ნურასდროს ნურც მობრუნდები,
თორემ ვერ გიხსნის ვერც კვერთხი და ვერც ღვთის
გვირგვინი!
ქალს ვერ გავუშვებ, ტყვეობაში შემაბერდება,
30 არგოსში წავალთ, მოვაშორებ მშობლიურ მხარეს,
რომ სარეცელიც დამიმშვენოს სელის მბეჭველმა.
ნუღარ მარისხებ, გამეცალე ცოცხალი თავით!”
ასე თქვა, თრთოლვით შეისმინა სიტყვა მოხუცმა.
უხმოდ გაუყვა მრავალხმიან ზღვის სანაპიროს. . .
35 გასცილდა გემებს.
შეევედრა გულამომჯდარი
ლამაზთმიანი ლეტოს პირმშოს უფალ აპოლონს:
”მიხსენ მე, ვერცხლისმშვილდოსანო, ქრისეს ქომაგო,
კილას მფარველო, მძლე მეუფევ ტენედოსისა,
სმინთევსო!
თუკი შემიმკია ტაძარი შენი,
40 თუ შემიწირავს საზვარაკო მსუყე ბარკალი
ჯიხვთა და ხართა, შემეწიე!
რაც ცრემლი ვღვარე,
ბასრი ისრებით აზღვევინე დანაელთ ლაშქარს!”
ასე ღაღად-ყო და სხივოსან აპოლონს ესმა.
გული ირისხა, გადმოიჭრა ოლიმპოს მთიდან,
45 ბეჭზე კაპარჭი მოსალტული, მშვილდი მოეგდო
და ფრთოსან ისრებს აწივლებდა სისწრაფე სრბოლის, –
ღმერთი მაღალი მოღელავდა პირღამიანი.
გემებთან ახლოს ჩაიმუხლა, სტყორცნა ისარი,
ზარისმცემელი ვერცხლის მშვილდი ააზუზუნა.
50 მუსრი გაავლო მაწანწალა ძაღლებს, სახედრებს,
შემდეგ სიკვდილიის მთესველ ისრით მისწვდა მხედრობას.
გვამთა შთანთქმელი კოცონები დააგზნო ყველგან.
ცხრა დღე და ღამე ღვთის ისარი მუსრავდა ლაშქარს.
მეათე დღეს კი კრებდა უხმო ხალხს აქილევსმა.
55 ხელთეთრა ჰერამ შთააგონა ვაჟკაცს ეს აზრი,
ქალღმერთს დანაელთ სპათ ხილვით გული ეწვოდა.
ოდეს აქაველთ მოიყარეს კრებაზე თავი,
ადგა ფეხმარდი აქილევსი და ასე ბრძანა:
”აგრე მგონია, მრავალტანჯულთ გვმართებს, მეფეო,
60 შინ გავეშუროთ, თუ გვწადია, გავექცეთ სიკვდილს;
აქაველთ მუსრავს სნეულება, სასტიკი ომი!. .
ქურუმს მივმართოთ, ან მისანმა აგვიხსნას ეგებ –
სიზმრის ამხსნელმა (სიზმარსაც ხომ ზევსი მოგვივლენს) –
აპოლონ ღმერთი ასერ რისთვის შემოგვწყრომია?
65 აღთქმის გატეხამ განარისხა, თუ ითხოვს ჩვენგან
ასზვარაკეულს და საზორავს ვერძთა და ჯიხვთა,
რომ შეგვეწიოს, აგვაშოროს იავარყოფა!”
ასე თქვა. მაშინ თესტორის ძე კალქანტი ადგა,
ფრთოსან ჩიტებზე მჩხიბაობით სახელგანთქმული,
70 წარსულის, აწმყოს და მყოფადის საქმეთა მცოდნე.
ილიონისკენ გემებს იგი გამოსძღოლია,
აპოლონისგან რაკი ერგო მისნობის ნიჭი.
ახლაც კეთილი აზრით უთხრა გმირს თესტორიდმა:
75 ”ო, აქილევსო, ღვთის რჩეული, გიბრძანებია
აგიხსნათ რისხვა შორსმმუსვრელი აპოლონისა.
მე თანახმა ვარ, ოღონდ შენგან ზენაარს:
შემფიცე, გმირო, რომ დამიცავ სიტყვით თუ საქმით!
ვშიშობ – ვაი თუ მხოლოდ მეფე გავაგულისო,
80 – არგიველთა და აქაველთა ლაშქრის უფალი.
მდაბიოს მართებს არ აღაგზნოს სახმილი რისხვის,
ძრწოდეს, თუ სცოდა!
მეფე ბოღმას თავდაპირველად
გულში ინახავს, ჯავრს სანამდის არ ამოიყრის. . .
მაშ, თვით განსაჯე, შეძლებ იყო შემწე, შემხიდე?”
85 ფეხმარდმა გმირმა აქილევსმა მიუგო კალქანტს:
”ღვთის ნება გვამცნე გაბედულად, რაც უნდა იყოს!
ვფიცავ აპოლონს, ზევსის რჩეულს, რომელსაც, კალქანტ,
შენც ჰფიცავ ხოლმე, როს დანაელთ ღვთის ნებას
ამცნობ –
სანამდის პირში სული მიდგას და ვჭვრეთ მზის ნათელს,
90 დანაელთ შორის შენზე ვერვინ ხელს ვერ შემართავს!
თუნდ იყოს იგი თვით მრისხანე აგამენონი,
მთელს მხედრობაზე ზვიადობით აღმატებული”.
მაშინ თამამად თქვა მისანმა სწორუპოვარმა:
”აღთქმას და ზვარაკს არ მოითხოვს! ღმერთი შემოგვწყრა,
95 რაკიღა ქრისე დაუმცირა აგამენონმა,
ასული აღარ დაუბრუნა, ძღვენიც უარყო.
არვის დაგვინდობს ამისათვის შორსმოისარი
და არ მოიშლის არგიველთა განადგურებას,
სანამ არ მივგვრით მშობელ მამას პირმშოს შავთვალას,
100 და ჰეკატომბეს არ შევწირავთ კუნძულ ქრისეზე.
მხოლოდ მაშინღა დამშვიდდება ღმერთი მრისხანე”.
ეს თქვა თუ არა, აგამენონ ზეწამოიჭრა –
სივრცეთმპყრობელი ატრევსის ძე განრისხებული.
უგლიმი გული აღვსებოდა ბოღმით და ბრაზით,
აალებული თვალებიდან სულ ცეცხლსა ყრიდა. Continue reading