პიროვნებები

ტროას ომი

Troy     ტროას ომი მინოსური ხანის საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ისტორიულ-მითიური მოვლენაა. ეს სამხედრო მოქმედება ითვლება საბერძნეთში იონიელთა მმართველობის ძლიერების პიკად, რის შემდეგაც მათი დაშლა დაიწყო, რასაც დორიელების შემოსევამოჰყვა. ტროას ომის ისტორია  თავის უკვდავ პოემაში “ილიადა” ჰომეროსმა გააცოცხლა. ომის მიზეზი სპარტის მეფის, მენელაოსის მშვენიერი მეუღლე, ელენა გახდა, რომელიც ტროელმა უფლისწულმა პარისმა მოიტაცა. განრისხებული მენელაოსი თავის ძმასთან, აგამემნონთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბერძენთა ალიანსს და მცირე აზიაში მდებარე ტროასკენ დაიძრა.

33მეფე აგამემნონის მეთაურობით აქაველები დიდი ფლოტით გაემართნენ ტროაში და ელენას გამოსახსნელად ქალაქს ალყა შემოარტყეს. ჰომეროსის მიხედვით ბერძნებს ქალღმერთები ათენა და ჰერა ეხმარებოდნენ, რადგან აფროდიტეს რჩევით პარისმა მათი სიამაყე შებღალა. ტროას ალყა ათი წელიწადი გრძელდებოდა. ბოლოს და ბოლოს ომი ითაკას მეფის, ოდისევსის ეშმაკობამ დაასრულა, რომელმაც ბერძნებს ხის დიდი ცხენის აგება ურჩია. როცა ცხენი ააგეს, ოდისევსი სხვა გმირებთან და მეომართა რაზმთან ერთად შიგ დაიმალა, შემდეგ ბერძნები ხომალდებში ჩასხდნენ და ტროას სანაპიროებს მოშორდნენ, თუმცა შორს არ წასულან და ახლო-მახლო ყურეში მიეფარნენ თვალს, ცხენი კი ტროელებს დაუტოვეს “საჩუქრად”, რომელთაც ბერძენთა ეს ძღვენი ქალაქში შეაგორეს. ტროას მეფის ასული, კასანდრა, რომელსაც მომავლის ჭვრეტა შეეძლო, ტროელებს აფრთხილებდა, ბერძენთა ხის ცხენი სატყუარააო, მაგრამ არავინ დაუჯერა. ოდესღაც, როცა მან აპოლონის სიყვარული უარყო, მისგან ბედად დაეწერა, რომ აღარავინ დაუჯერებდა და ასეც მოხდა. როცა დაღამდა, ოდისევსი და მისი მეომრები გამოიპარნენ ცხენიდან და ტროას ჭიშკარი გაუღეს ბერძენთა ჯარს, რომელიც მალულად კვლავ ქალაქს მიუახლოვდა. ბერძნები სწრაფად შეიჭრნენ ქალაქში, დაარბიეს და გადაწვეს, ხოლო მეფე პრიამოსი სიცოცხლეს გამოასალმეს. ჰომეროსის მიხედვით ათწლიანი ალყის განმავლობაში ტროელებსა და ბერძნებს შორის მუდმივი ბრძოლები მიმდინარეობდა, რომელშიც იმ დროის გმირებიც იყვნენ ჩართულები. აგამემნონი, მენელაოსი, ნესტორი, დიომედე, პატროკლე, აქილევსი, აიაქსი და ოდისევსი ბერძენთა მხარეს იბრძოდნენ, ხოლო ჰექტორი, პარისი, პრიამოსი, ენეასი და მემნონი. ბრძოლები ქალაქ ტროას გალავანთან და მის გარშემო ტერიტორიებზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ გმირთა ორთაბრძოლები. აქ ერთმანეთს მენელაოსი და პარისი, ჰექტორი, აქილევსი, აიაქსი და პატროკლე დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰექტორმა დამარცხა პატროკლე და მოკლა, თავადაც განიცადა მარცხი ჯერ აიაქსთან, ხოლო შემდეგ აქილევსთან ბრძოლაში, რომელთან შერკინებისას დაიღუპა კიდეც. ორივე მხარეს მსგავსი ტაქტიკა და შეიარაღება ჰქონდა. ჯარისკაცების ჩაცმულობას, უმეტესწილად, იმდროინდელი ნახატებიდან ვიცნობთ, თუმცა დენდრას ერთ-ერთ სამარხში თითქმის სრული საომარი აბჯარი აღმოჩნდა. აბჯარი

33ბრინჯაოს ფირფიტებისგანაა დამზადებული. იქვე იყო ტახის ეშვების მუზარადი, ბრინჯაოს სამუხლეები, ორი ხმალი და ხისჩარჩოიანი ფარის ნაშთი. ყოველივე ეს დაახლეობით ძვ.წ 1400 წლით თარიღდება. ბრძოლისას ტროელი და ბერძენი მეომრები თავს იცავდნენ დიდი, ხის ჩარჩოზე გადაკრული ხარის ტყავის ფარებით, რომელიც სამნაირი ფორმისა იყო(მრგვალი, კოშკისებური და რვიანისებური), თანაც დიდი და მძიმე, ამიტომ მეომრებს მხარზე ჰქონდათ მოგდებული. ხმლებსა და ხანჯლებს ბრინჯაოსგან ამზადებდნენ. იმ პერიოდის ბერძნული ქალაქის მეფეები გამორჩეულად მამაცი და ძლიერი მეომრები იყვნენ. მათ ევალებოდათ ჯარი საჭმელ-სასმელით, ბინით, მიწითა და მონებით მოემარაგებინათ. ამას მოხელეები აგვარებდნენ სასახლეში, სადაც ბევრი მეომარი ცხოვრობდა. მეფეები და დიდებულები მუზარადებითა და ბრინჯაოს აბჯრით იბრძოდნენ, რიგით ჯარისკაცებს კი მხოლოდ ტყავის ტუნიკებს ურიგებდნენ. ტროა იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ციხე-ქალაქად ითვლებოდა. ეს ქალაქი მაღლობზე იყო აგებული და გარს მძლავრი, სქელი გალავანი ერტყა, ამიტომ ადვილი დასაცავი იყო. ტროას სიძლიერეზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბერძნებმა ვერანაირად ვერ მოახერხეს მისი აღება, სანამ ეშმაკურ ფანდს არ მიმართეს და როგორც იტყვიან “ციხე შიგნიდან არ გატეხეს”.

33აქილევს პელევსის ძე ტროას ომის კოლორიტული ფიგურაა და მან ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ის უკვდავი იყო (არანაირი იარაღით არ შეიძლებოდა მისი დაზიანება) და მისი მოკვლა მხოლოდ ქუსლში დაჭრით შეიძლებოდა, რადგან როდესაც დედამისი, ქალღმერთი თეტიდა უკვდავების სითხეში (ამბროსიაში) აბანავებდა, ქუსლით ეჭირა, ამიტომ ფეხის ეს ნაწილი დაუცველი დარჩა. ყმაწვილობაში აქილევსს კენტავრი ქირონი ზრდიდა და ასწავლიდა. როდესაც წამოიზარდა, აქილევსი მირმიდონელების მეთაური გახდა, რომელთაც მანამდე მამამისი, პელევსი მეთაურობდათ. ოდისევსმა და ნესტორმა მოახერხეს მისი დათანხმება, რომ მონაწილეობა მიეღო ტროას ომში. აქილევსი 50 ხომალდით და მირმიდონელთა ჯარით დაიძრა ლეგენარული ქალაქისაკენ. აქილევსი ამ დიდ ბერძნულ დაპირისპირებაში პირადი სახელის მოსაპოვებლად ერთვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას უწინასწარმეტყველეს ტროას ომში დაღუპვა, თუმცა დიდების მოპოვება. აქილევსს არ უყვარდა მიკენეს მეფე და ტროას ომში ბერძენთა არმიის სარდალი, აგამემნონი და მასთან ხშირად მოსდიოდა ჩხუბი, რის გამოც ერთხელ ომი მიატოვა და მხოლოდ ჰექტორის მიერ პატროკლეს მოკვლის შემდეგ დაბრუნდა. აქილევსმა მრავალ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. მან დაამარცხა და მოკლა ტროას ყველაზე ძლიერი მეომარი და მთავარსარდალი, ჰექტორ პრიამოსის ძე, თუმცა თავადაც მალე დაიღუპა, რადგან ქუსლში ისარი მოხვდა. ლეგენდის მიხედვით ეს ისარი პარისმა ესროლა, ხოლო აქილევსის ქუსლისკენ გზა აპოლონმა გაუკვლია. დიდი ბერძენი გმირი დაეცა, თუმცა მისი დიდება საუკუნეებს შემორჩა.

33აგამემნონ ატრევსის ძე– ბერძენთა ძალების მთავარსარდალი ტროას ომში და მიკენეს ყველაზე ცნობილი მეფე, სპარტის მეფის, მენელაოსის ძმა, რომლის ცოლის, ელენას მოტაცებისთვის ჩაერთო ტროას ომში და საბოლოოდ გამარჯვებითაც დაასრულა ეს წამოწყება. პიროვნულად აგამემნონი პატივმოყვარე და ამაყი, თუმცა ჭკვიანი და გამოცდილი მმართველი და სარდალი იყო. მან ბევრჯერ გამოიჩინა თავი როგორც მამაცმა მეომარმა და ბრძენმა მეთაურმა. ხშირად მოსდიოდა დაპირისპირება აქილევსთან, რომელმაც ერთხელ მასზე გაბრაზების გამო დროებით ტროას ომი მიატოვა. აგამემნონმა ათწლიანი ალყის შემდეგ საბოლოოდ მაინც აიღო ტროა და ცეცხლს მისცა. როდესაც ძლევამოსილი ხელმწიფე მიკენეში დაბრუნდა, თავისი ცოლის, კლიტემენესტრას და მისი საყვარლის, ეგისთეს მსხვერპლი შეიქმნა. 

33აიაქს დიდი (ეანტ ტელამონიდი) – დიდი ბერძენი მებრძოლი და ტროას ომის გმირი. აიაქსი სალამინის მეფის, ტელამონის ძე და აქილევსის ბიძაშვილი იყო. ლეგენდის მიხედვით ტელამონის ძე ჰერაკლემ ლომის ტყავში გაახვია, რის შემდეგაც მისი სხეულის დაზიანება შეუძლებელი გახდა, როგორც აქილევსისა, თუმცა აიაქსსაც ჰქონდა სუსტი ადგილი, ეს იყო მისი იღლია. ტროას ომში მონაწილეობაზე აიაქ დიდი სიხარულით დასთანხმდა და 12 ხომალდი და საკმარისი რაოდენობის ჯარი გამოიყვანა ბერძენთა დროშის ქვეშ. ჰომეროსის “ილიადის” მიხედვით აიაქსი ბერძენ გმირებს შორის ყველაზე მამაცი და ძლიერი იყო აქილევსის შემდეგ. მან შესძლო ჰექტორის დამარცხება ორთაბრძოლაში, თუმცა ტროელმა უფლისწულმა მოახერხა გაქცევა. აიაქსმა დახოცა ბრძოლაში ჰიპოდამი, ხრომია და 28 ცნობილი ტროელი მებრძოლი. აიაქსმა გაიმარჯვა აქილევსისა და პატროკლეს სიკვდილის შემდეგ გამართულ საპატიო თამაშებზე, თუმცა როდესაც მოისურვა აქილევსის აღჭურვილობის მიღება, აგამემნონმა, ოდისევსმა და ნესტორმა არ დაუთმეს. ამის გამო ის ჭკუაზე შეიშალა და თავი მოიკლა.

33ოდისევს ლაერტას ძე – ითაკას მეფე, პენელოპას ქმარი, ტელემაქეს მამა და ბერძენთა ერთ-ერთი გამორჩეული მეთაური იყო ტროას ომში. იგი ცნობილი იყო როგორც ენაწყლიანი ორატორი, მამაცი მეომარი, შესანიშნავი მშვილდოსანი და ცბიერი სარდალი. ოდისევსმა ტროასთან ომში 12 ხომალდი და ითაკაში შეკრებილი ჯარი გამოიყვანა. ორთაბრძოლებში დაამარცხა 17 მებრძოლი. გაგზავნილი იყო ელჩად ტროაში. აქილევსის სიკვდილის შემდეგ მიიღო მისი აღჭურვილობა, რომელიც აქილევსის ძეს, ნეოპტოლემაიოსს გადასცა და ომში მონაწილეობის მიღება სთხოვა. ოდისევსი განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ მან მოიფიქრა დიდი ხის ცხენის გაკეთება, რომლითაც ტროაში უჩუმრად შევიდოდნენ (ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით ეს იდეა მას სხვამ მიაწოდა, თუმცა მისი განხორციელება სწორედ ოდისევსმა დაიწყო). თვითონ ოდისევსიც ხის ცხენში იჯდა, როდესაც ტროელებმა ბერძენთა ეს “საჩუქარი” ქალაქში შეაგორეს. ტროას დაცემის შემდეგ ოდისევსი ითაკასკენ გაემგზავრა. სწორედ მის მოგზაურობაზე ააგო ჰომეროსმა პოემა “ოდისეა”. ამის გამო ის ჭკუაზე შეიშალა და თავი მოიკლა.

33ნესტორი – ტროას ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე, პილოსის მეფე. მიუხედავად მოხუცებულობისა, ომში სიმამაცე და სიბრძნე გამოავლინა. ახალგაზრდობაში მონაწილეობდა კალედონურ ნადირობაში და არგონავტიკაში. ტროას ომში 90 ხომალდით და საკმაოდ დიდი არმიით გამოცხადდა. დიდი გავლენა გააჩნდა აგამემნონზე და სხვა სამხედრო მეთაურებზე. ტროას აღების შემდეგ დაბრუნდა პილოსში, სადაც გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული.

33მენელაოსი – სპარტის ლეგენდარული მეფე, აგამემნონის ძმა, ელენას მეუღლე და ტროას ომის ერთ-ერთი მთავარი მოთავე იყო. პარისის მიერ ელენას მოტაცების შემდეგ სწრაფად ამოქმედდა და თავის ძმასთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბერძნულ კოალიციას და გამოიყვანა სპარტანელი მეომრებით სავსე 60 ხომალდი. “ილიადას” მიხედვით ომში 8 ცნობილი ტროელი მეომარი მოკლა. ასევე დაამარცხა პარისი ორთაბრძოლაში, თუმცა ამ უკანასკნელმა გაქცევა მოახერხა. პატროკლეს სიკვდილის შემდეგ მენელაოსი გააფთრებით იცავდა მის გვამს მტრისაგან. პატროკლეს დასაფლავების შემდეგ გაიმარჯვა საპატიო თამაშებისას გამართულ შუბის ტყორცნაში, ხოლო აქილევსის სიკვდილის შემდეგ გამართულ თამაშებში გაიმარჯვა ეტლებით რბოლაში. ტროას აღების შემდეგ სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე ბევრი ფათერაკი შეემთხვა, თუმცა მაინც მოახერხა დაბრუნება. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ტროაში ელენასთან ერთად.

33ჰექტორ პრიამოსის ძე – მამაცი ტროელი მხედართმთავარი და ტროას უფლისწული იყო. მან ტროას ომში დიდი როლი ითამაშა რადგან  სწორედ მისი დახმარებით გაუძლო ტროამ ათწლიან ალყას. გაიუს იულიუს გიგინი გვეუბნება, რომ ჰექტორმა 31 მებრძოლი დასცა ბრძოლის ველზე, ხოლო ჰომეროსის “ილიადა” იუწყება რომ ტროელმა მხედარმთავარმა 28 ბერძენი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთ-ერთ შეტაკებაში მან აქილევსის ნათესავი პატროკლე მოკლა. მირმიდონელები უკვე წასვლას აპირებდნენ, როდესაც აქილევსმა ეს ამბავი შეიტყო. აქილევსმა ჰექტორი ორთაბრძოლაში მოკლა და ეტლზე გამობმულს ტროას გარშემო რამდენიმე წრე დაარტყმევინა.

33პარის პრიამოსის ძე – ჰექტორის უმცროსი ძმა იყო, თუმცა მისგან განსხვავებით პარისი სიმამაცით არ გამოირჩეოდა. პარისს ტროას ომში თითქმის არ უბრძოლია.”ილიადას” მიხედვით მან მხოლოდ 3 ბერძენი მეომრის მოკვლა მოახერხა. როცა ბერძნებმა ტროაში შეაღწიეს პარისი აქილევსს ჩაუსაფრდა და  ქუსლში დაჭრა ისრით თუმცა მალე თავადაც იგივე ბედმა უწია. ის ფილოქტეტესმა შხამიანი ისრით განგმირა.

33პრიამოსი – ტროას უკანასკნელი მეფე. ტროას ომის დროს ის იმდენად მოხუცი იყო, რომ ბრძოლებში მონაწილეობა არც მიუღია და  მხოლოდ ერთხელ გავიდა ბრძოლის ველზე, რათა მისი ვაჟის პარისისა და მენელაოსის ორთაბრძოლა ენახა. ჰექტორის სიკვდილის შემდეგ ჰერმესის (ვაჭრობის და ქურდობის ღმერთი) დახმარებით პრიამოსი აქილევსის კარავში შეიპარა და ჰექტორის სხეული მოსთხოვა. საბოლოოდ პრიამოსი ნეოპტოლემაიოსმა მოკლა,როდესაც ის ზევსის ტაძარს იცავდა.

Categories: პიროვნებები, სხვა, წიგნები | 2 Comments

ილიადა

ილიადას მეხუთე საუკუნის მანუსკრიპტი   ილიადა (ბერძნ. Ἰλιάς) — ნიშნავს „ტროას მიკუთვნებულს“. ილიადა ევროპის ერთერთი პირველი წიგნია რომელიც ევროპაში დაიწერა და დღემდეა შემონახული. იგი ჰომეროსის დაწერილი 15.693 ჰეკზამეტრისგან შემდგარი ეპიკური პოემაა და ბერძნული ლიტერატურის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. მისი საფუძველი იყო ბერძენ გმირებზე შექმნილი მრავალრიცხოვანი მონათხრობები. ილიადას მოქმედება ხდება ტროას (ილიონის) ალყის მეათე წელს და დროის მცირე მონაკვეთს მოიცავს. მეცნიერთა აზრით დღევანდელი ტექსტი ალექსანდრიელი მეცნიერების რედაქციითაა შემორჩენილი.

33ილიადა დაიწერა ქრისტეშობამდე მერვე საუკუნეში. მისი ორიგინალი დამწერლობა ჰომეროსული ბერძნულით და იონიკური დიალექტითაა შესრულებული და შესდგება 24 წიგნში (სიმღერაში) გაერთიანებული 15.693 სტრიქონისაგან. იგი ქრ.შ. VIII საუკუნეში დაიწერა და XVI საუკუნეში გადაითარგმნა. ბრძოლაში ერთვება ორი მხარე მეფე აგამემნონი და მეომარი აქილევსი. ილიადაში თხრობა იწყება აქიელების მეფის აგამემნონის მიერ აპოლონის ტროელი ქურუმის ქრისეს ქალიშვილის ქრისეიდას მოტაცებით. სასოწარვეთილი  ქრისესი დახმარებას აპოლონს სთხოვს და ისიც სამეფო ჯარს ეპიდემიას უვლენს. ცხრადღიანი ეპიდემიის შემდეგ აქილევსი აკრიტიკებს აგამემნონს და აიძულებს ტყვე უკან დააბრუნოს. მაგრამ ის თანხმდება აქილევსის ტყვე ქრისეიდაში მხოლოდ ერთი ტყვის ბრისეიდას გაცვლას. გაბრაზებული აქილევსი ჯართან ერთად სახლში დაბრუნებას აპირებს. ამასობაში აქილევსი დედამის ფეტიდას ეუბნება, ზევსს სთხოვოს ბრძოლისას ბერძნების  ისეთ სირთულემდე მიყვანას რომ მისი დახმარება დასჭირდეთ. ზევსი აგამემნონს სიზმარს უვლენს რომელშიც მოუწოდებს რომ ტროას თავს დაესხას. აგამემნონი სიზმარს ითვალისწინებს, თუმცა ბერძნულ არმიას ცდის და ეუბნება სახლში დაბრუნდნენ. მხოლოდ ოდისევსის ჯარი რჩება ათენას შთაგონებით. ოდისევსს ქრისეიდა მამასთან მიჰყავს და ეპიდემიაც ჩერდება. ცხრა წლიანი ალყა ლამის ჩაიშალოს, მაგრამ სიტუაციას იხსნის ოდისევსი. ოდისევსი სჯის თერსიტესს, რიგით დეზერტირ ჯარისკაცს. სადილობის შემდეგ ბერძნების ჯარი ლაგდება ქალაქ ტროას შემოგარენში. ამაზე საპასუხოდ ტროას მეფე ტრიამიც აგზავნის ჯარს. სანამ ორი არმია ერთმანეთს შეეჯახება მისი ძმისაგან ჰექტორისგან იძულებით პარისი სიტყვით გამოდის და ელენეს ქმარს მენელაუსს დუელში იწვევს. ბრძოლაში პარისი მარცხდება, თუმცა სასიკვდილო დარტყმამდე მას აფროდიტე იხსნის და ელენესთან წაიყვანს (დასაწოლად)  ჰომეროსი მეორე სიმღერაში აღწერს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარის ძალებს. ტროის კედლებთან აგამემნონის წინამძღოლობით 1.186 გემმა მიაღწია 130 ათას მეომარზე მეტი შემადგენლობით. ჯარი შესდგებოდა ელადის სხვადასხვა ნაწილის მეომრებისაგან, როგორიცაა არგოსი, არკადია, ათენი, ლოკრიდა, იტაკა, ეპირი, კრეტა, ლაკედემონი, მიკენე, როდოსი, ფესალია, ფოკიდა, ევბეა, ელიდა, ეტოლია და სხვები. ხოლო ტროას მხარეს ჰეკტორის წინამძღოლობით იბრძოდნენ დარდანელების, კარიელების, ლიკიების, მეონების, მიზების, პაფლაგონელების, პელასგების, თრაკიელების და ფრიგიელების ჯარები. რადგან ტროას ომი ელენეს მოტაცებით დაიწყო მესამე სიმღერაში ბრძოლაში ერთვებიან ელენეს კანონიერი ქმარი მენელაოსი და ფაქტიური ქმარი პარისი. მენელაოსი იმარჯვებს, თუმცა დაჭრილი პარისი ქალღმერთ აფროდიტეს ბრძოლის ველიდან გაჰყავს რითაც ბრძოლა დაუსრულებელი რჩება. აქიელებს ათენა, ხოლო ტროელებს აპოლონი , არესი და აფროდიტე მფარველობს. მეხუთე სიმღერაში მოთხრობილია თუ როგორ აყენებს ჭრილობებს აქიელი მეომარი დიომედე უკვდავ ღმერთებს არესს და აფროდიტეს. ქალღმერთი ათენას ძალისაგან შეშინებული ტროას ლიდერი ჰექტორი ტროაში ბრუნდება და ქალღმერთს დიდებულ მსხვერპლს სწირავს. მას პარისის საქციელის სრცხვენია და თავის ცოლ ანდრომაქას აიმედებს რომ მაინც გაიმარჯვებენ. მეშვიდე სიმღერაში ჰექტორი უბრუნდება ბრძოლის ველს და აქეელების  ყველაზე ძლიერ მებრძოლს იწვევს ორთაბრძოლაში. გამოწვევაზე აიაქს დიდი პასუხობს. ისინი დაღამებამდე იბრძოდნენ თუმცა ვერცერთმა ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. ამასობაში კი ზევსი ტროელებისკენ გადაიხარა, ხოლო პოსეიდონი აქიელების ერთგული რჩება. აქიელების წარმომადგენლობა აქილევსთან მიდის, რომლის არმიაც აგამემნონთან უთანხმოების გამო უმოქმედოდ დგას. თავდასხმის საწინააღმდეგოდ ტროელებმა თითქმის გაანადგურეს აქეელების ფლოტი, თუმცა ქალღმერთმა ჰერამ მოახერხა ზევსის დაძინება და თავისი რჩეულები სიკვდილისაგან იხსნა. როდესაც აქილევსმა გადამწვარი ფლოტი დაინახა ტროელების დასასჯელად 2.500 მეომარი გააგზავნა პატროკლეს მეთაურობით. თავად აგამემნონთან უთანხმოების გამო არ გაჰყვა მეომრებს. შერკინებისას მეთაური პატროკლე დაიღუპა ევფორბეს და ჰექტორის მახვილით. მეგობრის მოკვლის გამო შურისძიების წყურვილით შებყრობილი აქილევსი ჰექტორს ყელს გამოჭრის და მოკლავს. ილიადის დასასრულს ოცდამეოთხე სიმღერაში ნახსენებია, რომ  აქილევსი იწყებს დავას რომ პატროკლეს ცხედარი მამამისს პრიამოსს არ გადასცენ, თუმცა 12 დღის შემდეგ მაინც აძლევს მას.

აქიელები:

,

აგამემნონი – მიკენიის მეფე და ბერძნების მეთაური.

აქილევსი – მირმიდონების ლიდერი ნახევრადღმერთი გმირი მეომარი.

ოდისევსი – იტაკას მეფე, ძლევამოსილი ბერძენი მეთაური და „ოდისეას“ გმირი.

აიაქს დიდი – ტელამონის შვილი.

მენელაუსი – სპარტას მეფე, ელენეს ქმარი და აგამემნონის ძმა.

დიომედესი – ტიდეოსის შვილი და არგოსის მეფე.

აიაქს მცირე – ტელამონის შვილი და აიქს დიდის თანამებრძოლი.

პატროკლე – აქილევსის ახლო მეგობარი და თანამებრძოლი. ზოგიერთი ცნობით საყვარელი.

ნესტორი – პილოსის მეფე და აგამემნონის მრჩეველი.

ტროელები:

,

ჰექტორი – მეფე პრიამოსის შვილი და ტროელების ჯარის მხედართმთავარი.

ენეასი – ანქისეს და აფროდიტეს შვილი.

დეიფობი – ჰექტორის და პარისის ძმა.

პარისი – ელენეს შეყვარებული.

პრიამოსი – ტროას უკანასკნელი მეფე.

პოლიდამასი – ტროელი ჯარის ერთ-ერთი მეთაური.

აგენორი – ტროელი მებრძოლი, რომელსაც აქილევსის დამარცხება უნდოდა.

სარპედონი – ზევსის შვილი,  ტროელების თანამებრძოლი, გლაუკუსის მეგობარი და ლიკიანელი მთავარსარდალი.

ევფორბე – მეომარი, რომელმაც პატროკლე პირველად დაჭრა.

დოლონი – ტროელების ჯაშუში ბერძნებთან.

ანტენორი – მეფე პრიამოსის მრჩეველი, რომელიც ბრძოლის დასასრულს ელენეს დაბრუნებას ეწინააღმდეგება.

პოლიდორუსი – პრიამოსის და ლაოთეს შვილი.

პანდარუსი – ცნობილი მშვილდოსანი და ლიკაონის შვილი.

ჰექუბა – პრიამოსის ცოლი და ჰექტორის, პარისის და კასანდრას დედა.

ელენე – ზევსის შვილი, მენელაუსის ცოლი, პარისის და შემდგომ დეიფობუსის შეყვარებული.

ანდრომაქე – ჰექტორის ცოლი და ასტიანაქსის დედა.

კასანდრა – პრიამოსის ქალიშვილი, რომელსაც აპოლონმა წინასწარმეტყველების ნიჭი უბოძა. მაგრამ მან ღმერთი უარყო და დაიწყევლა.

ბრისეიდა – ბერძნების მიერ შებყრობილი ტროელი ქალი.

ღმერთები

,

ტროელებისკენ:

არტემისი

აპოლონი

აფროდიტე

არესი

ერისი

ლეტო

სკამანდერი

ფობოსი

დეიმოსი

აქაელებისკენ:

ჰერა

ათენა

პოსეიდონი

ირისი

თეტისი

პროტეუსი

ნეიტრალური:

ზევსი

ჰადესი

ჰერმესი

ჰეფესტო

,

,

,

ილიადას წიგნი

Categories: პიროვნებები, წიგნები, ჰომეროსი | ტეგები: , , | დატოვე კომენტარი

პელოპი

На греческих вазах Пелопс изображался едущим на колеснице с Гипподамией (Метрополитен-музей)   ღმერთების მამამთავრის ზევსის შვილიშვილი, ლიდიის მეფის ტანტალოსისა და ტიტანი ატლანტის ასულის დედოფალ დიონას ვაჟიშვილი პელოპი ღმერთების პატივისცემითა და კეთილმსახურებით და თავისი ყოველდღიური სამართლიანობით დიდად სახელგანთქმული იყო მთელ სახელმწიფოში.
სახელმწიფოს მკვიდრნი ყველანი დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ თავის საყვარელ მეფეს და სრულ იმედს გამოთქვამდნენ, რომ ყველგან და მარადის გულკეთილი, ყველას შემბრალე და გამკითხავი მეფე მკვიდრთ უნუგეშოდ არ დატოვებდა და მათი მომავალი ცხოვრების გასაუმჯობესებლად შრომასა და ენერგიას არ დაზოგავდა. ყოვლად შემძლებელი ღმერთებიც დიდად აფასებდნენ პელოპის უაღრესად კეთილშობილურ მისწრაფებებს და ყოველ კერძო შემთხვევაში დახმარებას არ აკლებდნენ. სწორედ იმ დროს, როცა ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა ტანტალოსი ჩადენილი დანაშაულის მოსახდელად საიქიოს სამეფოში გაგზავნეს, პელოპს მახლობელ სახელმწიფოს ტროადის მეფე ილისთან მოუხდა შეტაკება. ამ ბრძოლაში ძლეული პელოპი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა თავისი სახელმწიფო და საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში ხანგრძლივ მოგზაურობას შესდგომოდა. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს პელოპმა შეირთო ელიდის მეფის ენომაოსის ასული, სილამაზით მთელ სახელმწიფოში სახელგანთქმული, მშვენიერი ჰიპოდამია. მაგრამ იმ დროსა და პირობებში ჰიპოდამიას ცოლად შერთვა მეტად სამძიმო საქმე იყო, რომლის შესრულებაც პელოპის გარდა ვერც ერთმა საბერძნეთის წარჩინებულმა გმირმა ვერ შეძლო. მეფე ენომაოსს ორაკულმა ოდესღაც უწინასწარმეტყველა: როგორც კი შენს ასულს ჰიპოდამიას გაათხოვებ, დაუყოვნებლივ მოკვდებიო. მეფე მეტად შეაშინა ორაკულის ამ წინასწარმეტყველებამ და ყოველი საშუალებით ცდილობდა მომავალი სასიძოები ჩამოეშორებინა და ჰიპოდამია არ გაეთხოვებინა. მეფე ენომაოსი ასეთ პირობას უდებდა მომავალ სასიძოებს: მეფე თავის ქალიშვილს მხოლოდ იმას მიათხოვებდა, ვინც ეტლებით შეჯიბრებაში მეფეს სძლევდა. თუ სასიძო ამას ვერ შეძლებდა, მეფის ბრძანებით იგი სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა.
333შეჯიბრებაში მონაწილე სასიძოები ოთხცხენიანი ეტლით უნდა გამოსულიყვნენ დანიშნულ ადგილას. როგორც კი მსხვერპლის შეწირვას მორჩებოდა, მეფე მეეტლე მირტილის თანხლებით ოთხცხენიანი ეტლით უნდა გამოსულიყო შეჯიბრებისათვის დანიშნულ მოედანზე და გამოსდევნებოდა სასიძოს ეტლს. თუ მეფე ენომაოსი გზაში დაეწეოდა სასიძოს ეტლს, მეეტლე მირტილს სრული უფლება ჰქონდა თავისი ისრით გაეგმირა სასიძო. მრავალი წარჩინებული გმირი ცდილობდა შეჯიბრებაში გამარჯვებას და მშვენიერი ჰიპოდამიას შერთვას. სასიძოები დიდის სიამოვნებით თანხმდებოდნენ მოხუცი მეფის მიერ წამოყენებულ პირობებზე იმ იმედით, რომ შეჯიბრებაში გაიმარჯვებდნენ. სასიძოები განუწყვეტლივ მოდიოდნენ ელიდაში და მეფე ენომაოსს შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ნებართვას სთხოვდნენ. მეფე დიდის თავაზიანობით ეგებებოდა თითოეულ მათგანს და სიამოვნებით უთმობდა ეტლისა და ცხენების მთელ მორთულობას. სასიძო ამაყად თავმომწონედ ჯდებოდა საუცხოოდ გამართულ ეტლში და დანიშნული ადგილისაკენ ცხენებს ელვის სისწრაფით მიაქროლებდა. მეფე ენომაოსი ჯერ ღმერთებს შესწირავდა მსხვერპლს და შემდეგ ეტლში შებმული თავისი ფეხმალი ცხენებით დაედევნებოდა შეჯიბრებაში მონაწილე სასიძოს. შეჯიბრება ყოველთვის მეფე ენომაოსის გამარჯვებით მთავრდებოდა. მეეტლე მირტილი ხელში მაგრად იმარჯვებდა ბასრ ისარს და, დადებული პირობის მიხედვით, თავმომწონე სასიძოს სიცოცხლეს ასალმებდა. ამრიგად მირტილმა ელიდის მრავალ წარჩინებულ გმირს მოუსპო სიცოცხლე. მეფე ენომაოსი ყოველთვის დიდის აღტაცებით ეგებებოდა თავის ასეთ გამარჯვებას, რადგანაც მოხუც მეფეს ერთი წუთითაც არ ავიწყდებოდა ორაკულის საბედისწერო წინასწარმეტყველება. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ პელოპი ელიდაში მივიდა და, როგორც კი მშვენიერ ჰიპოდამიას მოჰკრა თვალი, გადაწყვიტა მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება და გამარჯვების შემდეგ მშვენიერი ჰიპოდამიას შერთვა. პელოპმა, სანამ იგი შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებდა, თავის მფარველ ღმერთს პოსეიდონს ასეთი სიტყვებით მიმართა: „ყოვლად შემძლებელო, ზღვათა და ოკეანეთა მბრძანებელო, დიდო პოსეიდონ
ღმერთო! თუ ჩემი მსხვერპლი შენ ოდესმე შეგიწირავს და ჩემთვის შენი ღვთაებრივი მოწყალება მოგიღია, გთხოვ, მხურვალედ გევედრები მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში გამარჯვება მარგუნო და მეეტლე მირტილის საბედისწერო ისარი ამაშორო! ყოვლად მოწყალე დიდებულო პოსეოდონ, ქალღმერთს აფროდიტეს გაფიცებ, დამითმე შენი ღვთაებრივი სწრაფი ეტლი და შეჯიბრებაში გამარჯვება მარგუნე!“ პოსეიდონმა შეისმინა პელოპის მხურვალე ვედრება. თვალუწვდენელ ზღვის სივრცეზე აბობოქრდნენ ტალღები. ზღვის ნაპირას უკვე ისმოდა ცხენების ფეხთა ხმაური და ჭიხვინი. უეცრივ ზღვის ნაპირს მოადგა ოქროს ეტლი, რომელშიაც შებმული იყო ოთხი ფეხმალი, ფაფარაყრილი ცხენი. გახარებული პელოპი მარდად ჩაჯდა ეტლში და ელვის სისწრაფით გაქროლა შეჯიბრების ადგილისაკენ. მეფე ენომაოსი პოსეიდონის ოქროს ეტლის დანახვაზე ერთიანად შეშფოთდა და მეტის შიშისაგან თავზარი დაეცა. მართალია, ენომაოსმა პოსეიდონის ეტლის ძლევამოსილება იცოდა, მაგრამ სასიძოებთან დადებული პირობების ჩაშლა და უარყოფა მიუღებლად მიიჩნია. მოხუცმა მეფემ თანხმობა გამოუცხადა ძლევამოსილ გმირს პელოპს შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებაზე. მცირედი დახანების შემდეგ პელოპი თავმომწონედ ჩაჯდა ოქროს ეტლში და შეჯიბრების ადგილისაკენ გაქროლდა. დაიწყო საბედისწერო შეჯიბრება. პელოპის ეტლი ჩიტივით მიფრინავდა გაშლილ მოედანზე და ის იყო კიდევაც გამარჯვებით უნდა მიეღწია დანიშნულ ადგილას. მაგრამ პელოპს უეცრივ შემოესმა უკნიდან ეტლის ხმაური. შეშინებულმა პელოპმა უკან მოიხედა და გარკვევით შეამჩნია, რომ მეეტლე მირტილი ხელში ბასრ ისარს იმარჯვებდა და ის იყო უნდა ეტყორცნა. მაგარამ პელოპის სასიხარულოდ მირტილმა პოსეიდონ ღმერთის განკარგულებით მეფე ენომაოსის ეტლი ქვას დააჯახა, და ეტლი სულ ერთიანად ნაკუწ–ნაკუწად იქცა. მეფე ენომაოსი ჩამოვარდა და საბრალომ მყისვე განუტევა სული. სწორედ ამ დროს მეხმა საშინლად იგრიალა და მეფე ენომაოსის სასახლეში ცეცხლის ალი დაატრიალა.

333შეჯიბრებაში გამარჯვებული პელოპი ელვის სისწრაფით გაექანა მეფის სასახლისაკენ და თავისი საყვარელი ჰიპოდამია უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა. ძლევამოსილმა პელოპმა სულ მოკლე ხანში შეირთო მშვენიერი ჰიპოდამია და ბრწყინვალე ქორწილი გააჩაღა, რომელზედაც მოწვეული ჰყავდა მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი. მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში გამარჯვებამ პელოპს დიდი სახელი მოუხვეჭა. ელიდის მოსახლეობამ ძლევამოსილი გმირი მეფედ აირჩია და მის სახელს ყველგან და მარადის დიდის პატივისცემით და სიყვარულით იხსენიებდა. ხალხის ასეთი ნდობითა და სიყვარულით გამხნევებული მეფე დღედაღამ განუწყვეტლივ შრომობდა, რომ სახელმწიფოს მკვიდრთა კულტურული და ეკონომიური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა და სათანადო სიმაღლეზე დაეყენებინა. პელოპმა თავის სახელმწიფოს შემოუერთა ოლიმპია, საცა მოიწყო ეგრეთწოდებული „ოლომპიის გასართობები“, რომელთა გარშემო იკრიბებოდნენ ძველი ელადის სხვადასხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მკვიდრნი და ერთი–მეორეს მტკიცედ უკავშირდებოდნენ. მეეტლე მირტალს, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია პელოპს შეჯიბრების დროს, მეფემ თავისი სახელმწიფოს ნახევრის დათმობა აღუთქვა საჩუქრად. მაგრამ, სამწუხაროდ, მეფემ ეს დაპირება არ შეასრულა, რის გამო მირტალმა პელოპი და მთელი მისი შთამომავლობა სამუდამოდ დაწყევლა და შეაჩვენა. მირტალის ეს წყევლა–კრულვა მეფე პელოპს მუდამ სდევნიდა და მის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას წარუშლელ ლაქას სდებდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, სახელმწიფოს მკვიდრნი მაინც დიდ ნდობას უცხადებდნენ თავის საყვარელ გმირს და მის დაუვიწყარ სახელს შარავანდის სხივებით მოსავდნენ.

Categories: პიროვნებები, სხვა | დატოვე კომენტარი

პიგმალიონი და გალათეა

     ძველი დროის მხატვარ–მოქანდაკეთა შორის პიგმალიონს მეტად საპატიო ადგილი ეკავა. დიდებული მხატვრის სამშობლო კუნძულ კვიპროსის მკვიდრნი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ყველანი განცვიფრებაში მოდიოდნენ პიგმალიონის ნიჭითა და ხელოვნებით.
მხატვარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი ხელოვნური ნაწარმოებნი კიდით–კიდემდე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. ახალგაზრდა მხატვრის თითოეულ ნაწარმოებს ერთიორად ჰმატებდა ღირსებას შინაგანი და გარეგანი სილამაზის ხელოვნურად შეკავშირება. ყველგან და ყველაფერში დიდებული მხატვარი საჭიროდ თვლიდა შინაგანი და გარეგანი სიმშვენიერის ჰარმონიულად შეზავება–შეკავშირებას.
33მხატვრის სწორედ ასეთი შეხედულებით აიხსნებოდა ის გარემოება, რომ ახალგაზრდა პიგმალიონს კიპროსის მკვიდრთა ქალიშვილებს შორის მეუღლეც კი ვერ მოეძებნა: სილამაზე–სიმშვენიერის თაყვანისმცემელს კიპროსის მოკვდავ ქალებს შორის ვერცერთი ლამაზად ვერ დაესახა. ერთხელ დიდებულმა მხატვარმა სპილოს თეთრი ძვლებისაგან გამოაქანდაკა ისეთი სილამაზით შემკული ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი მთელს დედამიწის ზურგს  არასოდეს არ მოვლინებია. თითოეული მნახველი, კაცი თუ ქალი, განცვიფრებით შეჰყურებდა ახალგაზრდა ქალის – გალათეას ქანდაკებას და ასე ეგონა, აი, საცაა ხმას ამოიღებს ეს უმშვენიერესი ქმნილება და თავისი ადგილიდან დაიძვრისო. თითოეული მნახველი უხმოდ, უსიტყვოდ იდგა ქანდაკების წინაშე და ერთ წუთსაც თვალს ვერ აშორებდა დიდებული ნაწარმოების დიად სიმშვენიერეს. ახალგაზრდა ქალის სურათი ისე ცხოველმყოფელი, ისე თვალისა და გულის წარმტაცი იყო, რომ სრულიად გავიწყდებოდათ, უსულო ქანდაკებას შეჰყურებდით, თუ სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე ახალგაზრდა ქალს. თვით დიდებული მხატვარიც კი აღტაცებაში მოდიოდა თავისი ნაწარმოების სიმშვენიერით და განსაზღვრულად ტკბებოდა დიადი სურათის ცქერით.
33პიგმალიონი მთელი დღე გარს უვლიდა ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და დროგამოშვებით ეჭვიც კი ებადებოდა, ცოცხალი ქალის სურათის ხილვით ტკბებოდა, თუ სპილოს ძვლებიდან გამოქანდაკებული უსულო ქმნილებით. მხატვარი დიდის მოკრძალებით შეეხო ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და ასე ეგონა, თითქოს სპილოს ძვლების მაგივრად ხორცშესხმულ, სიცოცხლით და ძალღონით სავსე ახალგაზრდა ქალს ხელის შეხებით ეხმატკბილებოდა. მხატვრის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. პიგმალიონს ასე ეჩვენებოდა, თითქოს ახალგაზრდა ქალი კიდევაც ტკბებოდა და ნაზად ესაუბრებოდა. პიგმალიონმა, ნიშნად ღრმა პატივისცემისა, უხვად შეამკო ახალგაზრდა ქალის ქანდაკება სხვადასხვა სურნელოვანი ყვავილითა და თაიგულებით. ძვირფასი მდიდრული ტანსაცმლით შემოსა ახალგაზრდა მხატვარმა ქანდაკების სხეული, ხელების თითები ერთიანად მოუჭედა ძვირფასთვლებიანი ბეჭდებით და ლამაზად მოღერებული ყელი კი ასეთივე თვლებით მოჭედილი ფარღულით.
33კუნძულ კვიპროსის ქუჩებს სადღესასწაულო სახე მიეღო. ყველანი მორთულ–მოკაზმულიყვნენ და ქალღმერთ აფროდიტეს საკურთხევლისაკენ მიეშურებოდნენ მსხვერპლის შესაწირად.
კვიპროსელები ამ დღეს ქალღმერთ აფროდიტეს სახელწოდების დღეს დღესასწაულობდნენ. სხვა მრავალ მლოცველს შორის აფროდიტეს საკურთხევლის წინაშე პიგმალიონიც წარსდგა და მოკრძალებით, მაგრამ გულმხურვალედ შესთხოვა ქალღმერთს: „მოწყალეო ქალღმერთო! თუ ყოვლის შემძლე ღმერთი ხარ, მოიღე მოწყალება და ჩემს მეუღლედ დასახე ის ახალგაზრდა ქალი…“ – დიდებულ მხატვარს უნდოდა ეთქვა ცოლად დამისახე ის ქალი, რომელიც სპილოს ძვლებიდან გამოვაქანდაკეო, მაგრამ ამის გამოთქმა ვერ გაბედა. ბოლოს, როგორც იქნა, თუმცა დიდის გაჭირვებით, პიგმალიონმა ასე დაამთავრა თავისი გულწრფელი ვედრება: „ჩემს მეუღლედ დასახე ჩემი ქანდაკებისავე მსგავსი ქალი“. ქალღმერთმა აფროდიტემ შეისმინა პიგმალიონის გულმხურვალე ვედრება და ნიშნად თავისი ღვთაებრივი მოწყალებისა სამჯერ ააღვივა ცეცხლი საკურთხეველზე.
33მსხვერპლის შეწირვის შემდეგ დიდებული მხატვარი შინ დაბრუნდა. პიგმალიონი თვალმოუშორებლივ შესცქეროდა თავის სათაყვანო ახალგაზრდა ქალის საუცხოო ქანდაკებას და უსაზღვრო აღტაცებაში მოდიოდა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! სპილოს ძვლებისაგან გამოქანდაკებულ დიდებულ სურათს სხოველმყოფელი სხეული შეუსხამს, ახალგაზრდა ქალი ტკბილად, საოცნებო ხმით მიესალმა მხატვარს და ლმობიერად ხელი გაუწოდა. პიგმალიონს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ მის წინაშე ხორცშესხმული ახალგაზრდა ქალი იდგა, იგი კიდევ ეჭვის თვალით შეჰყურებდა, ეგების თვალი მატყუებს და ვცდებიო. მაგრამ დახეთ პიგმალიონის აღტაცებას, როცა იგი ნამდვილად დარწმუნდა, რომ სრულებითაც არ ცდებოდა. დიდებულმა მხტვარმა ლმობიერადვე და მეგობრულად გაუწვდინა თავისი მადლიანი ხელი ახალგაზრდა ქალს და გულმხურვალედ შესთხოვა სამუდამოდ დამეგობრებოდა, განუსაზღვრელი და გულწრფელი სიყვარულის ნიადაგზე საფლავის კარამდე მჭიდროდ შეკავშირებულიყვნენ.
დიახ, ნათქვამია, სული სულს იცნობს და გული გულსაო, და მართლაც ასე მოხდა. პიგმალიონმა სულ მოკლე ხანში დიდებული, ბრწყინვალე ქორწილი გადაიხადა. მრავალ მოპატიჟებულ სტუმარს შორის ქალღმერთ აფროდიტეს უპირველესი ადგილი ეჭირა. ყველანი დიდის აღტაცებით და დიდის პატივისცემით შეჰყურებდნენ ახალგაზრდა ქალის ბედნიერებას, ყველანი გულწრფელად ულოცავდნენ ახალგაზრდა მხატვარს ასეთ სიმშვენიერესთან სულიერად დაკავშირებას.
დიახ! მეტად დიდებული და ბრწყინვალე იყო ეს ქორწილი. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ყველანი შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ გალათეას სიმშვენიერეს, რადგან ეს მშვენიერება, ეს კალმით აღუწერელი სილამაზე დიდებული მხატვრის დიადი ნიჭის მადლიანი ნაწარმოები იყო.

Categories: პიროვნებები, ქანდაკებები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 9 Comments

არაქნე

   არაქნე, ერთერთი სამღებროს პატრონის იდმონის ქალიშვილი, მთელს ლიდიაში სახელგანთქმული იყო ქსოვა–ქარგვის ხელოვნების საუკეთესო ცოდნით.
33არაქნეს საუცხოვოდ დამზადებულ ქსოვილებს ყველანი განცვიფრებაში მოჰყავდა. შორეული ქვეყნებიდან მოდიოდნენ ახალგაზრდა ქალის ნაწარმოების სანახავად და ყველანი გაკვირვებით შეჰყურებდნენ ძვირფას, ხელოვნურად ნაქარგ ნივთებს. არაქნე იმდენად დახელოვნებული იყო ქსოვა–ქარგვაში, რომ ასე გეგონებოდათ თვით ქალღმერთ ათენას შეუსწავლებია ეს ხელობაო. ახალგაზრდა ქალს ყველანი ქებათა–ქებას ასხამდნენ თავისი ხელობის ასე ზედმიწევნით ცოდნისათვის. არაქნე, როცა ამგვარ ქებას მოჰკრავდა ყურს, ხშირად იტყოდა: „მე იმდენად დახელოვნებული ვარ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, თვით ქალღმერთი ათენა რომ ჩამოვიდეს ზეციდან, ისიც კი ვერ გამიწევს მეტოქეობას! ჩემი ცოდნა, გამოცდილება და გამჭრიახობა ყოვლად შეუდარებელია! დიახ, თვით ქალღმერთი ათენაც კი ვერ შემედრება ქსოვა–ქარგვის საქმეში!“
33ქალღმერთი ათენა ისმენდა მოკვდავის ამ საამაყო, წრესგადასულ სიტყვებს და ძლიერ ჯავრდებოდა. ქალღმერთს ჰსურდა რჩევითა და დარიგებით გავლენა მოეხდინა თავგასულ ამაყ ქალზე. ერთხელ ათენამ მოხუცებული ქალის სახე მიიღო და არაქნეს ესტუმრა.
– არაქნე, – ასე დაიწყო მოხუცმა: – ხანშესულებთა რჩევა–დარიგებას ნუ უკუაგდებ, ერთგვარი ანგარიში გაუწიე შენი საქმიანობის დროს! მოხუცებულები ცხოვრებაში უკვე საკმაოდ გამოცდილნი არიან, და დარწმუნებული იყავი, რომ ცუდს არასოდეს არ გირჩევენ. იცი, არაქნე, რა უნდა გითხრა? რასაკვირველია, ეცადე ყველა მოკვდავს წაუსწრო ქსოვა–ქარგვის ხელოვნებაში, ხოლო ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ქალღმერთ ათენას არ უნდა გაეჯიბრო, ხელოვნებაში ქალღმერთის თანასწორადაც ნუ გამოაცხადებ თავს და შენს ამაყ სიტყვებს ნურასოდეს ნუ გააგონებ! პირიქით, მე გირჩევ ყოვლად მოწყალე ქალღმერთის წინაშე ბოდიშიც კი მოიხადო და პატიება სთხოვო, დღემდე რაც შეგიცოდავს! ღრმად დარწმუნებული ვარ, ყოვლად შემძლებელი და ყოვლად მოწყალე
ქალღმერთი შენს შეცთომას და დანაშაულს გაპატიებს!“ არაქნემ ამ სიტყვების გაგონებაზე სიბრაზით ხელიდან გააგდო დგიმ–სავარცხელი და მრისხანედ შეჰყვირა უცნობ სტუმარს:
„ვგონებ, ჭკუაზე შემცდარხარ! – მღელვარებდა არაქნე: – მე სხვისი ჭკუით არ მიცხოვრია და არც მომავალში ვიცხოვრებ. რასაც კი ვლაპარაკობ ქალღმერთ ათენას შესახებ, სრული ჭეშმარიტებაა! თუ ჩემი სიტყვები მას საეჭვოდ მიაჩნია, დეე საქმით შეამოწმოს, ჩამოვიდეს ამ ქვეყნად და გამეჯიბროს! აი, ეს შეჯიბრება ყველაფერს გამოააშკარავებს!“
– აი, კიდევაც მოვედი! – თქვა ქალღმერთმა ათენამ და თავისი ნამდვილი სახე მიიღო.
არაქნეს სახელოსნო ოთახში მომუშავე ქალებმა შესაფერი პატივი სცეს ქალღმერთს, არაქნე კი ამაყად იდგა და სრულ უპატივცემულობას იჩენდა ქალღმერთისადმი. ახალგაზრდა ქალი ხელობაში შეჯიბრებას მოითხოვდა ქალღმერთისაგან, თითქო თავის გამარჯვებაში წინასწარ
დარწმუნებული იყო. ქალღმერთი ათენა და არაქნე მიუსხდნენ დგიმ–სავარცხელს და
გააჩაღეს მუშაობა. ათინა პალადამ მოქსოვა მშვენიერი წამოსასხამი, რომელზედაც ფერადი ძაფებით გამოხატული იყო ქ. ათენის სიმაგრეები და თვითონ ათენას პოსეიდონ ღმერთთან დავა ათენის დაპყრობის შესახებ. ქსოვილის შუაგულს თორმეტი ღმერთი იჯდა სათათბიროდ. ღმერთებს შორის შუა ადგილი ყოვლად შემძლებელ ზევსს დაუჭერია. პოსეიდონ ღმერთს თავისი სამთითით კლდიდან წყალი გამოჰყავს, ხოლო ქალღმერთი ათენა შუბის წვერით მიწიდან აწვდის ატიკის ზეთისხეს. ღმერთების სათათბიროს წევრები გამარჯვებას ქალღმერთ ათენას ერთხმად ულოცავენ. ქსოვილის კუთხეებში ხელოვნურად ამოფერადებულია სურათები, რომლებზედაც გამოხატულია, თუ როგორ
სასტიკად სჯიან ყოვლად შემძლებელი ღმერთები ადამიანებს თავგასულობისა და ამაყობისათვის.
არაქნემ იშვიათის ხელოვნებით ამოაფერადა თავის ქსოვილზე ის მომენტი, თუ როგორ მოიტაცა ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა ევროპა. ზევსმა ხარის სახე მიიღო. ღმერთების
მამამთავარი ზურგზე იკიდებს მოტაცებულ ქალს და მედგრად მიცურავს ზღვის თვალუწვდენ სივრცეში. ამავე დროს ტილოზე ამოკერილი იყოისეთი სურათებიც, რომლებიც ღმერთების ნაკლოვანებას ცხადადჰყოფდნენ. შესანიშნავი ხელოვნებით იყო მოქსოვილი არაქნეს დაფერადებული სურათები, თვით დაუძინებელ მტერსაც არა ეთქმოდა რა. არაქნეს ქსოვილი ათენა პალასის ქსოვილს სრულიად არ ჩამოუვარდებოდა. ქალღმერთ ათენასაც კი დიდად აკვირვებდა არაქნეს ასეთი ხელოვნება. არაქნეს ქსოვილის გრეხილები ისე ხელოვნურად იყო ამოწყობილი ტილოზე, რომ ადვილად გამოსაცნობი იყო არაქნეს განუსაზღვრელი ზიზღი ღმერთებისადმი.
ათენა ქალმერთმა, როგორც კი ეს შენიშნა, დაუყოვნებლივ ნაფლეთ–ნაფლეთად აქცია ეს მშვენიერი ნაქსოვი და საქსოვი მაქო რამდენჯერმე თავში ჩასცხო ახალგაზრდა ქალს.
არაქნემ ვერ მოითმინა ასეთი შეურაცხყოფა, დაუყოვნებლივ ჩამოაბა თოკი ხეზე და თავი ჩამოიხრჩო. ქალღმერთ ათენას შეეცოდა ახალგაზრდა ხელოვანი ქალი, ჩამოხსნა იგი ხიდან და უთხრა: „შენი სიკვდილი მე სრულიადაც არა მსურს! სიცოცხლე მინდა გაჩუქო, მხოლოდ იმ პირობით, რომ ჰაერში უნდა იქნე მუდამ ჩამოკიდებული! დეე, ეს სასჯელი სამარადისოდ
მიენიჭოს მთელ შენს ჩამომავლობას!“ ქალღმერთმა სასწაულმოქმედი ბალახის წვენი აპკურა
ახალგაზრდა ნიჭიერი ქალის გაცივებულ გვამს. საბრალო ქალს თავიდან თმა გასცვივდა და საზიზღარ ობობად გადაიქცა. ლიბიელი ქალები, თუმცა სწამდათ არაქნეს ნიჭი და ქსოვა–
ქარგვაში დიდი დახელოვნება, როცა ახალგაზრდა ხელოვანი ქალის თავგასულობა, სიამაყე და სხვისი შრომის შეუფასებლობა მოაგონდებოდათ, ქალღმერთ ათენას განაჩენს სრულიად სამართლიანად თვლიდნენ.

Categories: პიროვნებები | ტეგები: , , , , , , | 3 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.