სხვა

ტროას ომი

Troy     ტროას ომი მინოსური ხანის საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ისტორიულ-მითიური მოვლენაა. ეს სამხედრო მოქმედება ითვლება საბერძნეთში იონიელთა მმართველობის ძლიერების პიკად, რის შემდეგაც მათი დაშლა დაიწყო, რასაც დორიელების შემოსევამოჰყვა. ტროას ომის ისტორია  თავის უკვდავ პოემაში “ილიადა” ჰომეროსმა გააცოცხლა. ომის მიზეზი სპარტის მეფის, მენელაოსის მშვენიერი მეუღლე, ელენა გახდა, რომელიც ტროელმა უფლისწულმა პარისმა მოიტაცა. განრისხებული მენელაოსი თავის ძმასთან, აგამემნონთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბერძენთა ალიანსს და მცირე აზიაში მდებარე ტროასკენ დაიძრა.

33მეფე აგამემნონის მეთაურობით აქაველები დიდი ფლოტით გაემართნენ ტროაში და ელენას გამოსახსნელად ქალაქს ალყა შემოარტყეს. ჰომეროსის მიხედვით ბერძნებს ქალღმერთები ათენა და ჰერა ეხმარებოდნენ, რადგან აფროდიტეს რჩევით პარისმა მათი სიამაყე შებღალა. ტროას ალყა ათი წელიწადი გრძელდებოდა. ბოლოს და ბოლოს ომი ითაკას მეფის, ოდისევსის ეშმაკობამ დაასრულა, რომელმაც ბერძნებს ხის დიდი ცხენის აგება ურჩია. როცა ცხენი ააგეს, ოდისევსი სხვა გმირებთან და მეომართა რაზმთან ერთად შიგ დაიმალა, შემდეგ ბერძნები ხომალდებში ჩასხდნენ და ტროას სანაპიროებს მოშორდნენ, თუმცა შორს არ წასულან და ახლო-მახლო ყურეში მიეფარნენ თვალს, ცხენი კი ტროელებს დაუტოვეს “საჩუქრად”, რომელთაც ბერძენთა ეს ძღვენი ქალაქში შეაგორეს. ტროას მეფის ასული, კასანდრა, რომელსაც მომავლის ჭვრეტა შეეძლო, ტროელებს აფრთხილებდა, ბერძენთა ხის ცხენი სატყუარააო, მაგრამ არავინ დაუჯერა. ოდესღაც, როცა მან აპოლონის სიყვარული უარყო, მისგან ბედად დაეწერა, რომ აღარავინ დაუჯერებდა და ასეც მოხდა. როცა დაღამდა, ოდისევსი და მისი მეომრები გამოიპარნენ ცხენიდან და ტროას ჭიშკარი გაუღეს ბერძენთა ჯარს, რომელიც მალულად კვლავ ქალაქს მიუახლოვდა. ბერძნები სწრაფად შეიჭრნენ ქალაქში, დაარბიეს და გადაწვეს, ხოლო მეფე პრიამოსი სიცოცხლეს გამოასალმეს. ჰომეროსის მიხედვით ათწლიანი ალყის განმავლობაში ტროელებსა და ბერძნებს შორის მუდმივი ბრძოლები მიმდინარეობდა, რომელშიც იმ დროის გმირებიც იყვნენ ჩართულები. აგამემნონი, მენელაოსი, ნესტორი, დიომედე, პატროკლე, აქილევსი, აიაქსი და ოდისევსი ბერძენთა მხარეს იბრძოდნენ, ხოლო ჰექტორი, პარისი, პრიამოსი, ენეასი და მემნონი. ბრძოლები ქალაქ ტროას გალავანთან და მის გარშემო ტერიტორიებზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ გმირთა ორთაბრძოლები. აქ ერთმანეთს მენელაოსი და პარისი, ჰექტორი, აქილევსი, აიაქსი და პატროკლე დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰექტორმა დამარცხა პატროკლე და მოკლა, თავადაც განიცადა მარცხი ჯერ აიაქსთან, ხოლო შემდეგ აქილევსთან ბრძოლაში, რომელთან შერკინებისას დაიღუპა კიდეც. ორივე მხარეს მსგავსი ტაქტიკა და შეიარაღება ჰქონდა. ჯარისკაცების ჩაცმულობას, უმეტესწილად, იმდროინდელი ნახატებიდან ვიცნობთ, თუმცა დენდრას ერთ-ერთ სამარხში თითქმის სრული საომარი აბჯარი აღმოჩნდა. აბჯარი

33ბრინჯაოს ფირფიტებისგანაა დამზადებული. იქვე იყო ტახის ეშვების მუზარადი, ბრინჯაოს სამუხლეები, ორი ხმალი და ხისჩარჩოიანი ფარის ნაშთი. ყოველივე ეს დაახლეობით ძვ.წ 1400 წლით თარიღდება. ბრძოლისას ტროელი და ბერძენი მეომრები თავს იცავდნენ დიდი, ხის ჩარჩოზე გადაკრული ხარის ტყავის ფარებით, რომელიც სამნაირი ფორმისა იყო(მრგვალი, კოშკისებური და რვიანისებური), თანაც დიდი და მძიმე, ამიტომ მეომრებს მხარზე ჰქონდათ მოგდებული. ხმლებსა და ხანჯლებს ბრინჯაოსგან ამზადებდნენ. იმ პერიოდის ბერძნული ქალაქის მეფეები გამორჩეულად მამაცი და ძლიერი მეომრები იყვნენ. მათ ევალებოდათ ჯარი საჭმელ-სასმელით, ბინით, მიწითა და მონებით მოემარაგებინათ. ამას მოხელეები აგვარებდნენ სასახლეში, სადაც ბევრი მეომარი ცხოვრობდა. მეფეები და დიდებულები მუზარადებითა და ბრინჯაოს აბჯრით იბრძოდნენ, რიგით ჯარისკაცებს კი მხოლოდ ტყავის ტუნიკებს ურიგებდნენ. ტროა იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ციხე-ქალაქად ითვლებოდა. ეს ქალაქი მაღლობზე იყო აგებული და გარს მძლავრი, სქელი გალავანი ერტყა, ამიტომ ადვილი დასაცავი იყო. ტროას სიძლიერეზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბერძნებმა ვერანაირად ვერ მოახერხეს მისი აღება, სანამ ეშმაკურ ფანდს არ მიმართეს და როგორც იტყვიან “ციხე შიგნიდან არ გატეხეს”.

33აქილევს პელევსის ძე ტროას ომის კოლორიტული ფიგურაა და მან ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ის უკვდავი იყო (არანაირი იარაღით არ შეიძლებოდა მისი დაზიანება) და მისი მოკვლა მხოლოდ ქუსლში დაჭრით შეიძლებოდა, რადგან როდესაც დედამისი, ქალღმერთი თეტიდა უკვდავების სითხეში (ამბროსიაში) აბანავებდა, ქუსლით ეჭირა, ამიტომ ფეხის ეს ნაწილი დაუცველი დარჩა. ყმაწვილობაში აქილევსს კენტავრი ქირონი ზრდიდა და ასწავლიდა. როდესაც წამოიზარდა, აქილევსი მირმიდონელების მეთაური გახდა, რომელთაც მანამდე მამამისი, პელევსი მეთაურობდათ. ოდისევსმა და ნესტორმა მოახერხეს მისი დათანხმება, რომ მონაწილეობა მიეღო ტროას ომში. აქილევსი 50 ხომალდით და მირმიდონელთა ჯარით დაიძრა ლეგენარული ქალაქისაკენ. აქილევსი ამ დიდ ბერძნულ დაპირისპირებაში პირადი სახელის მოსაპოვებლად ერთვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას უწინასწარმეტყველეს ტროას ომში დაღუპვა, თუმცა დიდების მოპოვება. აქილევსს არ უყვარდა მიკენეს მეფე და ტროას ომში ბერძენთა არმიის სარდალი, აგამემნონი და მასთან ხშირად მოსდიოდა ჩხუბი, რის გამოც ერთხელ ომი მიატოვა და მხოლოდ ჰექტორის მიერ პატროკლეს მოკვლის შემდეგ დაბრუნდა. აქილევსმა მრავალ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. მან დაამარცხა და მოკლა ტროას ყველაზე ძლიერი მეომარი და მთავარსარდალი, ჰექტორ პრიამოსის ძე, თუმცა თავადაც მალე დაიღუპა, რადგან ქუსლში ისარი მოხვდა. ლეგენდის მიხედვით ეს ისარი პარისმა ესროლა, ხოლო აქილევსის ქუსლისკენ გზა აპოლონმა გაუკვლია. დიდი ბერძენი გმირი დაეცა, თუმცა მისი დიდება საუკუნეებს შემორჩა.

33აგამემნონ ატრევსის ძე– ბერძენთა ძალების მთავარსარდალი ტროას ომში და მიკენეს ყველაზე ცნობილი მეფე, სპარტის მეფის, მენელაოსის ძმა, რომლის ცოლის, ელენას მოტაცებისთვის ჩაერთო ტროას ომში და საბოლოოდ გამარჯვებითაც დაასრულა ეს წამოწყება. პიროვნულად აგამემნონი პატივმოყვარე და ამაყი, თუმცა ჭკვიანი და გამოცდილი მმართველი და სარდალი იყო. მან ბევრჯერ გამოიჩინა თავი როგორც მამაცმა მეომარმა და ბრძენმა მეთაურმა. ხშირად მოსდიოდა დაპირისპირება აქილევსთან, რომელმაც ერთხელ მასზე გაბრაზების გამო დროებით ტროას ომი მიატოვა. აგამემნონმა ათწლიანი ალყის შემდეგ საბოლოოდ მაინც აიღო ტროა და ცეცხლს მისცა. როდესაც ძლევამოსილი ხელმწიფე მიკენეში დაბრუნდა, თავისი ცოლის, კლიტემენესტრას და მისი საყვარლის, ეგისთეს მსხვერპლი შეიქმნა. 

33აიაქს დიდი (ეანტ ტელამონიდი) – დიდი ბერძენი მებრძოლი და ტროას ომის გმირი. აიაქსი სალამინის მეფის, ტელამონის ძე და აქილევსის ბიძაშვილი იყო. ლეგენდის მიხედვით ტელამონის ძე ჰერაკლემ ლომის ტყავში გაახვია, რის შემდეგაც მისი სხეულის დაზიანება შეუძლებელი გახდა, როგორც აქილევსისა, თუმცა აიაქსსაც ჰქონდა სუსტი ადგილი, ეს იყო მისი იღლია. ტროას ომში მონაწილეობაზე აიაქ დიდი სიხარულით დასთანხმდა და 12 ხომალდი და საკმარისი რაოდენობის ჯარი გამოიყვანა ბერძენთა დროშის ქვეშ. ჰომეროსის “ილიადის” მიხედვით აიაქსი ბერძენ გმირებს შორის ყველაზე მამაცი და ძლიერი იყო აქილევსის შემდეგ. მან შესძლო ჰექტორის დამარცხება ორთაბრძოლაში, თუმცა ტროელმა უფლისწულმა მოახერხა გაქცევა. აიაქსმა დახოცა ბრძოლაში ჰიპოდამი, ხრომია და 28 ცნობილი ტროელი მებრძოლი. აიაქსმა გაიმარჯვა აქილევსისა და პატროკლეს სიკვდილის შემდეგ გამართულ საპატიო თამაშებზე, თუმცა როდესაც მოისურვა აქილევსის აღჭურვილობის მიღება, აგამემნონმა, ოდისევსმა და ნესტორმა არ დაუთმეს. ამის გამო ის ჭკუაზე შეიშალა და თავი მოიკლა.

33ოდისევს ლაერტას ძე – ითაკას მეფე, პენელოპას ქმარი, ტელემაქეს მამა და ბერძენთა ერთ-ერთი გამორჩეული მეთაური იყო ტროას ომში. იგი ცნობილი იყო როგორც ენაწყლიანი ორატორი, მამაცი მეომარი, შესანიშნავი მშვილდოსანი და ცბიერი სარდალი. ოდისევსმა ტროასთან ომში 12 ხომალდი და ითაკაში შეკრებილი ჯარი გამოიყვანა. ორთაბრძოლებში დაამარცხა 17 მებრძოლი. გაგზავნილი იყო ელჩად ტროაში. აქილევსის სიკვდილის შემდეგ მიიღო მისი აღჭურვილობა, რომელიც აქილევსის ძეს, ნეოპტოლემაიოსს გადასცა და ომში მონაწილეობის მიღება სთხოვა. ოდისევსი განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ მან მოიფიქრა დიდი ხის ცხენის გაკეთება, რომლითაც ტროაში უჩუმრად შევიდოდნენ (ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით ეს იდეა მას სხვამ მიაწოდა, თუმცა მისი განხორციელება სწორედ ოდისევსმა დაიწყო). თვითონ ოდისევსიც ხის ცხენში იჯდა, როდესაც ტროელებმა ბერძენთა ეს “საჩუქარი” ქალაქში შეაგორეს. ტროას დაცემის შემდეგ ოდისევსი ითაკასკენ გაემგზავრა. სწორედ მის მოგზაურობაზე ააგო ჰომეროსმა პოემა “ოდისეა”. ამის გამო ის ჭკუაზე შეიშალა და თავი მოიკლა.

33ნესტორი – ტროას ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე, პილოსის მეფე. მიუხედავად მოხუცებულობისა, ომში სიმამაცე და სიბრძნე გამოავლინა. ახალგაზრდობაში მონაწილეობდა კალედონურ ნადირობაში და არგონავტიკაში. ტროას ომში 90 ხომალდით და საკმაოდ დიდი არმიით გამოცხადდა. დიდი გავლენა გააჩნდა აგამემნონზე და სხვა სამხედრო მეთაურებზე. ტროას აღების შემდეგ დაბრუნდა პილოსში, სადაც გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული.

33მენელაოსი – სპარტის ლეგენდარული მეფე, აგამემნონის ძმა, ელენას მეუღლე და ტროას ომის ერთ-ერთი მთავარი მოთავე იყო. პარისის მიერ ელენას მოტაცების შემდეგ სწრაფად ამოქმედდა და თავის ძმასთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბერძნულ კოალიციას და გამოიყვანა სპარტანელი მეომრებით სავსე 60 ხომალდი. “ილიადას” მიხედვით ომში 8 ცნობილი ტროელი მეომარი მოკლა. ასევე დაამარცხა პარისი ორთაბრძოლაში, თუმცა ამ უკანასკნელმა გაქცევა მოახერხა. პატროკლეს სიკვდილის შემდეგ მენელაოსი გააფთრებით იცავდა მის გვამს მტრისაგან. პატროკლეს დასაფლავების შემდეგ გაიმარჯვა საპატიო თამაშებისას გამართულ შუბის ტყორცნაში, ხოლო აქილევსის სიკვდილის შემდეგ გამართულ თამაშებში გაიმარჯვა ეტლებით რბოლაში. ტროას აღების შემდეგ სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე ბევრი ფათერაკი შეემთხვა, თუმცა მაინც მოახერხა დაბრუნება. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ტროაში ელენასთან ერთად.

33ჰექტორ პრიამოსის ძე – მამაცი ტროელი მხედართმთავარი და ტროას უფლისწული იყო. მან ტროას ომში დიდი როლი ითამაშა რადგან  სწორედ მისი დახმარებით გაუძლო ტროამ ათწლიან ალყას. გაიუს იულიუს გიგინი გვეუბნება, რომ ჰექტორმა 31 მებრძოლი დასცა ბრძოლის ველზე, ხოლო ჰომეროსის “ილიადა” იუწყება რომ ტროელმა მხედარმთავარმა 28 ბერძენი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთ-ერთ შეტაკებაში მან აქილევსის ნათესავი პატროკლე მოკლა. მირმიდონელები უკვე წასვლას აპირებდნენ, როდესაც აქილევსმა ეს ამბავი შეიტყო. აქილევსმა ჰექტორი ორთაბრძოლაში მოკლა და ეტლზე გამობმულს ტროას გარშემო რამდენიმე წრე დაარტყმევინა.

33პარის პრიამოსის ძე – ჰექტორის უმცროსი ძმა იყო, თუმცა მისგან განსხვავებით პარისი სიმამაცით არ გამოირჩეოდა. პარისს ტროას ომში თითქმის არ უბრძოლია.”ილიადას” მიხედვით მან მხოლოდ 3 ბერძენი მეომრის მოკვლა მოახერხა. როცა ბერძნებმა ტროაში შეაღწიეს პარისი აქილევსს ჩაუსაფრდა და  ქუსლში დაჭრა ისრით თუმცა მალე თავადაც იგივე ბედმა უწია. ის ფილოქტეტესმა შხამიანი ისრით განგმირა.

33პრიამოსი – ტროას უკანასკნელი მეფე. ტროას ომის დროს ის იმდენად მოხუცი იყო, რომ ბრძოლებში მონაწილეობა არც მიუღია და  მხოლოდ ერთხელ გავიდა ბრძოლის ველზე, რათა მისი ვაჟის პარისისა და მენელაოსის ორთაბრძოლა ენახა. ჰექტორის სიკვდილის შემდეგ ჰერმესის (ვაჭრობის და ქურდობის ღმერთი) დახმარებით პრიამოსი აქილევსის კარავში შეიპარა და ჰექტორის სხეული მოსთხოვა. საბოლოოდ პრიამოსი ნეოპტოლემაიოსმა მოკლა,როდესაც ის ზევსის ტაძარს იცავდა.

Categories: პიროვნებები, სხვა, წიგნები | 2 Comments

ილიადას წიგნი

Iliad

ქება პირველი. ჟამიანობა. რისხვა

რისხვას, ღმერთქალო, უგალობე აქილევსისა,
აქაველთ თავს რომ დაატეხა ვნება ულევი!
გმირთა სულები გადახვეწა ქვეშეთის მხარეს,
გვამნი დაყარა ყვავ-ყორანთა დასაყივარად
5 და ძაღლთა წილად . . . ზევსის ნება მაშინ აღსრულდა,
მტრად მოეკიდნენ ოდეს ერთურთს მამაცთა მეფე
აგამენონ და აქილევსი, ღმერთის სადარი.

რომელმა ღმერთმა გააღვივა ნეტავი შუღლი?
– ლეტოს და ზევსის ძემ, მეფეზე განრისხებულმა.
10 სასტიკი ჭირი ჯარს შეჰყარა, მუსრი გაავლო:
რად მოეპყრაო უპატიოდ ქურუმს ატრიდი!
მოსულა ქრისე აქაველთა მალემსრბოლ გემთან,
სურდა ასული გამოეხსნა ურიცხვი ძღვენით.
ხელთ ჰქონდა ოქროს კვერთხი უფალ აპოლონისა,
15 თავსაკრიანი, აქაველებს ევედრებოდა,
ყველაზე მეტად – ორსავ ატრიდს, სპათა მესვეურთ:

”სპანო საბარკულმშვენიერნო! ატრევსის ძენო!
ოლიმპოს ღმერთნი შეგეწიონ, რომ პრიამოსის
ციხე დალეწოთ და მშვიდობით ეწვიოთ მამულს!
20 ოღონდ ასული დამიბრუნეთ, ძვენი ინებეთ,
პატივი დასდეთ შორსმოისარ უფალ აპოლონს!”

ერთხმად გაისმა აქაველთა მძლავრი ყიჟინა –
მოგვს პატივი ვცეთ, მივიღოთო ძვენიც მდიდარი.
მხოლოდ ატრიდმა გულთან ახლოს არ გაიკარა
25 მამის ვედრება, მოიშორა მრისხანე სიტყვით:
”გასწი, ბებერო! ხომალდებთან აღარ გიხილო!
ფეხს ნუ აითრევ და ნურასდროს ნურც მობრუნდები,
თორემ ვერ გიხსნის ვერც კვერთხი და ვერც ღვთის
გვირგვინი!

ქალს ვერ გავუშვებ, ტყვეობაში შემაბერდება,
30 არგოსში წავალთ, მოვაშორებ მშობლიურ მხარეს,
რომ სარეცელიც დამიმშვენოს სელის მბეჭველმა.
ნუღარ მარისხებ, გამეცალე ცოცხალი თავით!”

ასე თქვა, თრთოლვით შეისმინა სიტყვა მოხუცმა.
უხმოდ გაუყვა მრავალხმიან ზღვის სანაპიროს. . .
35 გასცილდა გემებს.
შეევედრა გულამომჯდარი
ლამაზთმიანი ლეტოს პირმშოს უფალ აპოლონს:
”მიხსენ მე, ვერცხლისმშვილდოსანო, ქრისეს ქომაგო,
კილას მფარველო, მძლე მეუფევ ტენედოსისა,
სმინთევსო!
თუკი შემიმკია ტაძარი შენი,
40 თუ შემიწირავს საზვარაკო მსუყე ბარკალი
ჯიხვთა და ხართა, შემეწიე!
რაც ცრემლი ვღვარე,
ბასრი ისრებით აზღვევინე დანაელთ ლაშქარს!”

ასე ღაღად-ყო და სხივოსან აპოლონს ესმა.
გული ირისხა, გადმოიჭრა ოლიმპოს მთიდან,
45 ბეჭზე კაპარჭი მოსალტული, მშვილდი მოეგდო
და ფრთოსან ისრებს აწივლებდა სისწრაფე სრბოლის, –
ღმერთი მაღალი მოღელავდა პირღამიანი.

გემებთან ახლოს ჩაიმუხლა, სტყორცნა ისარი,
ზარისმცემელი ვერცხლის მშვილდი ააზუზუნა.
50 მუსრი გაავლო მაწანწალა ძაღლებს, სახედრებს,
შემდეგ სიკვდილიის მთესველ ისრით მისწვდა მხედრობას.
გვამთა შთანთქმელი კოცონები დააგზნო ყველგან.
ცხრა დღე და ღამე ღვთის ისარი მუსრავდა ლაშქარს.
მეათე დღეს კი კრებდა უხმო ხალხს აქილევსმა.
55 ხელთეთრა ჰერამ შთააგონა ვაჟკაცს ეს აზრი,
ქალღმერთს დანაელთ სპათ ხილვით გული ეწვოდა.
ოდეს აქაველთ მოიყარეს კრებაზე თავი,
ადგა ფეხმარდი აქილევსი და ასე ბრძანა:

”აგრე მგონია, მრავალტანჯულთ გვმართებს, მეფეო,
60 შინ გავეშუროთ, თუ გვწადია, გავექცეთ სიკვდილს;
აქაველთ მუსრავს სნეულება, სასტიკი ომი!. .
ქურუმს მივმართოთ, ან მისანმა აგვიხსნას ეგებ –
სიზმრის ამხსნელმა (სიზმარსაც ხომ ზევსი მოგვივლენს) –
აპოლონ ღმერთი ასერ რისთვის შემოგვწყრომია?
65 აღთქმის გატეხამ განარისხა, თუ ითხოვს ჩვენგან
ასზვარაკეულს და საზორავს ვერძთა და ჯიხვთა,
რომ შეგვეწიოს, აგვაშოროს იავარყოფა!”

ასე თქვა. მაშინ თესტორის ძე კალქანტი ადგა,
ფრთოსან ჩიტებზე მჩხიბაობით სახელგანთქმული,
70 წარსულის, აწმყოს და მყოფადის საქმეთა მცოდნე.
ილიონისკენ გემებს იგი გამოსძღოლია,
აპოლონისგან რაკი ერგო მისნობის ნიჭი.
ახლაც კეთილი აზრით უთხრა გმირს თესტორიდმა:
75 ”ო, აქილევსო, ღვთის რჩეული, გიბრძანებია
აგიხსნათ რისხვა შორსმმუსვრელი აპოლონისა.
მე თანახმა ვარ, ოღონდ შენგან ზენაარს:
შემფიცე, გმირო, რომ დამიცავ სიტყვით თუ საქმით!
ვშიშობ – ვაი თუ მხოლოდ მეფე გავაგულისო,
80 – არგიველთა და აქაველთა ლაშქრის უფალი.
მდაბიოს მართებს არ აღაგზნოს სახმილი რისხვის,
ძრწოდეს, თუ სცოდა!
მეფე ბოღმას თავდაპირველად
გულში ინახავს, ჯავრს სანამდის არ ამოიყრის. . .
მაშ, თვით განსაჯე, შეძლებ იყო შემწე, შემხიდე?”

85 ფეხმარდმა გმირმა აქილევსმა მიუგო კალქანტს:
”ღვთის ნება გვამცნე გაბედულად, რაც უნდა იყოს!
ვფიცავ აპოლონს, ზევსის რჩეულს, რომელსაც, კალქანტ,
შენც ჰფიცავ ხოლმე, როს დანაელთ ღვთის ნებას
ამცნობ –
სანამდის პირში სული მიდგას და ვჭვრეთ მზის ნათელს,
90 დანაელთ შორის შენზე ვერვინ ხელს ვერ შემართავს!
თუნდ იყოს იგი თვით მრისხანე აგამენონი,
მთელს მხედრობაზე ზვიადობით აღმატებული”.

მაშინ თამამად თქვა მისანმა სწორუპოვარმა:
”აღთქმას და ზვარაკს არ მოითხოვს! ღმერთი შემოგვწყრა,
95 რაკიღა ქრისე დაუმცირა აგამენონმა,
ასული აღარ დაუბრუნა, ძღვენიც უარყო.
არვის დაგვინდობს ამისათვის შორსმოისარი
და არ მოიშლის არგიველთა განადგურებას,
სანამ არ მივგვრით მშობელ მამას პირმშოს შავთვალას,
100 და ჰეკატომბეს არ შევწირავთ კუნძულ ქრისეზე.
მხოლოდ მაშინღა დამშვიდდება ღმერთი მრისხანე”.
ეს თქვა თუ არა, აგამენონ ზეწამოიჭრა –
სივრცეთმპყრობელი ატრევსის ძე განრისხებული.
უგლიმი გული აღვსებოდა ბოღმით და ბრაზით,
აალებული თვალებიდან სულ ცეცხლსა ყრიდა. Continue reading

Categories: სხვა, წიგნები | 2 Comments

პელოპი

На греческих вазах Пелопс изображался едущим на колеснице с Гипподамией (Метрополитен-музей)   ღმერთების მამამთავრის ზევსის შვილიშვილი, ლიდიის მეფის ტანტალოსისა და ტიტანი ატლანტის ასულის დედოფალ დიონას ვაჟიშვილი პელოპი ღმერთების პატივისცემითა და კეთილმსახურებით და თავისი ყოველდღიური სამართლიანობით დიდად სახელგანთქმული იყო მთელ სახელმწიფოში.
სახელმწიფოს მკვიდრნი ყველანი დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ თავის საყვარელ მეფეს და სრულ იმედს გამოთქვამდნენ, რომ ყველგან და მარადის გულკეთილი, ყველას შემბრალე და გამკითხავი მეფე მკვიდრთ უნუგეშოდ არ დატოვებდა და მათი მომავალი ცხოვრების გასაუმჯობესებლად შრომასა და ენერგიას არ დაზოგავდა. ყოვლად შემძლებელი ღმერთებიც დიდად აფასებდნენ პელოპის უაღრესად კეთილშობილურ მისწრაფებებს და ყოველ კერძო შემთხვევაში დახმარებას არ აკლებდნენ. სწორედ იმ დროს, როცა ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა ტანტალოსი ჩადენილი დანაშაულის მოსახდელად საიქიოს სამეფოში გაგზავნეს, პელოპს მახლობელ სახელმწიფოს ტროადის მეფე ილისთან მოუხდა შეტაკება. ამ ბრძოლაში ძლეული პელოპი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა თავისი სახელმწიფო და საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში ხანგრძლივ მოგზაურობას შესდგომოდა. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს პელოპმა შეირთო ელიდის მეფის ენომაოსის ასული, სილამაზით მთელ სახელმწიფოში სახელგანთქმული, მშვენიერი ჰიპოდამია. მაგრამ იმ დროსა და პირობებში ჰიპოდამიას ცოლად შერთვა მეტად სამძიმო საქმე იყო, რომლის შესრულებაც პელოპის გარდა ვერც ერთმა საბერძნეთის წარჩინებულმა გმირმა ვერ შეძლო. მეფე ენომაოსს ორაკულმა ოდესღაც უწინასწარმეტყველა: როგორც კი შენს ასულს ჰიპოდამიას გაათხოვებ, დაუყოვნებლივ მოკვდებიო. მეფე მეტად შეაშინა ორაკულის ამ წინასწარმეტყველებამ და ყოველი საშუალებით ცდილობდა მომავალი სასიძოები ჩამოეშორებინა და ჰიპოდამია არ გაეთხოვებინა. მეფე ენომაოსი ასეთ პირობას უდებდა მომავალ სასიძოებს: მეფე თავის ქალიშვილს მხოლოდ იმას მიათხოვებდა, ვინც ეტლებით შეჯიბრებაში მეფეს სძლევდა. თუ სასიძო ამას ვერ შეძლებდა, მეფის ბრძანებით იგი სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა.
333შეჯიბრებაში მონაწილე სასიძოები ოთხცხენიანი ეტლით უნდა გამოსულიყვნენ დანიშნულ ადგილას. როგორც კი მსხვერპლის შეწირვას მორჩებოდა, მეფე მეეტლე მირტილის თანხლებით ოთხცხენიანი ეტლით უნდა გამოსულიყო შეჯიბრებისათვის დანიშნულ მოედანზე და გამოსდევნებოდა სასიძოს ეტლს. თუ მეფე ენომაოსი გზაში დაეწეოდა სასიძოს ეტლს, მეეტლე მირტილს სრული უფლება ჰქონდა თავისი ისრით გაეგმირა სასიძო. მრავალი წარჩინებული გმირი ცდილობდა შეჯიბრებაში გამარჯვებას და მშვენიერი ჰიპოდამიას შერთვას. სასიძოები დიდის სიამოვნებით თანხმდებოდნენ მოხუცი მეფის მიერ წამოყენებულ პირობებზე იმ იმედით, რომ შეჯიბრებაში გაიმარჯვებდნენ. სასიძოები განუწყვეტლივ მოდიოდნენ ელიდაში და მეფე ენომაოსს შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ნებართვას სთხოვდნენ. მეფე დიდის თავაზიანობით ეგებებოდა თითოეულ მათგანს და სიამოვნებით უთმობდა ეტლისა და ცხენების მთელ მორთულობას. სასიძო ამაყად თავმომწონედ ჯდებოდა საუცხოოდ გამართულ ეტლში და დანიშნული ადგილისაკენ ცხენებს ელვის სისწრაფით მიაქროლებდა. მეფე ენომაოსი ჯერ ღმერთებს შესწირავდა მსხვერპლს და შემდეგ ეტლში შებმული თავისი ფეხმალი ცხენებით დაედევნებოდა შეჯიბრებაში მონაწილე სასიძოს. შეჯიბრება ყოველთვის მეფე ენომაოსის გამარჯვებით მთავრდებოდა. მეეტლე მირტილი ხელში მაგრად იმარჯვებდა ბასრ ისარს და, დადებული პირობის მიხედვით, თავმომწონე სასიძოს სიცოცხლეს ასალმებდა. ამრიგად მირტილმა ელიდის მრავალ წარჩინებულ გმირს მოუსპო სიცოცხლე. მეფე ენომაოსი ყოველთვის დიდის აღტაცებით ეგებებოდა თავის ასეთ გამარჯვებას, რადგანაც მოხუც მეფეს ერთი წუთითაც არ ავიწყდებოდა ორაკულის საბედისწერო წინასწარმეტყველება. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ პელოპი ელიდაში მივიდა და, როგორც კი მშვენიერ ჰიპოდამიას მოჰკრა თვალი, გადაწყვიტა მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება და გამარჯვების შემდეგ მშვენიერი ჰიპოდამიას შერთვა. პელოპმა, სანამ იგი შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებდა, თავის მფარველ ღმერთს პოსეიდონს ასეთი სიტყვებით მიმართა: „ყოვლად შემძლებელო, ზღვათა და ოკეანეთა მბრძანებელო, დიდო პოსეიდონ
ღმერთო! თუ ჩემი მსხვერპლი შენ ოდესმე შეგიწირავს და ჩემთვის შენი ღვთაებრივი მოწყალება მოგიღია, გთხოვ, მხურვალედ გევედრები მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში გამარჯვება მარგუნო და მეეტლე მირტილის საბედისწერო ისარი ამაშორო! ყოვლად მოწყალე დიდებულო პოსეოდონ, ქალღმერთს აფროდიტეს გაფიცებ, დამითმე შენი ღვთაებრივი სწრაფი ეტლი და შეჯიბრებაში გამარჯვება მარგუნე!“ პოსეიდონმა შეისმინა პელოპის მხურვალე ვედრება. თვალუწვდენელ ზღვის სივრცეზე აბობოქრდნენ ტალღები. ზღვის ნაპირას უკვე ისმოდა ცხენების ფეხთა ხმაური და ჭიხვინი. უეცრივ ზღვის ნაპირს მოადგა ოქროს ეტლი, რომელშიაც შებმული იყო ოთხი ფეხმალი, ფაფარაყრილი ცხენი. გახარებული პელოპი მარდად ჩაჯდა ეტლში და ელვის სისწრაფით გაქროლა შეჯიბრების ადგილისაკენ. მეფე ენომაოსი პოსეიდონის ოქროს ეტლის დანახვაზე ერთიანად შეშფოთდა და მეტის შიშისაგან თავზარი დაეცა. მართალია, ენომაოსმა პოსეიდონის ეტლის ძლევამოსილება იცოდა, მაგრამ სასიძოებთან დადებული პირობების ჩაშლა და უარყოფა მიუღებლად მიიჩნია. მოხუცმა მეფემ თანხმობა გამოუცხადა ძლევამოსილ გმირს პელოპს შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებაზე. მცირედი დახანების შემდეგ პელოპი თავმომწონედ ჩაჯდა ოქროს ეტლში და შეჯიბრების ადგილისაკენ გაქროლდა. დაიწყო საბედისწერო შეჯიბრება. პელოპის ეტლი ჩიტივით მიფრინავდა გაშლილ მოედანზე და ის იყო კიდევაც გამარჯვებით უნდა მიეღწია დანიშნულ ადგილას. მაგრამ პელოპს უეცრივ შემოესმა უკნიდან ეტლის ხმაური. შეშინებულმა პელოპმა უკან მოიხედა და გარკვევით შეამჩნია, რომ მეეტლე მირტილი ხელში ბასრ ისარს იმარჯვებდა და ის იყო უნდა ეტყორცნა. მაგარამ პელოპის სასიხარულოდ მირტილმა პოსეიდონ ღმერთის განკარგულებით მეფე ენომაოსის ეტლი ქვას დააჯახა, და ეტლი სულ ერთიანად ნაკუწ–ნაკუწად იქცა. მეფე ენომაოსი ჩამოვარდა და საბრალომ მყისვე განუტევა სული. სწორედ ამ დროს მეხმა საშინლად იგრიალა და მეფე ენომაოსის სასახლეში ცეცხლის ალი დაატრიალა.

333შეჯიბრებაში გამარჯვებული პელოპი ელვის სისწრაფით გაექანა მეფის სასახლისაკენ და თავისი საყვარელი ჰიპოდამია უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა. ძლევამოსილმა პელოპმა სულ მოკლე ხანში შეირთო მშვენიერი ჰიპოდამია და ბრწყინვალე ქორწილი გააჩაღა, რომელზედაც მოწვეული ჰყავდა მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი. მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში გამარჯვებამ პელოპს დიდი სახელი მოუხვეჭა. ელიდის მოსახლეობამ ძლევამოსილი გმირი მეფედ აირჩია და მის სახელს ყველგან და მარადის დიდის პატივისცემით და სიყვარულით იხსენიებდა. ხალხის ასეთი ნდობითა და სიყვარულით გამხნევებული მეფე დღედაღამ განუწყვეტლივ შრომობდა, რომ სახელმწიფოს მკვიდრთა კულტურული და ეკონომიური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა და სათანადო სიმაღლეზე დაეყენებინა. პელოპმა თავის სახელმწიფოს შემოუერთა ოლიმპია, საცა მოიწყო ეგრეთწოდებული „ოლომპიის გასართობები“, რომელთა გარშემო იკრიბებოდნენ ძველი ელადის სხვადასხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მკვიდრნი და ერთი–მეორეს მტკიცედ უკავშირდებოდნენ. მეეტლე მირტალს, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია პელოპს შეჯიბრების დროს, მეფემ თავისი სახელმწიფოს ნახევრის დათმობა აღუთქვა საჩუქრად. მაგრამ, სამწუხაროდ, მეფემ ეს დაპირება არ შეასრულა, რის გამო მირტალმა პელოპი და მთელი მისი შთამომავლობა სამუდამოდ დაწყევლა და შეაჩვენა. მირტალის ეს წყევლა–კრულვა მეფე პელოპს მუდამ სდევნიდა და მის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას წარუშლელ ლაქას სდებდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, სახელმწიფოს მკვიდრნი მაინც დიდ ნდობას უცხადებდნენ თავის საყვარელ გმირს და მის დაუვიწყარ სახელს შარავანდის სხივებით მოსავდნენ.

Categories: პიროვნებები, სხვა | დატოვე კომენტარი

როდოსის კოლოსი

    როდოსის კოლოსი არის შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში. ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. სამწუხაროდ არ გადარჩა მისი მცირე ნაწილიც კი.

33ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა სარდლებმა — დიადოხებმა ერთმანეთში დაინაწილეს ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი სახელმწიფოები. ამასთან მათ შორის წარმოებდა განუწყვეტლივი ბრძოლები. ყოველი დიადოხი ცდილობდა ხელთ ეგდო მეტი და უკეთესი მიწები.ძვ. წ. 305 წელს სარდალმა დემეტრე პოლიეკრეტის ყურადღება მიიქცია როდოსმა — ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა. როდოსელ ვაჭართა ხომალდები ყველგან აღწევდნენ ექვსინიის პონტიდან (შავი ზღვიდან) ნილოსის ნაპირებამდე. ეგვიპტეშიც და სხვა ქვეყნებშიც როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას საქონელს — პურს, ღვინოს, ზეთს, მონებს. ამ საქონლის გასაღებით როდოსელმა ვაჭრებმა დიდი სიმდიდრე დააგროვეს. მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით დემეტრემ როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის მბრძანებელ პტოლემეუსთან ომში დახმარება. ეგვიპტესთან ომი როდოსელ ვაჭრებს უზარმაზარი ზარალს მოუტანდა. როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის მეტ ნაწილს, თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს და ამიტომაც დემეტრეს უარი შეუთვალეს. როდოსის ნაპირებისაკენ დაიძრა დიდი ფლოტი. ქალაქს ალყა შემოარტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ქალაქის გალავანში ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ. სატყორცნი მანქანები -კატაპულტები და ბალისტები — ქალაქის მცველებს ქვების ჭურვებსა და ალმოდებულ ისრებს აყრიდა. მაგრამ როდოსელებში ყველაზე მეტად შიშს იწვევდა ცხრასართულიანი საალყო მანქანა — ჰელეპოლიდა (ქალაქების ამღები). სამიათას ოთხას კაცს მოჰყავდა მოძრაობაში ჰელეპოლიდა და ამ გიგანტური კოშკის სიმაღლიდან უშენდნენ ცეცხლს ქალაქის დამცველებს. თვითონ კი სამი მხრიდან იყვნენ დაცული, რკინის ფურცლებით, რომლებითაც შეჭედილი იყო ჰელეპოლიდა. ფურჩლებში კიდევ დატოვებული იყო პატარა ხვრელები იარაღისა და მოისრეებისათვის. ჰელეპოლიდა ყოველ დღე დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს, მაგრამ როდოსელები მაინც არ ნებდებოდნენ. დანგრეული კედლების შიგნით ახალს აშენებდნენ. ანგრევდნენ და სწვავდნენ კედლის მნგრეველ მანქანებს და თავის რიგში დამპყრობლებს დიდ ზიანს აყენებდნენ. როდოსელების მომხრე ეგვიპტელები კი ახერხებდნენ, მათთვის საკვების შეტანას. ალყა გაჭიანურდა და დემეტრე იძულებული გახდა უკან დაეხია. ზავის თანახმად როდოსელებმა შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დემეტრემ დატოვა კუნძული. ქალაქის გალავანთან დარჩდა მხოლოდ გიგანტური ჰელეპოლიდა, რომელიც დემეტრემ როდოსელებს აჩუქა. გადაწყვეტილ იქნა ჰელეპოლიდის დაშლა და მისი რკინის გაყიდვა. მასში ვაჭრები ქალაქს 300 ტალანტამდე ფულს სთავაზობდნენ. სახალხო კრებაზე გადაწყდა: რკინაში აღებული ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი ღმერთის ჰელიოსის ქანდაკება. მის გამოსახულებას როდოსელები მონეტებზე ჭრიდნენ. ჰელიოსის ქანდაკებანი ამშვენებდნენ როდოსელთა ტაძრებს. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ღმერთებმა როდოსი ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით. როდოსს უწოდებდნენ ჰელიოსის „ღვთაებრივ განდაკებას“. როდოსელებმა გადაწყვიტეს პატივი ეცათ თავიანთი მფარველი ღმერთისათვის და აეგოთ მისი გიგანტური განდაკება — კოლოსი, ეს როდოსელთა დიდი გამარჯვების სამახსოვრო ძეგლი უნდა ყოფილიყო.

33ქანდაკების დამზადება დაავალეს ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარის მოქანდაკის მოწაფეს — ქარესს. ქარესი როდოსის მკვიდრი იყო, ქ.ლინდიდან. მისი სახელგანთქმული მასწავლებელი, მრავალი უკვდავი ქმნილების ავტორი, დიდოსტატი — ლისი პი. ძველ საბერძნეთში დიდი მოწონებით სარგებლობდა მისი ნამუშევარი, ათლეტის ქანდაკება. ლისი პმა სწორად და ცოცხლად გამოკვეთა ათლეტის სახე, ჭაბუკი მძლეოსნისა, რომელიც ჭიდაობის შემდეგ ტანს იწმენდს მტვრისაგან. ლისი პის საყვარელი გმირი იყო ჰერაკლე. ლისი პის ქანდაკებათა მარმარილოს ასლები დღემდეა შემონახული, მაგრამ მოქანდაკის საყვარელი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოსაგან შექმნა მან ზევსის გიგანტური ფიგურა, რომელიც ძველ იტალიურ ქ. ტარენტში ინახებოდა. შორს გაითქვეს სახელი აგრეთვე ალექსანდრე მაკედონელის ბრინჯაოს სკულპტურულმა პორტრეტებმა. ლისი პის ბევრი მოწაფე ცმობილი იყო როგორც თავისი საქმის დიდი მცოდნე. სახელი გაითქვა აგრეთვე ქარესმაც. პირველ რიგში მან როდოსელებს უჩვენა ქანდაკების მოდელი. ქანდაკება დამზადდა თიხისაგან და იყო ადამიანის ზომის. ქარესმა მზის ღმერთი გამოაქანდაკა, სიცოცხლით სავსე ჭაბუკის სახით, რომელსაც თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა. ჭაბუკი ღმერთი ზეზე იდგა, მთელი ტანით ოდნავ უკან გადახრილი, მარჯვენა ხელით თვალები მოეჩრდილა და სადღაც შორეთში იხედებოდა. მარცხენა ხელით აკავებდა მოსასხამს, რომელიც მიწაზე ეცემოდა. ქანდაკების სიმაღლე, როგორც ქარესი ამბობდა, იქნებოდა არანაკლეც სამოცდაათი წყრთისა (36 მ). ასეთი საბერძნეთში ჯერ არ ყოფილა. მოდელის ჩვენების დროს როდოსის მოქალაქეებმა დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეს. საჭირო იყო ქანდაკება ისე დამდგარიყო, რომ თვითონაც კარგად გამოჩენილიყო და არ დაეჩრდილა სხვა ნაგებობები. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, როდოსელებმა ქარესის განკარგულებაში გამოიყვანეს ასობით გამოცდილი ოსტატი ხელოსანი მჭედლები, ჩამომსხმელები, ბრინჯაოს დამმუშავებელი ოსტატები, ქვის მთლელები და ხუროები. მშენებლობის გეგმა უბრალო იყო და ნათელი. უწინარეს ყოვლისა მომავალი კოლოსის ადგილზე დადგეს კვარცხლბეკი. მის სიღრმეში დაამაგრეს ქვის სვეტები. მალე სამუშაოები აიყვანეს ადამიანის სიმაღლეზე მაღლა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ქარესის გეგმის თანახმად, სამუშაოზე მოვიდნენ მიწის მთხრელები. მათ მოჰქონდათ დიდი რაოდენობით მიწა. კვარცხლბეკის დაფარეს მიწით და მის ადგილზე წამოიზარდა დამრეცი მიწის გორაკი. ამ გორაკის ფერდობებზე დადგეს ხის ფიცარნაგი, აიტანეს მასალა და შეუდგნენ კოლოსის შექმნას. ქანდაკებას აკეთებდნენ ნაწილებად და იარუსებად აწყობდნენ ერთიმეორეზე. ყოველი ახალი იარუსით სულ უფრო მაღლა ადიოდნენ მშენებლები. სულ უფრო ციცაბო ხდებოდა მიწის გორაკი . ქანდაკების ტანი გაყოფილი იყო არამარტო იარუსებად, ნაწილნაწილ მზადდებოდა ყოველი იარუსი, ყოველი დეტალი. კოლოსის მშენებლობა თორმეტი წელი გრძელდებოდა. ჰელიოსის ქანდაკება თავისი სიდიდით მართლაც აღემატებოდა მანამდე არსებულ ყველა კოლოსს. ქარესის ამ არაჩვეულებრივ ქმნილების სანახავად უთვალავი მოგზაური მოდიოდა.

33გიგანტმა მხოლოდ 56 წელიწადი გასძლო. ძვ.წ.224 წელს, როდის ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. თითქმის ყველა ნაგებობა მიწასთან გაასწორა. კოლოსის აღდგენის უამრავი ცდა უშედეგოდ დასრულდა. უამრავმნახველთა შორის ძველი წელთაღთიცხვით I საუკუნეში, მიწაზე დანარცხებული კოლოსი ინახულა რომაელმა მწერალმა პლინიუს უმცროსმა. ის წერდა, რომ ახლაც კი როცა ქანდაკება მიწაზეა, ის გაოცებას იწვევს. მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ორივე ხელი შემოაწვდინოს ჰელიოსის ცერას. წაქცეული კოლოსი ათას წელიწადზე მეტ ხანს არსებობდა, ხოლო 977წელს ის ერთ მდიდარ ვაჭარს მიეყიდა, რომელმაც ნაწილებად დაშლილი ქანდეკება 900 აქლემის მეშვეობით გაიტანა.

Categories: სხვა, ქანდაკებები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 6 Comments

ტარტაროსი

   ტარტაროსი (ბერძნ. Τάρταρος) არის ჰესიოდეს მიხედვით მიწის უღრმესი ნაწილი.იგი ჰადესის (საიქიოს) უღრმესი ნაწილია და დედამიწის პირიდან ისევე დაშორებული, როგორც ცა. მას გარს აკრავს სამმაგი სიბნელე და რკინის კედელი (ზოგი ვარიანტით სამმაგი სპილენძის კედელი). ტარტაროსს აქვს პოსეიდონის დამზადებული სპილენძის კარები. მის ირგვლივ გამუდმებით ბობოქრობს ქარი. ტარტაროსში თავდაპირველად ჩაყარეს კრონოსი და დამარცხებული ტიტანები მათ ასხელიანი გოლიათები— ჰეკატონხეირები დარაჯობენ. ტარტაროსი ზოგჯერ ჰადესთანაცაა გაიგივებული. ქრისტიანულ რელიგიურ წარმოდგენაში ტარტაროსს ცვლის ჯოჯოხეთი, ჰადესს კი საიქიო.საიქიოში ყველა მიდის, ჯოჯოხეთში კი დიდი დამნაშავეები ხვდებიან. ტარტაროსი ხშირად ბოროტ არსებადაა მიჩნეული, იგი ეშმაკების  მეთაური და წინამძღოლია.

პლატონი ქრ.შ-მდე 400 წ. „გორგიაში“ (დიალოგი) წერს, რომ სულები სიკვდილის შემდეგ განიკითხებიან და ვინც სასჯელს მიიღებს ტარტაროსსში გაიგზავნება. ჰესიოდე თანახმად ტარტაროსი ისეთი ღრმა იყო, უზარმაზარი ლოდი რომ ჩაგეგდო ფსკერის მიღწევას ცხრა დღე მოანდომებდა. ილიადაში ზევსი ამბობს „როგორც ცაა მაღალი, ისე ტარტაროსია ღრმა“. როდესაც კრონოსი გამეფდა, მან ტარტაროსის მცველად დააყენა მორიელის კუდიანი დემონი კამპე. ზევსა კამპე მოკლა როდესაც ციკლოპებს და ასხელიანებს ათავისუფლებდა ტიტანებთან საბრძოლველად. მან ტიტანების დამარცხება შეძლო და ყველა მათგანი ეპიმეტის, მეტისისა და პრომეთეს გარდა ტარტაროსში გამოამწყვრდია. ტარტაროსში გამოამწყვდია ასევე კრონოსი და ტიფონიც.

Categories: პირველი ღმერთები, სხვა | დატოვე კომენტარი

ერებოსი

   ერებოსი (ლათ. Erebus, ბერძნ. Ἔρεβος )  წარმოიშვა ქაოსისგან და ბერძნულ მითოლოგიაში იყო ერთ-ერთი პირვანდელი ღმერთი, რომელიც განასახიერებდა წყვდიადს. ის იყო ნიქტას (ღამე) ძმა და ეთერის (სინათლის) მამა. მან ნიქტასთან შვა ეთერთან ერთად ჰემერა (დღე). მითის თანახმად ერებოსი იყო ჰადესის ნაწილი, რომელშიც ადამიანი სიკვდილისთანავე ხვდებოდა. როდესაც ქარონს მიცვალებულთა სულები აქერონის (სტიქსი) გავლით ქვესკნელში მიჰყავდა, ისინი შედიოდნენ ტარტაროსსში, საიქიოში. ერებოსი ხშირად გამოიყენებოდა ჰადესის, ქვესკნელის ღმერთის სინონიმად და ერქვა საიქიოს ყველა იმ ბნელ ნაწილს, სადაც  ადამიანის სულს გავლა უხდებოდა.

Categories: პირველი ღმერთები, სხვა | დატოვე კომენტარი

ნიქტა

   ნიქტა (ლათ.Nyx, ბერძ.Νύξ) არის ღამის ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. ჰესიოდეს თანახმად ნიქტა იშვა ქაოსისგან და სამყაროს შექმქმნელ ერთ-ერთ პირვანდელ პოტენციას წარმოადგენს. ერებოსმა (წყვდიადი) და ნიქტმა შვეს ეთერი (სინათლე) და ჰემერა (დღე).  ნიქტამ შვა: მოროსი (ხვედრი), აპატე (ტყუილი), მორი (ბედი), ონირა (ოცნება), კერი (ნგრევა), ტანატოსი (სიკვდილი), ოიზუსი (ტკივილი), ჰიპნოსი (ძილი), ჰესპერიდე (აისი და დაისი), კერები (სიკვდილის ღვთაებები), ნემესისი (წყევლა და შურისძიება), ფილოტესი (სიყვარული), ერისი (ბრძოლა), გერაი (სიბერე), მომოსი (განკიცხვა) და ასევე ქარონი რომელსაც გარდაცვლილთა სულები სტიქსის მდინარეზე გადაყავდა.

ნიქტას სამყოფელი მდებარეობს ტარტაროსის სიღრმეებში მისი შვილების ტანატოსის (სიკვდილი) და ჰიპნოსის (ძილი) გვერდით. აქ, ნიქტა და  ჰემერა (დღე) ხვდებიან ერთმანეთს ერთმანეთის ჩანაცვლებით და დედამიწას უვლიან გარსს.

ბერძენი გეოგრაფი პაუსანიასი ნიქტას შთამომავლებს უწოდებდა „ნემეზისს“.

ნიქტას საპატივსაცემოთ მისი სახელს ატარებს ორი ციური სხეული. ერთ-ერთი მათგანი ასტეროიდია (№3908) და მეორე პლუტონის ერთ-ერთი თანამგზავრი სამიდან, რომელიც აღმოაჩინეს 2005 წელს,ხოლო სახელი „ნიქტა“ მიანიჭეს 2006 წლის 26 ივნისს.

Categories: პირველი ღმერთები, სხვა | 4 Comments

ეროსი

   ეროსი (ბერძნ. Έρως),ბერძნული მითოლოგიის ერთ–ერთი უძველესი ღვთაებაა. იგი სამყაროს საწყისად მიაჩნდათ. ითვლებოდა ბუნების სტიქიური, შემოქმედებითი ძალების ღვთაებადაც. ეროსის მშობლებად ქაოსი და ურანოსი (ზოგჯერ ქაოსი და გეა) ითვლებოდა. მოგვიანებით ეროსი არესის და აფროდიტეს ვაჟად მიიჩნიეს. გვიანდელი მითების თანახმად ახლადშობილი ეროსი კინაღამ მოკლა ზევსმა, მაგრამ აფროდიტემ იხსნა იგი და უღრან, დაბურულ ტყეში გადამალა, სადაც მას ძუ ლომი ზრდიდა.

ზოგჯერ ეროსი გაზაფხულის ღმერთადაც მიაჩნდათ. ეროსი განაგებდა და მფარველობდა ადამიანების და ღმერთების შინაგან ბუნებას და ზნეობას. ეროსის სიძლიერის წინაშე უკან იხევდნენ როგორც ადამიანები, ასევე ღმერთები. შედარებით გვიან ეროსი ხდება სიყვარულის ღმერთი, აფროდიტეს თანამგზავრი და მოციქული. ეროსის მშვილდიდან ნასროლი ოქროს ისარი არ ცდება არც ღმერთებს და არც ადამიანებს. შეაქვს მათს სულსა და ხორცში სიყვარულის მძაფრი გრძნობა, რომელსაც თან ახლავს სიხარული, ბედნიერება, ტკივილი და ზოგჯერ დაღუპვაც. ეროსი ითვლება არა მხოლოდ ქალ–ვაჟის, არამედ მეგობრული სიყვარულის ღმერთადაც. ელინისტურ ეპოქაში წარმოიშვა აზრი მრავალი ეროსის არსებობის შესახებ. რომში ეროსს ხან ამორს უწოდებდნენ (ლათ. amor – სიყვარული, ქართულში ფრანგულიდანაა შემოსული და ამური ეწოდება), ხან კუპიდონს (cupido – გულით ნდობა, ვნებიანი სიყვარული). თანდათანობით ეროსი გახდა მწუხარებაში დამშვიდების ღვთაება. ამიტომ საფლავებზე ზოგჯერ მისი პატარა ქანდაკებები გვხვდება. მართალია საბერძნეთში ფართოდ იყო გავრცელებული ეროსის კულტი, მაგრამ არა მისი ტაძრები. ეროსის ყველაზე მეტად ცნობილი ტაძარი განლაგებული იყო თესპიაში, სადაც ხუთ წელიწადში ერთხელ ეროსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები ეროტიდიები იმართებოდა.

Categories: პირველი ღმერთები, სხვა | დატოვე კომენტარი

გეა

 

   გეა (ბერძ. Γαία) განასახიერებს დედამიწას ბერძნულ მითოლოგიაში. ჰესიოდეს თეოგონიის მიხედვით გეამ გააჩინა ცა, მთები და ზღვა. გეამ ურანოსთან (ცა) შვა ტიტანები, ციკლოპები და ასხელიანები. გეამ პონტოსთან (ზღვა) შვა: ნერეი (მშვიდი ზღვა), ტაუმასი (ზღვის საოცრება), ფორკისი (ღელვა), კეტო (ზღვის ურჩხული) და ევრიბია (ზღვის ძალა).

ურანოსმა გადამალა ტარტაროსში (გეას ნაწლავები ) ასხელიანები და ციკლოპები რათა მათ დედამიწაზე სიბოროტე არ ჩაედინათ. ეს გეას ძალიან ეწყინა და შექმნა ალმასივით მყარი და ბასრი ნამგალი და მოუხმო კრონოსს და მის ძმა ტიტანებს რათა დამორჩილებოდნენ მას. მხოლოდ კრონოსმა უმცროსმა ტიტანმა ისურვა ეს. მან გამოართვა ნამგალი და როდესაც კრონოსი გეას შერწყმისთვის მიუახლოვდა დაასაჭურისა იგი.  სისხლისგან გეამ წარმოშვა შემდეგი ღმერთების თაობა, რომლებიც იყვნენ ერინიები (შურისძიების ქალღმერთები) , ჯავშნოსანი გიდანტები და იფნის/კოპიტის ხის ნიმფები სახელად მელიაე ( ითვლებოდნენ ზევსის მომლელებად). ზღვაში ურანოსის ტესტიკულისგან წარმოიშვა სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე. როგორც კრონოსმა დაამარცხა ურანოსი, ისე კრონოსი უნდა დაემარცხებინა კრონოსისა და რეას შვილს ზევსს. ამასობაში ტიტანებმა გაანთავისუფლეს ციკლოპები და კრონოსი გახდა მეფე „ოქროს ხანაში“.

გეამ ასევე ერისპევსს მიანიჭა უკვდავება.

Categories: პირველი ღმერთები, სხვა | დატოვე კომენტარი

ქაოსთან ბრძოლა (Chaoskampf)

Image “ქაოსთან ბრძოლა“ არის პროტოინდოევროპული მითი სამყაროს შექმნაზე. მითის თანახმად ქარიშხლის ღმერთი ებრძვის ზღვის გველეშაპს, რაც განასახიერებს წესრიგის ქაოსის ბნელ ძალებთან შერკინებას. ამ მითმა არსებობა გააგრძელა ძველი ახლო აღმოსავლეთის მითებში და შექმნა მითები, როგორიცაა; ზევსის და ტიფონის შერკინება, წმინდა გიორგის და გველეშაპის შერკინება, იეჰოვას და ლევიაფანის შერკინება,  ატუმის და ნეჰებკაუს შერკინება, მარდუკის და ტიამათის შერკინება და სხვა.

Categories: სხვა | დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.