ქანდაკებები

პიგმალიონი და გალათეა

     ძველი დროის მხატვარ–მოქანდაკეთა შორის პიგმალიონს მეტად საპატიო ადგილი ეკავა. დიდებული მხატვრის სამშობლო კუნძულ კვიპროსის მკვიდრნი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ყველანი განცვიფრებაში მოდიოდნენ პიგმალიონის ნიჭითა და ხელოვნებით.
მხატვარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი ხელოვნური ნაწარმოებნი კიდით–კიდემდე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. ახალგაზრდა მხატვრის თითოეულ ნაწარმოებს ერთიორად ჰმატებდა ღირსებას შინაგანი და გარეგანი სილამაზის ხელოვნურად შეკავშირება. ყველგან და ყველაფერში დიდებული მხატვარი საჭიროდ თვლიდა შინაგანი და გარეგანი სიმშვენიერის ჰარმონიულად შეზავება–შეკავშირებას.
33მხატვრის სწორედ ასეთი შეხედულებით აიხსნებოდა ის გარემოება, რომ ახალგაზრდა პიგმალიონს კიპროსის მკვიდრთა ქალიშვილებს შორის მეუღლეც კი ვერ მოეძებნა: სილამაზე–სიმშვენიერის თაყვანისმცემელს კიპროსის მოკვდავ ქალებს შორის ვერცერთი ლამაზად ვერ დაესახა. ერთხელ დიდებულმა მხატვარმა სპილოს თეთრი ძვლებისაგან გამოაქანდაკა ისეთი სილამაზით შემკული ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი მთელს დედამიწის ზურგს  არასოდეს არ მოვლინებია. თითოეული მნახველი, კაცი თუ ქალი, განცვიფრებით შეჰყურებდა ახალგაზრდა ქალის – გალათეას ქანდაკებას და ასე ეგონა, აი, საცაა ხმას ამოიღებს ეს უმშვენიერესი ქმნილება და თავისი ადგილიდან დაიძვრისო. თითოეული მნახველი უხმოდ, უსიტყვოდ იდგა ქანდაკების წინაშე და ერთ წუთსაც თვალს ვერ აშორებდა დიდებული ნაწარმოების დიად სიმშვენიერეს. ახალგაზრდა ქალის სურათი ისე ცხოველმყოფელი, ისე თვალისა და გულის წარმტაცი იყო, რომ სრულიად გავიწყდებოდათ, უსულო ქანდაკებას შეჰყურებდით, თუ სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე ახალგაზრდა ქალს. თვით დიდებული მხატვარიც კი აღტაცებაში მოდიოდა თავისი ნაწარმოების სიმშვენიერით და განსაზღვრულად ტკბებოდა დიადი სურათის ცქერით.
33პიგმალიონი მთელი დღე გარს უვლიდა ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და დროგამოშვებით ეჭვიც კი ებადებოდა, ცოცხალი ქალის სურათის ხილვით ტკბებოდა, თუ სპილოს ძვლებიდან გამოქანდაკებული უსულო ქმნილებით. მხატვარი დიდის მოკრძალებით შეეხო ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და ასე ეგონა, თითქოს სპილოს ძვლების მაგივრად ხორცშესხმულ, სიცოცხლით და ძალღონით სავსე ახალგაზრდა ქალს ხელის შეხებით ეხმატკბილებოდა. მხატვრის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. პიგმალიონს ასე ეჩვენებოდა, თითქოს ახალგაზრდა ქალი კიდევაც ტკბებოდა და ნაზად ესაუბრებოდა. პიგმალიონმა, ნიშნად ღრმა პატივისცემისა, უხვად შეამკო ახალგაზრდა ქალის ქანდაკება სხვადასხვა სურნელოვანი ყვავილითა და თაიგულებით. ძვირფასი მდიდრული ტანსაცმლით შემოსა ახალგაზრდა მხატვარმა ქანდაკების სხეული, ხელების თითები ერთიანად მოუჭედა ძვირფასთვლებიანი ბეჭდებით და ლამაზად მოღერებული ყელი კი ასეთივე თვლებით მოჭედილი ფარღულით.
33კუნძულ კვიპროსის ქუჩებს სადღესასწაულო სახე მიეღო. ყველანი მორთულ–მოკაზმულიყვნენ და ქალღმერთ აფროდიტეს საკურთხევლისაკენ მიეშურებოდნენ მსხვერპლის შესაწირად.
კვიპროსელები ამ დღეს ქალღმერთ აფროდიტეს სახელწოდების დღეს დღესასწაულობდნენ. სხვა მრავალ მლოცველს შორის აფროდიტეს საკურთხევლის წინაშე პიგმალიონიც წარსდგა და მოკრძალებით, მაგრამ გულმხურვალედ შესთხოვა ქალღმერთს: „მოწყალეო ქალღმერთო! თუ ყოვლის შემძლე ღმერთი ხარ, მოიღე მოწყალება და ჩემს მეუღლედ დასახე ის ახალგაზრდა ქალი…“ – დიდებულ მხატვარს უნდოდა ეთქვა ცოლად დამისახე ის ქალი, რომელიც სპილოს ძვლებიდან გამოვაქანდაკეო, მაგრამ ამის გამოთქმა ვერ გაბედა. ბოლოს, როგორც იქნა, თუმცა დიდის გაჭირვებით, პიგმალიონმა ასე დაამთავრა თავისი გულწრფელი ვედრება: „ჩემს მეუღლედ დასახე ჩემი ქანდაკებისავე მსგავსი ქალი“. ქალღმერთმა აფროდიტემ შეისმინა პიგმალიონის გულმხურვალე ვედრება და ნიშნად თავისი ღვთაებრივი მოწყალებისა სამჯერ ააღვივა ცეცხლი საკურთხეველზე.
33მსხვერპლის შეწირვის შემდეგ დიდებული მხატვარი შინ დაბრუნდა. პიგმალიონი თვალმოუშორებლივ შესცქეროდა თავის სათაყვანო ახალგაზრდა ქალის საუცხოო ქანდაკებას და უსაზღვრო აღტაცებაში მოდიოდა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! სპილოს ძვლებისაგან გამოქანდაკებულ დიდებულ სურათს სხოველმყოფელი სხეული შეუსხამს, ახალგაზრდა ქალი ტკბილად, საოცნებო ხმით მიესალმა მხატვარს და ლმობიერად ხელი გაუწოდა. პიგმალიონს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ მის წინაშე ხორცშესხმული ახალგაზრდა ქალი იდგა, იგი კიდევ ეჭვის თვალით შეჰყურებდა, ეგების თვალი მატყუებს და ვცდებიო. მაგრამ დახეთ პიგმალიონის აღტაცებას, როცა იგი ნამდვილად დარწმუნდა, რომ სრულებითაც არ ცდებოდა. დიდებულმა მხტვარმა ლმობიერადვე და მეგობრულად გაუწვდინა თავისი მადლიანი ხელი ახალგაზრდა ქალს და გულმხურვალედ შესთხოვა სამუდამოდ დამეგობრებოდა, განუსაზღვრელი და გულწრფელი სიყვარულის ნიადაგზე საფლავის კარამდე მჭიდროდ შეკავშირებულიყვნენ.
დიახ, ნათქვამია, სული სულს იცნობს და გული გულსაო, და მართლაც ასე მოხდა. პიგმალიონმა სულ მოკლე ხანში დიდებული, ბრწყინვალე ქორწილი გადაიხადა. მრავალ მოპატიჟებულ სტუმარს შორის ქალღმერთ აფროდიტეს უპირველესი ადგილი ეჭირა. ყველანი დიდის აღტაცებით და დიდის პატივისცემით შეჰყურებდნენ ახალგაზრდა ქალის ბედნიერებას, ყველანი გულწრფელად ულოცავდნენ ახალგაზრდა მხატვარს ასეთ სიმშვენიერესთან სულიერად დაკავშირებას.
დიახ! მეტად დიდებული და ბრწყინვალე იყო ეს ქორწილი. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ყველანი შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ გალათეას სიმშვენიერეს, რადგან ეს მშვენიერება, ეს კალმით აღუწერელი სილამაზე დიდებული მხატვრის დიადი ნიჭის მადლიანი ნაწარმოები იყო.

Categories: პიროვნებები, ქანდაკებები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 9 Comments

როდოსის კოლოსი

    როდოსის კოლოსი არის შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში. ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. სამწუხაროდ არ გადარჩა მისი მცირე ნაწილიც კი.

33ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა სარდლებმა — დიადოხებმა ერთმანეთში დაინაწილეს ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი სახელმწიფოები. ამასთან მათ შორის წარმოებდა განუწყვეტლივი ბრძოლები. ყოველი დიადოხი ცდილობდა ხელთ ეგდო მეტი და უკეთესი მიწები.ძვ. წ. 305 წელს სარდალმა დემეტრე პოლიეკრეტის ყურადღება მიიქცია როდოსმა — ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა. როდოსელ ვაჭართა ხომალდები ყველგან აღწევდნენ ექვსინიის პონტიდან (შავი ზღვიდან) ნილოსის ნაპირებამდე. ეგვიპტეშიც და სხვა ქვეყნებშიც როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას საქონელს — პურს, ღვინოს, ზეთს, მონებს. ამ საქონლის გასაღებით როდოსელმა ვაჭრებმა დიდი სიმდიდრე დააგროვეს. მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით დემეტრემ როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის მბრძანებელ პტოლემეუსთან ომში დახმარება. ეგვიპტესთან ომი როდოსელ ვაჭრებს უზარმაზარი ზარალს მოუტანდა. როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის მეტ ნაწილს, თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს და ამიტომაც დემეტრეს უარი შეუთვალეს. როდოსის ნაპირებისაკენ დაიძრა დიდი ფლოტი. ქალაქს ალყა შემოარტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ქალაქის გალავანში ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ. სატყორცნი მანქანები -კატაპულტები და ბალისტები — ქალაქის მცველებს ქვების ჭურვებსა და ალმოდებულ ისრებს აყრიდა. მაგრამ როდოსელებში ყველაზე მეტად შიშს იწვევდა ცხრასართულიანი საალყო მანქანა — ჰელეპოლიდა (ქალაქების ამღები). სამიათას ოთხას კაცს მოჰყავდა მოძრაობაში ჰელეპოლიდა და ამ გიგანტური კოშკის სიმაღლიდან უშენდნენ ცეცხლს ქალაქის დამცველებს. თვითონ კი სამი მხრიდან იყვნენ დაცული, რკინის ფურცლებით, რომლებითაც შეჭედილი იყო ჰელეპოლიდა. ფურჩლებში კიდევ დატოვებული იყო პატარა ხვრელები იარაღისა და მოისრეებისათვის. ჰელეპოლიდა ყოველ დღე დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს, მაგრამ როდოსელები მაინც არ ნებდებოდნენ. დანგრეული კედლების შიგნით ახალს აშენებდნენ. ანგრევდნენ და სწვავდნენ კედლის მნგრეველ მანქანებს და თავის რიგში დამპყრობლებს დიდ ზიანს აყენებდნენ. როდოსელების მომხრე ეგვიპტელები კი ახერხებდნენ, მათთვის საკვების შეტანას. ალყა გაჭიანურდა და დემეტრე იძულებული გახდა უკან დაეხია. ზავის თანახმად როდოსელებმა შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დემეტრემ დატოვა კუნძული. ქალაქის გალავანთან დარჩდა მხოლოდ გიგანტური ჰელეპოლიდა, რომელიც დემეტრემ როდოსელებს აჩუქა. გადაწყვეტილ იქნა ჰელეპოლიდის დაშლა და მისი რკინის გაყიდვა. მასში ვაჭრები ქალაქს 300 ტალანტამდე ფულს სთავაზობდნენ. სახალხო კრებაზე გადაწყდა: რკინაში აღებული ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი ღმერთის ჰელიოსის ქანდაკება. მის გამოსახულებას როდოსელები მონეტებზე ჭრიდნენ. ჰელიოსის ქანდაკებანი ამშვენებდნენ როდოსელთა ტაძრებს. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ღმერთებმა როდოსი ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით. როდოსს უწოდებდნენ ჰელიოსის „ღვთაებრივ განდაკებას“. როდოსელებმა გადაწყვიტეს პატივი ეცათ თავიანთი მფარველი ღმერთისათვის და აეგოთ მისი გიგანტური განდაკება — კოლოსი, ეს როდოსელთა დიდი გამარჯვების სამახსოვრო ძეგლი უნდა ყოფილიყო.

33ქანდაკების დამზადება დაავალეს ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარის მოქანდაკის მოწაფეს — ქარესს. ქარესი როდოსის მკვიდრი იყო, ქ.ლინდიდან. მისი სახელგანთქმული მასწავლებელი, მრავალი უკვდავი ქმნილების ავტორი, დიდოსტატი — ლისი პი. ძველ საბერძნეთში დიდი მოწონებით სარგებლობდა მისი ნამუშევარი, ათლეტის ქანდაკება. ლისი პმა სწორად და ცოცხლად გამოკვეთა ათლეტის სახე, ჭაბუკი მძლეოსნისა, რომელიც ჭიდაობის შემდეგ ტანს იწმენდს მტვრისაგან. ლისი პის საყვარელი გმირი იყო ჰერაკლე. ლისი პის ქანდაკებათა მარმარილოს ასლები დღემდეა შემონახული, მაგრამ მოქანდაკის საყვარელი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოსაგან შექმნა მან ზევსის გიგანტური ფიგურა, რომელიც ძველ იტალიურ ქ. ტარენტში ინახებოდა. შორს გაითქვეს სახელი აგრეთვე ალექსანდრე მაკედონელის ბრინჯაოს სკულპტურულმა პორტრეტებმა. ლისი პის ბევრი მოწაფე ცმობილი იყო როგორც თავისი საქმის დიდი მცოდნე. სახელი გაითქვა აგრეთვე ქარესმაც. პირველ რიგში მან როდოსელებს უჩვენა ქანდაკების მოდელი. ქანდაკება დამზადდა თიხისაგან და იყო ადამიანის ზომის. ქარესმა მზის ღმერთი გამოაქანდაკა, სიცოცხლით სავსე ჭაბუკის სახით, რომელსაც თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა. ჭაბუკი ღმერთი ზეზე იდგა, მთელი ტანით ოდნავ უკან გადახრილი, მარჯვენა ხელით თვალები მოეჩრდილა და სადღაც შორეთში იხედებოდა. მარცხენა ხელით აკავებდა მოსასხამს, რომელიც მიწაზე ეცემოდა. ქანდაკების სიმაღლე, როგორც ქარესი ამბობდა, იქნებოდა არანაკლეც სამოცდაათი წყრთისა (36 მ). ასეთი საბერძნეთში ჯერ არ ყოფილა. მოდელის ჩვენების დროს როდოსის მოქალაქეებმა დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეს. საჭირო იყო ქანდაკება ისე დამდგარიყო, რომ თვითონაც კარგად გამოჩენილიყო და არ დაეჩრდილა სხვა ნაგებობები. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, როდოსელებმა ქარესის განკარგულებაში გამოიყვანეს ასობით გამოცდილი ოსტატი ხელოსანი მჭედლები, ჩამომსხმელები, ბრინჯაოს დამმუშავებელი ოსტატები, ქვის მთლელები და ხუროები. მშენებლობის გეგმა უბრალო იყო და ნათელი. უწინარეს ყოვლისა მომავალი კოლოსის ადგილზე დადგეს კვარცხლბეკი. მის სიღრმეში დაამაგრეს ქვის სვეტები. მალე სამუშაოები აიყვანეს ადამიანის სიმაღლეზე მაღლა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ქარესის გეგმის თანახმად, სამუშაოზე მოვიდნენ მიწის მთხრელები. მათ მოჰქონდათ დიდი რაოდენობით მიწა. კვარცხლბეკის დაფარეს მიწით და მის ადგილზე წამოიზარდა დამრეცი მიწის გორაკი. ამ გორაკის ფერდობებზე დადგეს ხის ფიცარნაგი, აიტანეს მასალა და შეუდგნენ კოლოსის შექმნას. ქანდაკებას აკეთებდნენ ნაწილებად და იარუსებად აწყობდნენ ერთიმეორეზე. ყოველი ახალი იარუსით სულ უფრო მაღლა ადიოდნენ მშენებლები. სულ უფრო ციცაბო ხდებოდა მიწის გორაკი . ქანდაკების ტანი გაყოფილი იყო არამარტო იარუსებად, ნაწილნაწილ მზადდებოდა ყოველი იარუსი, ყოველი დეტალი. კოლოსის მშენებლობა თორმეტი წელი გრძელდებოდა. ჰელიოსის ქანდაკება თავისი სიდიდით მართლაც აღემატებოდა მანამდე არსებულ ყველა კოლოსს. ქარესის ამ არაჩვეულებრივ ქმნილების სანახავად უთვალავი მოგზაური მოდიოდა.

33გიგანტმა მხოლოდ 56 წელიწადი გასძლო. ძვ.წ.224 წელს, როდის ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. თითქმის ყველა ნაგებობა მიწასთან გაასწორა. კოლოსის აღდგენის უამრავი ცდა უშედეგოდ დასრულდა. უამრავმნახველთა შორის ძველი წელთაღთიცხვით I საუკუნეში, მიწაზე დანარცხებული კოლოსი ინახულა რომაელმა მწერალმა პლინიუს უმცროსმა. ის წერდა, რომ ახლაც კი როცა ქანდაკება მიწაზეა, ის გაოცებას იწვევს. მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ორივე ხელი შემოაწვდინოს ჰელიოსის ცერას. წაქცეული კოლოსი ათას წელიწადზე მეტ ხანს არსებობდა, ხოლო 977წელს ის ერთ მდიდარ ვაჭარს მიეყიდა, რომელმაც ნაწილებად დაშლილი ქანდეკება 900 აქლემის მეშვეობით გაიტანა.

Categories: სხვა, ქანდაკებები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 6 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.