წიგნები

ტროას ომი

Troy     ტროას ომი მინოსური ხანის საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ისტორიულ-მითიური მოვლენაა. ეს სამხედრო მოქმედება ითვლება საბერძნეთში იონიელთა მმართველობის ძლიერების პიკად, რის შემდეგაც მათი დაშლა დაიწყო, რასაც დორიელების შემოსევამოჰყვა. ტროას ომის ისტორია  თავის უკვდავ პოემაში “ილიადა” ჰომეროსმა გააცოცხლა. ომის მიზეზი სპარტის მეფის, მენელაოსის მშვენიერი მეუღლე, ელენა გახდა, რომელიც ტროელმა უფლისწულმა პარისმა მოიტაცა. განრისხებული მენელაოსი თავის ძმასთან, აგამემნონთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბერძენთა ალიანსს და მცირე აზიაში მდებარე ტროასკენ დაიძრა.

33მეფე აგამემნონის მეთაურობით აქაველები დიდი ფლოტით გაემართნენ ტროაში და ელენას გამოსახსნელად ქალაქს ალყა შემოარტყეს. ჰომეროსის მიხედვით ბერძნებს ქალღმერთები ათენა და ჰერა ეხმარებოდნენ, რადგან აფროდიტეს რჩევით პარისმა მათი სიამაყე შებღალა. ტროას ალყა ათი წელიწადი გრძელდებოდა. ბოლოს და ბოლოს ომი ითაკას მეფის, ოდისევსის ეშმაკობამ დაასრულა, რომელმაც ბერძნებს ხის დიდი ცხენის აგება ურჩია. როცა ცხენი ააგეს, ოდისევსი სხვა გმირებთან და მეომართა რაზმთან ერთად შიგ დაიმალა, შემდეგ ბერძნები ხომალდებში ჩასხდნენ და ტროას სანაპიროებს მოშორდნენ, თუმცა შორს არ წასულან და ახლო-მახლო ყურეში მიეფარნენ თვალს, ცხენი კი ტროელებს დაუტოვეს “საჩუქრად”, რომელთაც ბერძენთა ეს ძღვენი ქალაქში შეაგორეს. ტროას მეფის ასული, კასანდრა, რომელსაც მომავლის ჭვრეტა შეეძლო, ტროელებს აფრთხილებდა, ბერძენთა ხის ცხენი სატყუარააო, მაგრამ არავინ დაუჯერა. ოდესღაც, როცა მან აპოლონის სიყვარული უარყო, მისგან ბედად დაეწერა, რომ აღარავინ დაუჯერებდა და ასეც მოხდა. როცა დაღამდა, ოდისევსი და მისი მეომრები გამოიპარნენ ცხენიდან და ტროას ჭიშკარი გაუღეს ბერძენთა ჯარს, რომელიც მალულად კვლავ ქალაქს მიუახლოვდა. ბერძნები სწრაფად შეიჭრნენ ქალაქში, დაარბიეს და გადაწვეს, ხოლო მეფე პრიამოსი სიცოცხლეს გამოასალმეს. ჰომეროსის მიხედვით ათწლიანი ალყის განმავლობაში ტროელებსა და ბერძნებს შორის მუდმივი ბრძოლები მიმდინარეობდა, რომელშიც იმ დროის გმირებიც იყვნენ ჩართულები. აგამემნონი, მენელაოსი, ნესტორი, დიომედე, პატროკლე, აქილევსი, აიაქსი და ოდისევსი ბერძენთა მხარეს იბრძოდნენ, ხოლო ჰექტორი, პარისი, პრიამოსი, ენეასი და მემნონი. ბრძოლები ქალაქ ტროას გალავანთან და მის გარშემო ტერიტორიებზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ გმირთა ორთაბრძოლები. აქ ერთმანეთს მენელაოსი და პარისი, ჰექტორი, აქილევსი, აიაქსი და პატროკლე დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰექტორმა დამარცხა პატროკლე და მოკლა, თავადაც განიცადა მარცხი ჯერ აიაქსთან, ხოლო შემდეგ აქილევსთან ბრძოლაში, რომელთან შერკინებისას დაიღუპა კიდეც. ორივე მხარეს მსგავსი ტაქტიკა და შეიარაღება ჰქონდა. ჯარისკაცების ჩაცმულობას, უმეტესწილად, იმდროინდელი ნახატებიდან ვიცნობთ, თუმცა დენდრას ერთ-ერთ სამარხში თითქმის სრული საომარი აბჯარი აღმოჩნდა. აბჯარი

33ბრინჯაოს ფირფიტებისგანაა დამზადებული. იქვე იყო ტახის ეშვების მუზარადი, ბრინჯაოს სამუხლეები, ორი ხმალი და ხისჩარჩოიანი ფარის ნაშთი. ყოველივე ეს დაახლეობით ძვ.წ 1400 წლით თარიღდება. ბრძოლისას ტროელი და ბერძენი მეომრები თავს იცავდნენ დიდი, ხის ჩარჩოზე გადაკრული ხარის ტყავის ფარებით, რომელიც სამნაირი ფორმისა იყო(მრგვალი, კოშკისებური და რვიანისებური), თანაც დიდი და მძიმე, ამიტომ მეომრებს მხარზე ჰქონდათ მოგდებული. ხმლებსა და ხანჯლებს ბრინჯაოსგან ამზადებდნენ. იმ პერიოდის ბერძნული ქალაქის მეფეები გამორჩეულად მამაცი და ძლიერი მეომრები იყვნენ. მათ ევალებოდათ ჯარი საჭმელ-სასმელით, ბინით, მიწითა და მონებით მოემარაგებინათ. ამას მოხელეები აგვარებდნენ სასახლეში, სადაც ბევრი მეომარი ცხოვრობდა. მეფეები და დიდებულები მუზარადებითა და ბრინჯაოს აბჯრით იბრძოდნენ, რიგით ჯარისკაცებს კი მხოლოდ ტყავის ტუნიკებს ურიგებდნენ. ტროა იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ციხე-ქალაქად ითვლებოდა. ეს ქალაქი მაღლობზე იყო აგებული და გარს მძლავრი, სქელი გალავანი ერტყა, ამიტომ ადვილი დასაცავი იყო. ტროას სიძლიერეზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბერძნებმა ვერანაირად ვერ მოახერხეს მისი აღება, სანამ ეშმაკურ ფანდს არ მიმართეს და როგორც იტყვიან “ციხე შიგნიდან არ გატეხეს”.

33აქილევს პელევსის ძე ტროას ომის კოლორიტული ფიგურაა და მან ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ის უკვდავი იყო (არანაირი იარაღით არ შეიძლებოდა მისი დაზიანება) და მისი მოკვლა მხოლოდ ქუსლში დაჭრით შეიძლებოდა, რადგან როდესაც დედამისი, ქალღმერთი თეტიდა უკვდავების სითხეში (ამბროსიაში) აბანავებდა, ქუსლით ეჭირა, ამიტომ ფეხის ეს ნაწილი დაუცველი დარჩა. ყმაწვილობაში აქილევსს კენტავრი ქირონი ზრდიდა და ასწავლიდა. როდესაც წამოიზარდა, აქილევსი მირმიდონელების მეთაური გახდა, რომელთაც მანამდე მამამისი, პელევსი მეთაურობდათ. ოდისევსმა და ნესტორმა მოახერხეს მისი დათანხმება, რომ მონაწილეობა მიეღო ტროას ომში. აქილევსი 50 ხომალდით და მირმიდონელთა ჯარით დაიძრა ლეგენარული ქალაქისაკენ. აქილევსი ამ დიდ ბერძნულ დაპირისპირებაში პირადი სახელის მოსაპოვებლად ერთვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას უწინასწარმეტყველეს ტროას ომში დაღუპვა, თუმცა დიდების მოპოვება. აქილევსს არ უყვარდა მიკენეს მეფე და ტროას ომში ბერძენთა არმიის სარდალი, აგამემნონი და მასთან ხშირად მოსდიოდა ჩხუბი, რის გამოც ერთხელ ომი მიატოვა და მხოლოდ ჰექტორის მიერ პატროკლეს მოკვლის შემდეგ დაბრუნდა. აქილევსმა მრავალ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. მან დაამარცხა და მოკლა ტროას ყველაზე ძლიერი მეომარი და მთავარსარდალი, ჰექტორ პრიამოსის ძე, თუმცა თავადაც მალე დაიღუპა, რადგან ქუსლში ისარი მოხვდა. ლეგენდის მიხედვით ეს ისარი პარისმა ესროლა, ხოლო აქილევსის ქუსლისკენ გზა აპოლონმა გაუკვლია. დიდი ბერძენი გმირი დაეცა, თუმცა მისი დიდება საუკუნეებს შემორჩა.

33აგამემნონ ატრევსის ძე– ბერძენთა ძალების მთავარსარდალი ტროას ომში და მიკენეს ყველაზე ცნობილი მეფე, სპარტის მეფის, მენელაოსის ძმა, რომლის ცოლის, ელენას მოტაცებისთვის ჩაერთო ტროას ომში და საბოლოოდ გამარჯვებითაც დაასრულა ეს წამოწყება. პიროვნულად აგამემნონი პატივმოყვარე და ამაყი, თუმცა ჭკვიანი და გამოცდილი მმართველი და სარდალი იყო. მან ბევრჯერ გამოიჩინა თავი როგორც მამაცმა მეომარმა და ბრძენმა მეთაურმა. ხშირად მოსდიოდა დაპირისპირება აქილევსთან, რომელმაც ერთხელ მასზე გაბრაზების გამო დროებით ტროას ომი მიატოვა. აგამემნონმა ათწლიანი ალყის შემდეგ საბოლოოდ მაინც აიღო ტროა და ცეცხლს მისცა. როდესაც ძლევამოსილი ხელმწიფე მიკენეში დაბრუნდა, თავისი ცოლის, კლიტემენესტრას და მისი საყვარლის, ეგისთეს მსხვერპლი შეიქმნა. 

33აიაქს დიდი (ეანტ ტელამონიდი) – დიდი ბერძენი მებრძოლი და ტროას ომის გმირი. აიაქსი სალამინის მეფის, ტელამონის ძე და აქილევსის ბიძაშვილი იყო. ლეგენდის მიხედვით ტელამონის ძე ჰერაკლემ ლომის ტყავში გაახვია, რის შემდეგაც მისი სხეულის დაზიანება შეუძლებელი გახდა, როგორც აქილევსისა, თუმცა აიაქსსაც ჰქონდა სუსტი ადგილი, ეს იყო მისი იღლია. ტროას ომში მონაწილეობაზე აიაქ დიდი სიხარულით დასთანხმდა და 12 ხომალდი და საკმარისი რაოდენობის ჯარი გამოიყვანა ბერძენთა დროშის ქვეშ. ჰომეროსის “ილიადის” მიხედვით აიაქსი ბერძენ გმირებს შორის ყველაზე მამაცი და ძლიერი იყო აქილევსის შემდეგ. მან შესძლო ჰექტორის დამარცხება ორთაბრძოლაში, თუმცა ტროელმა უფლისწულმა მოახერხა გაქცევა. აიაქსმა დახოცა ბრძოლაში ჰიპოდამი, ხრომია და 28 ცნობილი ტროელი მებრძოლი. აიაქსმა გაიმარჯვა აქილევსისა და პატროკლეს სიკვდილის შემდეგ გამართულ საპატიო თამაშებზე, თუმცა როდესაც მოისურვა აქილევსის აღჭურვილობის მიღება, აგამემნონმა, ოდისევსმა და ნესტორმა არ დაუთმეს. ამის გამო ის ჭკუაზე შეიშალა და თავი მოიკლა.

33ოდისევს ლაერტას ძე – ითაკას მეფე, პენელოპას ქმარი, ტელემაქეს მამა და ბერძენთა ერთ-ერთი გამორჩეული მეთაური იყო ტროას ომში. იგი ცნობილი იყო როგორც ენაწყლიანი ორატორი, მამაცი მეომარი, შესანიშნავი მშვილდოსანი და ცბიერი სარდალი. ოდისევსმა ტროასთან ომში 12 ხომალდი და ითაკაში შეკრებილი ჯარი გამოიყვანა. ორთაბრძოლებში დაამარცხა 17 მებრძოლი. გაგზავნილი იყო ელჩად ტროაში. აქილევსის სიკვდილის შემდეგ მიიღო მისი აღჭურვილობა, რომელიც აქილევსის ძეს, ნეოპტოლემაიოსს გადასცა და ომში მონაწილეობის მიღება სთხოვა. ოდისევსი განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ მან მოიფიქრა დიდი ხის ცხენის გაკეთება, რომლითაც ტროაში უჩუმრად შევიდოდნენ (ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით ეს იდეა მას სხვამ მიაწოდა, თუმცა მისი განხორციელება სწორედ ოდისევსმა დაიწყო). თვითონ ოდისევსიც ხის ცხენში იჯდა, როდესაც ტროელებმა ბერძენთა ეს “საჩუქარი” ქალაქში შეაგორეს. ტროას დაცემის შემდეგ ოდისევსი ითაკასკენ გაემგზავრა. სწორედ მის მოგზაურობაზე ააგო ჰომეროსმა პოემა “ოდისეა”. ამის გამო ის ჭკუაზე შეიშალა და თავი მოიკლა.

33ნესტორი – ტროას ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე, პილოსის მეფე. მიუხედავად მოხუცებულობისა, ომში სიმამაცე და სიბრძნე გამოავლინა. ახალგაზრდობაში მონაწილეობდა კალედონურ ნადირობაში და არგონავტიკაში. ტროას ომში 90 ხომალდით და საკმაოდ დიდი არმიით გამოცხადდა. დიდი გავლენა გააჩნდა აგამემნონზე და სხვა სამხედრო მეთაურებზე. ტროას აღების შემდეგ დაბრუნდა პილოსში, სადაც გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული.

33მენელაოსი – სპარტის ლეგენდარული მეფე, აგამემნონის ძმა, ელენას მეუღლე და ტროას ომის ერთ-ერთი მთავარი მოთავე იყო. პარისის მიერ ელენას მოტაცების შემდეგ სწრაფად ამოქმედდა და თავის ძმასთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბერძნულ კოალიციას და გამოიყვანა სპარტანელი მეომრებით სავსე 60 ხომალდი. “ილიადას” მიხედვით ომში 8 ცნობილი ტროელი მეომარი მოკლა. ასევე დაამარცხა პარისი ორთაბრძოლაში, თუმცა ამ უკანასკნელმა გაქცევა მოახერხა. პატროკლეს სიკვდილის შემდეგ მენელაოსი გააფთრებით იცავდა მის გვამს მტრისაგან. პატროკლეს დასაფლავების შემდეგ გაიმარჯვა საპატიო თამაშებისას გამართულ შუბის ტყორცნაში, ხოლო აქილევსის სიკვდილის შემდეგ გამართულ თამაშებში გაიმარჯვა ეტლებით რბოლაში. ტროას აღების შემდეგ სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე ბევრი ფათერაკი შეემთხვა, თუმცა მაინც მოახერხა დაბრუნება. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ტროაში ელენასთან ერთად.

33ჰექტორ პრიამოსის ძე – მამაცი ტროელი მხედართმთავარი და ტროას უფლისწული იყო. მან ტროას ომში დიდი როლი ითამაშა რადგან  სწორედ მისი დახმარებით გაუძლო ტროამ ათწლიან ალყას. გაიუს იულიუს გიგინი გვეუბნება, რომ ჰექტორმა 31 მებრძოლი დასცა ბრძოლის ველზე, ხოლო ჰომეროსის “ილიადა” იუწყება რომ ტროელმა მხედარმთავარმა 28 ბერძენი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთ-ერთ შეტაკებაში მან აქილევსის ნათესავი პატროკლე მოკლა. მირმიდონელები უკვე წასვლას აპირებდნენ, როდესაც აქილევსმა ეს ამბავი შეიტყო. აქილევსმა ჰექტორი ორთაბრძოლაში მოკლა და ეტლზე გამობმულს ტროას გარშემო რამდენიმე წრე დაარტყმევინა.

33პარის პრიამოსის ძე – ჰექტორის უმცროსი ძმა იყო, თუმცა მისგან განსხვავებით პარისი სიმამაცით არ გამოირჩეოდა. პარისს ტროას ომში თითქმის არ უბრძოლია.”ილიადას” მიხედვით მან მხოლოდ 3 ბერძენი მეომრის მოკვლა მოახერხა. როცა ბერძნებმა ტროაში შეაღწიეს პარისი აქილევსს ჩაუსაფრდა და  ქუსლში დაჭრა ისრით თუმცა მალე თავადაც იგივე ბედმა უწია. ის ფილოქტეტესმა შხამიანი ისრით განგმირა.

33პრიამოსი – ტროას უკანასკნელი მეფე. ტროას ომის დროს ის იმდენად მოხუცი იყო, რომ ბრძოლებში მონაწილეობა არც მიუღია და  მხოლოდ ერთხელ გავიდა ბრძოლის ველზე, რათა მისი ვაჟის პარისისა და მენელაოსის ორთაბრძოლა ენახა. ჰექტორის სიკვდილის შემდეგ ჰერმესის (ვაჭრობის და ქურდობის ღმერთი) დახმარებით პრიამოსი აქილევსის კარავში შეიპარა და ჰექტორის სხეული მოსთხოვა. საბოლოოდ პრიამოსი ნეოპტოლემაიოსმა მოკლა,როდესაც ის ზევსის ტაძარს იცავდა.

Categories: პიროვნებები, სხვა, წიგნები | 2 Comments

ილიადას წიგნი

Iliad

ქება პირველი. ჟამიანობა. რისხვა

რისხვას, ღმერთქალო, უგალობე აქილევსისა,
აქაველთ თავს რომ დაატეხა ვნება ულევი!
გმირთა სულები გადახვეწა ქვეშეთის მხარეს,
გვამნი დაყარა ყვავ-ყორანთა დასაყივარად
5 და ძაღლთა წილად . . . ზევსის ნება მაშინ აღსრულდა,
მტრად მოეკიდნენ ოდეს ერთურთს მამაცთა მეფე
აგამენონ და აქილევსი, ღმერთის სადარი.

რომელმა ღმერთმა გააღვივა ნეტავი შუღლი?
– ლეტოს და ზევსის ძემ, მეფეზე განრისხებულმა.
10 სასტიკი ჭირი ჯარს შეჰყარა, მუსრი გაავლო:
რად მოეპყრაო უპატიოდ ქურუმს ატრიდი!
მოსულა ქრისე აქაველთა მალემსრბოლ გემთან,
სურდა ასული გამოეხსნა ურიცხვი ძღვენით.
ხელთ ჰქონდა ოქროს კვერთხი უფალ აპოლონისა,
15 თავსაკრიანი, აქაველებს ევედრებოდა,
ყველაზე მეტად – ორსავ ატრიდს, სპათა მესვეურთ:

”სპანო საბარკულმშვენიერნო! ატრევსის ძენო!
ოლიმპოს ღმერთნი შეგეწიონ, რომ პრიამოსის
ციხე დალეწოთ და მშვიდობით ეწვიოთ მამულს!
20 ოღონდ ასული დამიბრუნეთ, ძვენი ინებეთ,
პატივი დასდეთ შორსმოისარ უფალ აპოლონს!”

ერთხმად გაისმა აქაველთა მძლავრი ყიჟინა –
მოგვს პატივი ვცეთ, მივიღოთო ძვენიც მდიდარი.
მხოლოდ ატრიდმა გულთან ახლოს არ გაიკარა
25 მამის ვედრება, მოიშორა მრისხანე სიტყვით:
”გასწი, ბებერო! ხომალდებთან აღარ გიხილო!
ფეხს ნუ აითრევ და ნურასდროს ნურც მობრუნდები,
თორემ ვერ გიხსნის ვერც კვერთხი და ვერც ღვთის
გვირგვინი!

ქალს ვერ გავუშვებ, ტყვეობაში შემაბერდება,
30 არგოსში წავალთ, მოვაშორებ მშობლიურ მხარეს,
რომ სარეცელიც დამიმშვენოს სელის მბეჭველმა.
ნუღარ მარისხებ, გამეცალე ცოცხალი თავით!”

ასე თქვა, თრთოლვით შეისმინა სიტყვა მოხუცმა.
უხმოდ გაუყვა მრავალხმიან ზღვის სანაპიროს. . .
35 გასცილდა გემებს.
შეევედრა გულამომჯდარი
ლამაზთმიანი ლეტოს პირმშოს უფალ აპოლონს:
”მიხსენ მე, ვერცხლისმშვილდოსანო, ქრისეს ქომაგო,
კილას მფარველო, მძლე მეუფევ ტენედოსისა,
სმინთევსო!
თუკი შემიმკია ტაძარი შენი,
40 თუ შემიწირავს საზვარაკო მსუყე ბარკალი
ჯიხვთა და ხართა, შემეწიე!
რაც ცრემლი ვღვარე,
ბასრი ისრებით აზღვევინე დანაელთ ლაშქარს!”

ასე ღაღად-ყო და სხივოსან აპოლონს ესმა.
გული ირისხა, გადმოიჭრა ოლიმპოს მთიდან,
45 ბეჭზე კაპარჭი მოსალტული, მშვილდი მოეგდო
და ფრთოსან ისრებს აწივლებდა სისწრაფე სრბოლის, –
ღმერთი მაღალი მოღელავდა პირღამიანი.

გემებთან ახლოს ჩაიმუხლა, სტყორცნა ისარი,
ზარისმცემელი ვერცხლის მშვილდი ააზუზუნა.
50 მუსრი გაავლო მაწანწალა ძაღლებს, სახედრებს,
შემდეგ სიკვდილიის მთესველ ისრით მისწვდა მხედრობას.
გვამთა შთანთქმელი კოცონები დააგზნო ყველგან.
ცხრა დღე და ღამე ღვთის ისარი მუსრავდა ლაშქარს.
მეათე დღეს კი კრებდა უხმო ხალხს აქილევსმა.
55 ხელთეთრა ჰერამ შთააგონა ვაჟკაცს ეს აზრი,
ქალღმერთს დანაელთ სპათ ხილვით გული ეწვოდა.
ოდეს აქაველთ მოიყარეს კრებაზე თავი,
ადგა ფეხმარდი აქილევსი და ასე ბრძანა:

”აგრე მგონია, მრავალტანჯულთ გვმართებს, მეფეო,
60 შინ გავეშუროთ, თუ გვწადია, გავექცეთ სიკვდილს;
აქაველთ მუსრავს სნეულება, სასტიკი ომი!. .
ქურუმს მივმართოთ, ან მისანმა აგვიხსნას ეგებ –
სიზმრის ამხსნელმა (სიზმარსაც ხომ ზევსი მოგვივლენს) –
აპოლონ ღმერთი ასერ რისთვის შემოგვწყრომია?
65 აღთქმის გატეხამ განარისხა, თუ ითხოვს ჩვენგან
ასზვარაკეულს და საზორავს ვერძთა და ჯიხვთა,
რომ შეგვეწიოს, აგვაშოროს იავარყოფა!”

ასე თქვა. მაშინ თესტორის ძე კალქანტი ადგა,
ფრთოსან ჩიტებზე მჩხიბაობით სახელგანთქმული,
70 წარსულის, აწმყოს და მყოფადის საქმეთა მცოდნე.
ილიონისკენ გემებს იგი გამოსძღოლია,
აპოლონისგან რაკი ერგო მისნობის ნიჭი.
ახლაც კეთილი აზრით უთხრა გმირს თესტორიდმა:
75 ”ო, აქილევსო, ღვთის რჩეული, გიბრძანებია
აგიხსნათ რისხვა შორსმმუსვრელი აპოლონისა.
მე თანახმა ვარ, ოღონდ შენგან ზენაარს:
შემფიცე, გმირო, რომ დამიცავ სიტყვით თუ საქმით!
ვშიშობ – ვაი თუ მხოლოდ მეფე გავაგულისო,
80 – არგიველთა და აქაველთა ლაშქრის უფალი.
მდაბიოს მართებს არ აღაგზნოს სახმილი რისხვის,
ძრწოდეს, თუ სცოდა!
მეფე ბოღმას თავდაპირველად
გულში ინახავს, ჯავრს სანამდის არ ამოიყრის. . .
მაშ, თვით განსაჯე, შეძლებ იყო შემწე, შემხიდე?”

85 ფეხმარდმა გმირმა აქილევსმა მიუგო კალქანტს:
”ღვთის ნება გვამცნე გაბედულად, რაც უნდა იყოს!
ვფიცავ აპოლონს, ზევსის რჩეულს, რომელსაც, კალქანტ,
შენც ჰფიცავ ხოლმე, როს დანაელთ ღვთის ნებას
ამცნობ –
სანამდის პირში სული მიდგას და ვჭვრეთ მზის ნათელს,
90 დანაელთ შორის შენზე ვერვინ ხელს ვერ შემართავს!
თუნდ იყოს იგი თვით მრისხანე აგამენონი,
მთელს მხედრობაზე ზვიადობით აღმატებული”.

მაშინ თამამად თქვა მისანმა სწორუპოვარმა:
”აღთქმას და ზვარაკს არ მოითხოვს! ღმერთი შემოგვწყრა,
95 რაკიღა ქრისე დაუმცირა აგამენონმა,
ასული აღარ დაუბრუნა, ძღვენიც უარყო.
არვის დაგვინდობს ამისათვის შორსმოისარი
და არ მოიშლის არგიველთა განადგურებას,
სანამ არ მივგვრით მშობელ მამას პირმშოს შავთვალას,
100 და ჰეკატომბეს არ შევწირავთ კუნძულ ქრისეზე.
მხოლოდ მაშინღა დამშვიდდება ღმერთი მრისხანე”.
ეს თქვა თუ არა, აგამენონ ზეწამოიჭრა –
სივრცეთმპყრობელი ატრევსის ძე განრისხებული.
უგლიმი გული აღვსებოდა ბოღმით და ბრაზით,
აალებული თვალებიდან სულ ცეცხლსა ყრიდა. Continue reading

Categories: სხვა, წიგნები | 2 Comments

ილიადა

ილიადას მეხუთე საუკუნის მანუსკრიპტი   ილიადა (ბერძნ. Ἰλιάς) — ნიშნავს „ტროას მიკუთვნებულს“. ილიადა ევროპის ერთერთი პირველი წიგნია რომელიც ევროპაში დაიწერა და დღემდეა შემონახული. იგი ჰომეროსის დაწერილი 15.693 ჰეკზამეტრისგან შემდგარი ეპიკური პოემაა და ბერძნული ლიტერატურის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. მისი საფუძველი იყო ბერძენ გმირებზე შექმნილი მრავალრიცხოვანი მონათხრობები. ილიადას მოქმედება ხდება ტროას (ილიონის) ალყის მეათე წელს და დროის მცირე მონაკვეთს მოიცავს. მეცნიერთა აზრით დღევანდელი ტექსტი ალექსანდრიელი მეცნიერების რედაქციითაა შემორჩენილი.

33ილიადა დაიწერა ქრისტეშობამდე მერვე საუკუნეში. მისი ორიგინალი დამწერლობა ჰომეროსული ბერძნულით და იონიკური დიალექტითაა შესრულებული და შესდგება 24 წიგნში (სიმღერაში) გაერთიანებული 15.693 სტრიქონისაგან. იგი ქრ.შ. VIII საუკუნეში დაიწერა და XVI საუკუნეში გადაითარგმნა. ბრძოლაში ერთვება ორი მხარე მეფე აგამემნონი და მეომარი აქილევსი. ილიადაში თხრობა იწყება აქიელების მეფის აგამემნონის მიერ აპოლონის ტროელი ქურუმის ქრისეს ქალიშვილის ქრისეიდას მოტაცებით. სასოწარვეთილი  ქრისესი დახმარებას აპოლონს სთხოვს და ისიც სამეფო ჯარს ეპიდემიას უვლენს. ცხრადღიანი ეპიდემიის შემდეგ აქილევსი აკრიტიკებს აგამემნონს და აიძულებს ტყვე უკან დააბრუნოს. მაგრამ ის თანხმდება აქილევსის ტყვე ქრისეიდაში მხოლოდ ერთი ტყვის ბრისეიდას გაცვლას. გაბრაზებული აქილევსი ჯართან ერთად სახლში დაბრუნებას აპირებს. ამასობაში აქილევსი დედამის ფეტიდას ეუბნება, ზევსს სთხოვოს ბრძოლისას ბერძნების  ისეთ სირთულემდე მიყვანას რომ მისი დახმარება დასჭირდეთ. ზევსი აგამემნონს სიზმარს უვლენს რომელშიც მოუწოდებს რომ ტროას თავს დაესხას. აგამემნონი სიზმარს ითვალისწინებს, თუმცა ბერძნულ არმიას ცდის და ეუბნება სახლში დაბრუნდნენ. მხოლოდ ოდისევსის ჯარი რჩება ათენას შთაგონებით. ოდისევსს ქრისეიდა მამასთან მიჰყავს და ეპიდემიაც ჩერდება. ცხრა წლიანი ალყა ლამის ჩაიშალოს, მაგრამ სიტუაციას იხსნის ოდისევსი. ოდისევსი სჯის თერსიტესს, რიგით დეზერტირ ჯარისკაცს. სადილობის შემდეგ ბერძნების ჯარი ლაგდება ქალაქ ტროას შემოგარენში. ამაზე საპასუხოდ ტროას მეფე ტრიამიც აგზავნის ჯარს. სანამ ორი არმია ერთმანეთს შეეჯახება მისი ძმისაგან ჰექტორისგან იძულებით პარისი სიტყვით გამოდის და ელენეს ქმარს მენელაუსს დუელში იწვევს. ბრძოლაში პარისი მარცხდება, თუმცა სასიკვდილო დარტყმამდე მას აფროდიტე იხსნის და ელენესთან წაიყვანს (დასაწოლად)  ჰომეროსი მეორე სიმღერაში აღწერს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარის ძალებს. ტროის კედლებთან აგამემნონის წინამძღოლობით 1.186 გემმა მიაღწია 130 ათას მეომარზე მეტი შემადგენლობით. ჯარი შესდგებოდა ელადის სხვადასხვა ნაწილის მეომრებისაგან, როგორიცაა არგოსი, არკადია, ათენი, ლოკრიდა, იტაკა, ეპირი, კრეტა, ლაკედემონი, მიკენე, როდოსი, ფესალია, ფოკიდა, ევბეა, ელიდა, ეტოლია და სხვები. ხოლო ტროას მხარეს ჰეკტორის წინამძღოლობით იბრძოდნენ დარდანელების, კარიელების, ლიკიების, მეონების, მიზების, პაფლაგონელების, პელასგების, თრაკიელების და ფრიგიელების ჯარები. რადგან ტროას ომი ელენეს მოტაცებით დაიწყო მესამე სიმღერაში ბრძოლაში ერთვებიან ელენეს კანონიერი ქმარი მენელაოსი და ფაქტიური ქმარი პარისი. მენელაოსი იმარჯვებს, თუმცა დაჭრილი პარისი ქალღმერთ აფროდიტეს ბრძოლის ველიდან გაჰყავს რითაც ბრძოლა დაუსრულებელი რჩება. აქიელებს ათენა, ხოლო ტროელებს აპოლონი , არესი და აფროდიტე მფარველობს. მეხუთე სიმღერაში მოთხრობილია თუ როგორ აყენებს ჭრილობებს აქიელი მეომარი დიომედე უკვდავ ღმერთებს არესს და აფროდიტეს. ქალღმერთი ათენას ძალისაგან შეშინებული ტროას ლიდერი ჰექტორი ტროაში ბრუნდება და ქალღმერთს დიდებულ მსხვერპლს სწირავს. მას პარისის საქციელის სრცხვენია და თავის ცოლ ანდრომაქას აიმედებს რომ მაინც გაიმარჯვებენ. მეშვიდე სიმღერაში ჰექტორი უბრუნდება ბრძოლის ველს და აქეელების  ყველაზე ძლიერ მებრძოლს იწვევს ორთაბრძოლაში. გამოწვევაზე აიაქს დიდი პასუხობს. ისინი დაღამებამდე იბრძოდნენ თუმცა ვერცერთმა ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. ამასობაში კი ზევსი ტროელებისკენ გადაიხარა, ხოლო პოსეიდონი აქიელების ერთგული რჩება. აქიელების წარმომადგენლობა აქილევსთან მიდის, რომლის არმიაც აგამემნონთან უთანხმოების გამო უმოქმედოდ დგას. თავდასხმის საწინააღმდეგოდ ტროელებმა თითქმის გაანადგურეს აქეელების ფლოტი, თუმცა ქალღმერთმა ჰერამ მოახერხა ზევსის დაძინება და თავისი რჩეულები სიკვდილისაგან იხსნა. როდესაც აქილევსმა გადამწვარი ფლოტი დაინახა ტროელების დასასჯელად 2.500 მეომარი გააგზავნა პატროკლეს მეთაურობით. თავად აგამემნონთან უთანხმოების გამო არ გაჰყვა მეომრებს. შერკინებისას მეთაური პატროკლე დაიღუპა ევფორბეს და ჰექტორის მახვილით. მეგობრის მოკვლის გამო შურისძიების წყურვილით შებყრობილი აქილევსი ჰექტორს ყელს გამოჭრის და მოკლავს. ილიადის დასასრულს ოცდამეოთხე სიმღერაში ნახსენებია, რომ  აქილევსი იწყებს დავას რომ პატროკლეს ცხედარი მამამისს პრიამოსს არ გადასცენ, თუმცა 12 დღის შემდეგ მაინც აძლევს მას.

აქიელები:

,

აგამემნონი – მიკენიის მეფე და ბერძნების მეთაური.

აქილევსი – მირმიდონების ლიდერი ნახევრადღმერთი გმირი მეომარი.

ოდისევსი – იტაკას მეფე, ძლევამოსილი ბერძენი მეთაური და „ოდისეას“ გმირი.

აიაქს დიდი – ტელამონის შვილი.

მენელაუსი – სპარტას მეფე, ელენეს ქმარი და აგამემნონის ძმა.

დიომედესი – ტიდეოსის შვილი და არგოსის მეფე.

აიაქს მცირე – ტელამონის შვილი და აიქს დიდის თანამებრძოლი.

პატროკლე – აქილევსის ახლო მეგობარი და თანამებრძოლი. ზოგიერთი ცნობით საყვარელი.

ნესტორი – პილოსის მეფე და აგამემნონის მრჩეველი.

ტროელები:

,

ჰექტორი – მეფე პრიამოსის შვილი და ტროელების ჯარის მხედართმთავარი.

ენეასი – ანქისეს და აფროდიტეს შვილი.

დეიფობი – ჰექტორის და პარისის ძმა.

პარისი – ელენეს შეყვარებული.

პრიამოსი – ტროას უკანასკნელი მეფე.

პოლიდამასი – ტროელი ჯარის ერთ-ერთი მეთაური.

აგენორი – ტროელი მებრძოლი, რომელსაც აქილევსის დამარცხება უნდოდა.

სარპედონი – ზევსის შვილი,  ტროელების თანამებრძოლი, გლაუკუსის მეგობარი და ლიკიანელი მთავარსარდალი.

ევფორბე – მეომარი, რომელმაც პატროკლე პირველად დაჭრა.

დოლონი – ტროელების ჯაშუში ბერძნებთან.

ანტენორი – მეფე პრიამოსის მრჩეველი, რომელიც ბრძოლის დასასრულს ელენეს დაბრუნებას ეწინააღმდეგება.

პოლიდორუსი – პრიამოსის და ლაოთეს შვილი.

პანდარუსი – ცნობილი მშვილდოსანი და ლიკაონის შვილი.

ჰექუბა – პრიამოსის ცოლი და ჰექტორის, პარისის და კასანდრას დედა.

ელენე – ზევსის შვილი, მენელაუსის ცოლი, პარისის და შემდგომ დეიფობუსის შეყვარებული.

ანდრომაქე – ჰექტორის ცოლი და ასტიანაქსის დედა.

კასანდრა – პრიამოსის ქალიშვილი, რომელსაც აპოლონმა წინასწარმეტყველების ნიჭი უბოძა. მაგრამ მან ღმერთი უარყო და დაიწყევლა.

ბრისეიდა – ბერძნების მიერ შებყრობილი ტროელი ქალი.

ღმერთები

,

ტროელებისკენ:

არტემისი

აპოლონი

აფროდიტე

არესი

ერისი

ლეტო

სკამანდერი

ფობოსი

დეიმოსი

აქაელებისკენ:

ჰერა

ათენა

პოსეიდონი

ირისი

თეტისი

პროტეუსი

ნეიტრალური:

ზევსი

ჰადესი

ჰერმესი

ჰეფესტო

,

,

,

ილიადას წიგნი

Categories: პიროვნებები, წიგნები, ჰომეროსი | ტეგები: , , | დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.