სელენა

   სელენა (ბერძნ. Σελήνη) ბერძნულ მითოლოგიაში მთვარის ქალღმერთია, ხოლო რომაულში მას ლუნას სახელით მოიხსენიებდნენ. იგი ჰიპერიონის და თეიას შვილია. არკადიელების მონათხრობებში სელენა მთვარემდე გაჩენილ ქალღმერთად გვევლინება. მას ზეცაში თავად ზევსი უყვარდა და მისგან გაუჩნდა ქალღმერთი პანდია (სიკაშკაშე), რომელსაც ათენში სცემდნენ თაყვანს. არკადიის მთებში სელენა პანის საყვარლად მიიჩნევოდა. მითის თანახმად პანი ცხვრად გადაიქცა,  მთვარის ქალღმერთი მოიტაცა და ტყეში წაიყვანა. სელენას ერთ-ერთი მიწიერი საყვარელი იყო ელიდას მეფე ენდიმიონი. ნადირობისგან დაღლილმა მეფემ თავი გამოქვაბულ ლატმას შეაფარა და ამ დროს სელენამ ზევსს მისი უკვდავება, მარადიული ახალგაზრდობა და მარადიული ძილი შესთხოვა. სურვილი აუხდა და იგი თავის საყვარელ ადამიანს ყოველ ღამე აკითხავდა და მისი ცქერით ტკბებოდა. სელენას ენდიმიონისგან 50 შვილი (50 მთვარის თვის ოლიმპიური ციკლი) მენაები ეყოლა: ნემეა (სავსე მთვარე), მესომენა (ზრდადი მთვარე), პანდეა (კლებადი მთვარე), მენისკი (ნახევარმთვარე) და მენა (სავსე მთვარე). სელენას მიეძღვნა XXXII ჰომეროსის და IX ორფიკული ჰიმნი.

Categories: ასტრონომია, პირველი ღმერთები | 4 Comments

ეოსი

   ეოსი (ბერძნ. Ἕως)  ბერძნულ მითოლოგიაში განთიადის ქალღმერთია, ხოლო რომაულ მითოლოგიაში მას ავრორას სახელით მოიხსენიებდნენ. ეოსი ჰიპერიონის და თეიას შვილი და ჰელიოსის და სელენას დაა. ასტრაოსთან მას ეყოლა ასტრები (ვარსკვლავები) მათგან გამოირჩევოდა ფოსფორუსი (რომაულად ლუციფერი), „ცისკრის ვარსკვლავი“ იგივე პლანეტა ვენერა და ანემები (ქარები): ზეფირი (დასავლეთის ქარი), ევროსი (აღმოსავლეთის ქარი), ნოტოსი (სამხრეთის ქარი) და ბორეა (ჩრდილოეთის ქარი). ეოსი დილაადრიან გამოჩნდებოდა ოკეანის თავზე და მის ხვთაებრივ ცხენებთან ფაეტონთან და ლამპოსთან ერთად აიჭრებოდა ცაში. ეოსს ქონდა მიდრეკილება ახალგაზრდა მოკვდავების მიმართ. ამას ბერძნები იმით ხსნიდნენ, რომ იგი ხშირად იზიარებდა სარეცელს არესთან და შურის გამო აფროდიტემ არგუნა მას ასეთი დაუოკებელი ვნება. ეოსი როცა ცაში გადაიფრენდა ახალგაზრდა ადამიანების მიმართ ვნებას განიცდიდა და ამას მიაწერდნენ გარიჟრაჟის მეწამულ წითელ ფერს. ამასგარდა უკავშირებდნენ მამაკაცის დილის ერექციასთანაც. მისი მოკვდავი საყვარლებიდან პოეტები გამოარჩევდნენ კლიტოსს, ტითონს და პროკრიდას ქმარ კეფალს. თუ ეოსი ადამიანის სიყვარულს ვერ მოიპოვებდა იგი მას იტაცებდა, როგორც მოიტაცა კლიტოსი, ტითონი და ზოგიერთი გადმოცემით განიმედი. მას უყვარდა ორიონიც, ხოლო მისი ქმარი ტითონი გახდა. ეოსს ტითონი ისე უყვარდა, რომ ზევსს მისი უკვდავობა სთხოვა, მაგრამ ამასთან დაავიწყდა, რომ მის მუდმივ სიჭაბუკეზეც შევედრებოდა. როდესაც ტითონი დაბერდა და დაუძლურდა ეოსმა იგი საპყრობილეში გამოამწყვდია და მისი სიბერისგან შეცვლილი ხმა რომ არ გაეგო ხოჭოდ გადააქცია. ამ სიყვარულისგან მას ეყოლა ემათიონი და მემნონი, რომელიც ეთიოპიის მეფე გახდა და ტროას ომში აქილევსმა განგმირა.  ძლიერ დამწუხრებულმა დედამ მემნონის სხეული გამოსატირებლად ეთიოპიაში დააბრუნა და ზევსს მისი დების ჩიტებად „მემნონებად“ გადაქცევა სთხოვა. ეოსი ბერძენი დრამატურგის ესქილეს ტრაგედიაში „სულების შეფასება“ ერთ-ერთი მთავარი გმირია. მას მიეძღვნა LXXVIII ორფიკული ჰიმნი.

33მისი სახელი უწოდა ფოტოაპარეტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა ქანონმა თავისი პროფესიონალი აპარატების სერიას Canon EOS და მანქანების ასევე უმსხვილესმა მწარმოებელმა ფოლკსვაგენმა ერთ-ერთი მანქანის მოდელს Volkswagen Eos.


Categories: პირველი ღმერთები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ჰემერა

   ჰემერა (ბერძნ.Ἡμέρα) დღის სინათლის ქალღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში. იგი ნიქტას და ერებოსის შვილი და ეთერის დაა. ჰემერამ მოიტაცა კეფალოსი და მისგან ფაეტონი გააჩინა. ოლიმპიაში იგი ეოსთან ასოცირდებოდა და მნემონის დედათ ითვლებოდა. რომის პანთეონში ჰემერას დიესი შეესაბამებოდა

Categories: პირველი ღმერთები | დატოვე კომენტარი

პონტოსი

   პონტოსი (ბერძნ. Πόντος ) იყო ზღვის სიღრმის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში მას უმეტესად ხმელთაშუა და შავ ზღვასთან აიგივებდნენ. იგი გეას და ეთერის შვილი იყო, თუმცა ჰესიოდე „თეოგონიაში“ გეას მის ერთადერთ გამჩენად მოიხსენიებს. მისი შვილები არიან: ნერეუსი, ტაუმასი, ფორცისი, კეტო, ევრიბია, ტელქინები და თევზები.

Categories: პირველი ღმერთები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ტალასა

   ტალასა (ბერძნ. Θάλασσα) არის ზღვის სიღრმის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. იგი ეთერის და ჰემერას შვილი და პონტოს ცოლია, რომლისგანაც თევზები, ტელქინები და ჰალია გააჩინა. ბერძენი ეპიკური პოეტის ნონოსის თანახმად ტალასა აპროდიტეს და ეგეონის დედაა. იგი თეტისის ეპითეტია და მისდამი მიძღვნილია XXII ორფიკული ჰიმნი.

Categories: პირველი ღმერთები | დატოვე კომენტარი

ფანესი

   ფანესი (ბერძნ.Φάνης) იყო ხრონოსის და ანანკეს შვილი, სამყაროს წყაროდან, ელვარე კოსმიური კვერცხიდან გამოჩეკილი მოოქროვილი ფრთების მქონე თავდაპირველი, საწყისი არსება. მას ზოგჯერ უწოდებენ პროტოგონოსს (პირველშობილს), ზოგჯერ კი ეროსს, სიყვარულს. სახელი ფანესი ფაქტიურად ნიშნავს «ის ვინც აცხადებს», “ის ვინც ამჟღავნებს» და ენათესავება ბერძნულ სიტყვებს რომლებიც აღნიშნავენ სინათლეს და სინათლის გავრცელებას. ერთი ძველი ორფიკული ჰიმნი მას ასე ახსენებს: «გამოუთქმელო,ფარულო,ბრწყინვალე, ტრიალით მოძრავო შთამომავალო, შენ გაშალე ჩვენს თვალწინ შავი ბურუსი და და შენვე მიეცი წმინდა სინათლე ამ სამყაროს».

Categories: პირველი ღმერთები | ტეგები: , | დატოვე კომენტარი

ხრონოსი

   ხრონოსი (ბერძნ. Χρόνος) არის დროის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ორფიკულ თეოგონიაში იგი წარმოადგენს ეთერის, ქაოსისა და ერებოსის წარმომშობს. ხრონოსი ნახსენებია ბერძენი საზოგადო მოღვაწის მესეუსის მიმართ მიძღვნილ ორფიკულ ჰიმნშიც. ფერეკიდეს ხრონოსი ანანკესთან ერთად სამი საწყისის: ცეცხლის, წყლისა და პნევმას (სულის) გამჩენად ესახებოდა. იგი იყო წელიწადის დროების ქალღმერთების ორების მამა. მისი კულტის ნიშნები ანტიკურ სამყაროში არ შეიმჩნევა.

Categories: პერსონიფიცირებული მცნებები, პირველი ღმერთები | ტეგები: , , , , | დატოვე კომენტარი

ანანკე

   ანანკე (ბერძნ. Ἀνάγκη) იყო გარდაუვალი ბედისწერის წალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ორფიკულ კოსმოგონიაში იგი გველად გამოისახებოდა და კრონოსთან ერთად მიიჩნეოდა სამყაროს საწყისად. გამოსახულებებში ორივე ერთად გარს შემოხვეოდნენ „პირველად კვერცხს“ , რომელიც მყარ ნივთიერებას განასახიერებდა და ერთად წარმოშვეს მთელი სამყარო. ანანკე ასოცირდებოდა ჰომეროსის მოირებთან და ტეკმორთან ალკმანის კოსმოგონიიდან ( ქრ. შ. VII საუკუნე). ანანკეს ბედისწერის შეცვლა თავად ღმერთებსაც არ სძალულდათ. ძველი ბერძენი პოეტი და გეოგრაფი პაუზანიასი გვაწვდის ცნობებს რომ საბერძნეთის ქალაქ კორინთოში იყო ანანკეს და ბიას (ძალადობის განმასახიერებელი ქალღმერთი) ტაძარი სადაც ორივეს ერთად სცემდნენ თაყვანს. რომაულ მითოლოგიაში ანანკეს ერქვა ნესესიტასი. მისი სახელი უწოდეს იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრს.

Categories: პერსონიფიცირებული მცნებები | 7 Comments

ურანოსი

   ურანოსი (ბერძნ. Οὐρανός) რომაულად კაულუსი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ცის ღმერთია. იგი გეას შვილი და ქმარია. გეამ იგი ეროსის მეშვეობით გააჩინა. ურანოსთან ერთად სამყაროში პირველი მამრობითი ელემენტი შემოვიდა. ორივენი უძველეს ღმერთებს განეკუთვნებიან. თავად ურანოსი კი სამყაროს პირველი გამგებელი იყო. მან გეასთან ერთად შვა: მთები, ზღვები, ტიტანები, ციკლოპები, ნიმფები და ასხელიანები. ურანოსის თავისი შვილებისადმი სიძულვილით გამოირჩევოდა და გეას ძლიერ ტკივილს აყენებდა. დედამისის ტანჯვის შესამსუბუქებლად კრონოსმა მამამის ურანოსს ნამგლით ფალოსი მოჰკვეთა. დაღვრილი სისხლი და სპერმა იმდენად ნაყოფიერი იყო რომ მისგან გაჩნდნენ ერინეები და აფროდიტე. ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა ურჩხულთა ახალი თაობის წარმოშობა და ტახტი კრონოსს დარჩა. მას მიეძღვნა IV ორფიკული ჰიმნი და მის საპატივსაცემოდ პლანეტას ეწოდა ურანი.

შვილები

გეასთან

ტიტანები:

ოკეანოსი

თეტისი

კოოსი

ფებე

ჰიპერიონი

თეია

იაფეტი

თემიდა

კრიოსი

მნემოზინა

კრონოსი

რეა

ციკლოპები:

ბრონტესი

სტეროპესი

არგესი

ასხელიანები:

ბრიარეოსი

კოტოსი

გიესი

მარტო

ერინეები:

ალექტო

მეგაირა

ტიზიფონე

გიგანტები:

ალკიონევსი

ათოსი

კლიტიოსი

ენკელადოსი

პორფირიონი

ეჩიონი

თეოდამასი

აფროდიტე

მელიადები

Categories: პერსონიფიცირებული მცნებები, პირველი ღმერთები | 4 Comments

ეთერი

   ეთერი  (ბერძნ. Αἰθήρ) – მთის ჰაერი ბერძნულ მითოლოგიაში არის ატმოსფეროს ზედა ფენა, სადაც ღმერთების სამყოფელია.  იგი ორფიკულ ჰიმნებში მოხსენიებულია როგორც სამყაროს სული და ყოველი ცოცხალის უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო ელემენტი. არქაულ ხანაში (ძვ. წ. VII – VII სს) მიიჩნეოდა, რომ გარდაცვლილი ადამიანის სული ეთერში ადიოდა, ხოლო სხეული გეას მიებარებოდა. ჰესიოდეს „თეოგენიის“ თანახმად იგი არის ერებოსის და ნიქტას შვილი და ჰემერას ძმა. ელინურ კულტში ეთერს ჰქონდა სიწმინდეები, თუმცა მისთვს ტაძრები არ აუშენებიათ. ეთერი ცნობილი იყო, როგორც „ზევსის დამცავი კედელი“, რომელიც ტარტაროსს კოსმოსისგან შემოზღუდავდა. ეთერი იყო ერთ-ერთი „სამი აირიდან“ , ხოლო დანარჩენი ორი იყო ქაოსი, რომელიც მოკვდავთა სამეფოში სუფევდა და ტარტაროსის ერებოსი. ბერძენი პოეტი ალკმენე ეთერს ურანოსის შვილად ასახელებდა. მას ასევე „აკმონად“ მოიხსენიებენ.

Categories: პირველი ღმერთები | დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.