Posts Tagged With: მცველი

ცერბერი

   ცერბერი (კერბერი ან კერბეროსი), (ბერძნ. Κέρβερος) – ტიფონისა და ექიდნეს ვაჟი. მიწისქცეშა სამყაროს (ჰადესის) კარების მცველი საშინელი ურჩხულია. მას ჰქონდა სამი თავი, მის კისერზე გველები იკლაკნებოდნენ და კუდი ლაშდაღრენილი გველეშაპის თავით უმთავრდებოდა. კერბერი ჰადესში ყველას უშვებდა, იქიდან კი — არავის. მხოლოდ ერთადერთმა — ორფეოსმა შეძლო ჯადოსნური სიმღერით დაეძინებინა კერბერი და გამოპარულიყო მიწისქვეშეთიდან.

33მიკენეს მეფემ — ევრისთევსმა დაავალა ჰერაკლეს ჰადესიდან კერბერის ამოყვანა. დიდი ხნის სიარულისა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ ჰერაკლე მივიდა მიწისქვეშეთის მეფე ჰადესთან და კერბეროსის გატანება მოსთხოვა. ჰადესს გაუკვირდა ჰერაკლეს ნახვა და სათხოვარი, დაეთანხმა, მაგრამ იმ პირობით, თუკი გმირი კერბერს ცარიელი ხელით დაიმორჩილებდა. რკინისავით მაგარი ხელები შემოაჭდო ჰერაკლემ ურჩხულს და მოსთხოვა გაჰყოლოდა, მაგრამ კერბეროსი არ ნებდებოდა. დიდხანს აწამა ურჩხული ჰერაკლემ და ბოლოს ჰერმესის და ათენას შემწეობით ნახევრად მკვდარი აიტაცა და წამოიყვანა. მეტისმეტად შეაშინა უკუნეთის მკვიდრი დღის სინათლემ, იგი მთლიანად ცივმა ოფლმა დაფარა, აცახცახდა და დაღრენილი ლაშებიდან მომწამლავი დუჟი სდიოდა, დუჟისგან შხამიანი ბალახები (აკონიტები) იზრდებოდნენ. ჰერაკლემ კერბერი მიკენში მიიყვანა და ევრისთევსს მიჰგვარა, მაგრამ მეფე დანახვისთანავე შიშმა შეიპყრო და შეევედრა გმირს, კვლავ ჰადესში წაეყვანა ეს საშიშროება. ჰერაკლემ შეისმინა და კვლავ თავის სამფლობელოში დააბრუნა კერბეროსი. გადატანითი მნიშვნელობით კერბერს უწოდებენ ავ, მრისხანე დარაჯს. იგივე ლათინურად ცერბერი. მისი და-ძმა იყვნენ: ქიმერა, ჰიდრა, ნემეის ლომი, ორთოსი და სფინქსი.

Categories: ხთონური ქმნილებები | ტეგები: , , , , , | დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.