პელოპი

На греческих вазах Пелопс изображался едущим на колеснице с Гипподамией (Метрополитен-музей)   ღმერთების მამამთავრის ზევსის შვილიშვილი, ლიდიის მეფის ტანტალოსისა და ტიტანი ატლანტის ასულის დედოფალ დიონას ვაჟიშვილი პელოპი ღმერთების პატივისცემითა და კეთილმსახურებით და თავისი ყოველდღიური სამართლიანობით დიდად სახელგანთქმული იყო მთელ სახელმწიფოში.
სახელმწიფოს მკვიდრნი ყველანი დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ თავის საყვარელ მეფეს და სრულ იმედს გამოთქვამდნენ, რომ ყველგან და მარადის გულკეთილი, ყველას შემბრალე და გამკითხავი მეფე მკვიდრთ უნუგეშოდ არ დატოვებდა და მათი მომავალი ცხოვრების გასაუმჯობესებლად შრომასა და ენერგიას არ დაზოგავდა. ყოვლად შემძლებელი ღმერთებიც დიდად აფასებდნენ პელოპის უაღრესად კეთილშობილურ მისწრაფებებს და ყოველ კერძო შემთხვევაში დახმარებას არ აკლებდნენ. სწორედ იმ დროს, როცა ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა ტანტალოსი ჩადენილი დანაშაულის მოსახდელად საიქიოს სამეფოში გაგზავნეს, პელოპს მახლობელ სახელმწიფოს ტროადის მეფე ილისთან მოუხდა შეტაკება. ამ ბრძოლაში ძლეული პელოპი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა თავისი სახელმწიფო და საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში ხანგრძლივ მოგზაურობას შესდგომოდა. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს პელოპმა შეირთო ელიდის მეფის ენომაოსის ასული, სილამაზით მთელ სახელმწიფოში სახელგანთქმული, მშვენიერი ჰიპოდამია. მაგრამ იმ დროსა და პირობებში ჰიპოდამიას ცოლად შერთვა მეტად სამძიმო საქმე იყო, რომლის შესრულებაც პელოპის გარდა ვერც ერთმა საბერძნეთის წარჩინებულმა გმირმა ვერ შეძლო. მეფე ენომაოსს ორაკულმა ოდესღაც უწინასწარმეტყველა: როგორც კი შენს ასულს ჰიპოდამიას გაათხოვებ, დაუყოვნებლივ მოკვდებიო. მეფე მეტად შეაშინა ორაკულის ამ წინასწარმეტყველებამ და ყოველი საშუალებით ცდილობდა მომავალი სასიძოები ჩამოეშორებინა და ჰიპოდამია არ გაეთხოვებინა. მეფე ენომაოსი ასეთ პირობას უდებდა მომავალ სასიძოებს: მეფე თავის ქალიშვილს მხოლოდ იმას მიათხოვებდა, ვინც ეტლებით შეჯიბრებაში მეფეს სძლევდა. თუ სასიძო ამას ვერ შეძლებდა, მეფის ბრძანებით იგი სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა.
333შეჯიბრებაში მონაწილე სასიძოები ოთხცხენიანი ეტლით უნდა გამოსულიყვნენ დანიშნულ ადგილას. როგორც კი მსხვერპლის შეწირვას მორჩებოდა, მეფე მეეტლე მირტილის თანხლებით ოთხცხენიანი ეტლით უნდა გამოსულიყო შეჯიბრებისათვის დანიშნულ მოედანზე და გამოსდევნებოდა სასიძოს ეტლს. თუ მეფე ენომაოსი გზაში დაეწეოდა სასიძოს ეტლს, მეეტლე მირტილს სრული უფლება ჰქონდა თავისი ისრით გაეგმირა სასიძო. მრავალი წარჩინებული გმირი ცდილობდა შეჯიბრებაში გამარჯვებას და მშვენიერი ჰიპოდამიას შერთვას. სასიძოები დიდის სიამოვნებით თანხმდებოდნენ მოხუცი მეფის მიერ წამოყენებულ პირობებზე იმ იმედით, რომ შეჯიბრებაში გაიმარჯვებდნენ. სასიძოები განუწყვეტლივ მოდიოდნენ ელიდაში და მეფე ენომაოსს შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ნებართვას სთხოვდნენ. მეფე დიდის თავაზიანობით ეგებებოდა თითოეულ მათგანს და სიამოვნებით უთმობდა ეტლისა და ცხენების მთელ მორთულობას. სასიძო ამაყად თავმომწონედ ჯდებოდა საუცხოოდ გამართულ ეტლში და დანიშნული ადგილისაკენ ცხენებს ელვის სისწრაფით მიაქროლებდა. მეფე ენომაოსი ჯერ ღმერთებს შესწირავდა მსხვერპლს და შემდეგ ეტლში შებმული თავისი ფეხმალი ცხენებით დაედევნებოდა შეჯიბრებაში მონაწილე სასიძოს. შეჯიბრება ყოველთვის მეფე ენომაოსის გამარჯვებით მთავრდებოდა. მეეტლე მირტილი ხელში მაგრად იმარჯვებდა ბასრ ისარს და, დადებული პირობის მიხედვით, თავმომწონე სასიძოს სიცოცხლეს ასალმებდა. ამრიგად მირტილმა ელიდის მრავალ წარჩინებულ გმირს მოუსპო სიცოცხლე. მეფე ენომაოსი ყოველთვის დიდის აღტაცებით ეგებებოდა თავის ასეთ გამარჯვებას, რადგანაც მოხუც მეფეს ერთი წუთითაც არ ავიწყდებოდა ორაკულის საბედისწერო წინასწარმეტყველება. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ პელოპი ელიდაში მივიდა და, როგორც კი მშვენიერ ჰიპოდამიას მოჰკრა თვალი, გადაწყვიტა მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება და გამარჯვების შემდეგ მშვენიერი ჰიპოდამიას შერთვა. პელოპმა, სანამ იგი შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებდა, თავის მფარველ ღმერთს პოსეიდონს ასეთი სიტყვებით მიმართა: „ყოვლად შემძლებელო, ზღვათა და ოკეანეთა მბრძანებელო, დიდო პოსეიდონ
ღმერთო! თუ ჩემი მსხვერპლი შენ ოდესმე შეგიწირავს და ჩემთვის შენი ღვთაებრივი მოწყალება მოგიღია, გთხოვ, მხურვალედ გევედრები მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში გამარჯვება მარგუნო და მეეტლე მირტილის საბედისწერო ისარი ამაშორო! ყოვლად მოწყალე დიდებულო პოსეოდონ, ქალღმერთს აფროდიტეს გაფიცებ, დამითმე შენი ღვთაებრივი სწრაფი ეტლი და შეჯიბრებაში გამარჯვება მარგუნე!“ პოსეიდონმა შეისმინა პელოპის მხურვალე ვედრება. თვალუწვდენელ ზღვის სივრცეზე აბობოქრდნენ ტალღები. ზღვის ნაპირას უკვე ისმოდა ცხენების ფეხთა ხმაური და ჭიხვინი. უეცრივ ზღვის ნაპირს მოადგა ოქროს ეტლი, რომელშიაც შებმული იყო ოთხი ფეხმალი, ფაფარაყრილი ცხენი. გახარებული პელოპი მარდად ჩაჯდა ეტლში და ელვის სისწრაფით გაქროლა შეჯიბრების ადგილისაკენ. მეფე ენომაოსი პოსეიდონის ოქროს ეტლის დანახვაზე ერთიანად შეშფოთდა და მეტის შიშისაგან თავზარი დაეცა. მართალია, ენომაოსმა პოსეიდონის ეტლის ძლევამოსილება იცოდა, მაგრამ სასიძოებთან დადებული პირობების ჩაშლა და უარყოფა მიუღებლად მიიჩნია. მოხუცმა მეფემ თანხმობა გამოუცხადა ძლევამოსილ გმირს პელოპს შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებაზე. მცირედი დახანების შემდეგ პელოპი თავმომწონედ ჩაჯდა ოქროს ეტლში და შეჯიბრების ადგილისაკენ გაქროლდა. დაიწყო საბედისწერო შეჯიბრება. პელოპის ეტლი ჩიტივით მიფრინავდა გაშლილ მოედანზე და ის იყო კიდევაც გამარჯვებით უნდა მიეღწია დანიშნულ ადგილას. მაგრამ პელოპს უეცრივ შემოესმა უკნიდან ეტლის ხმაური. შეშინებულმა პელოპმა უკან მოიხედა და გარკვევით შეამჩნია, რომ მეეტლე მირტილი ხელში ბასრ ისარს იმარჯვებდა და ის იყო უნდა ეტყორცნა. მაგარამ პელოპის სასიხარულოდ მირტილმა პოსეიდონ ღმერთის განკარგულებით მეფე ენომაოსის ეტლი ქვას დააჯახა, და ეტლი სულ ერთიანად ნაკუწ–ნაკუწად იქცა. მეფე ენომაოსი ჩამოვარდა და საბრალომ მყისვე განუტევა სული. სწორედ ამ დროს მეხმა საშინლად იგრიალა და მეფე ენომაოსის სასახლეში ცეცხლის ალი დაატრიალა.

333შეჯიბრებაში გამარჯვებული პელოპი ელვის სისწრაფით გაექანა მეფის სასახლისაკენ და თავისი საყვარელი ჰიპოდამია უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა. ძლევამოსილმა პელოპმა სულ მოკლე ხანში შეირთო მშვენიერი ჰიპოდამია და ბრწყინვალე ქორწილი გააჩაღა, რომელზედაც მოწვეული ჰყავდა მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი. მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში გამარჯვებამ პელოპს დიდი სახელი მოუხვეჭა. ელიდის მოსახლეობამ ძლევამოსილი გმირი მეფედ აირჩია და მის სახელს ყველგან და მარადის დიდის პატივისცემით და სიყვარულით იხსენიებდა. ხალხის ასეთი ნდობითა და სიყვარულით გამხნევებული მეფე დღედაღამ განუწყვეტლივ შრომობდა, რომ სახელმწიფოს მკვიდრთა კულტურული და ეკონომიური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა და სათანადო სიმაღლეზე დაეყენებინა. პელოპმა თავის სახელმწიფოს შემოუერთა ოლიმპია, საცა მოიწყო ეგრეთწოდებული „ოლომპიის გასართობები“, რომელთა გარშემო იკრიბებოდნენ ძველი ელადის სხვადასხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მკვიდრნი და ერთი–მეორეს მტკიცედ უკავშირდებოდნენ. მეეტლე მირტალს, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია პელოპს შეჯიბრების დროს, მეფემ თავისი სახელმწიფოს ნახევრის დათმობა აღუთქვა საჩუქრად. მაგრამ, სამწუხაროდ, მეფემ ეს დაპირება არ შეასრულა, რის გამო მირტალმა პელოპი და მთელი მისი შთამომავლობა სამუდამოდ დაწყევლა და შეაჩვენა. მირტალის ეს წყევლა–კრულვა მეფე პელოპს მუდამ სდევნიდა და მის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას წარუშლელ ლაქას სდებდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, სახელმწიფოს მკვიდრნი მაინც დიდ ნდობას უცხადებდნენ თავის საყვარელ გმირს და მის დაუვიწყარ სახელს შარავანდის სხივებით მოსავდნენ.

Categories: პიროვნებები, სხვა | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: